აფხაზეთის მოქმედი პრემიერი და ყოფილი პრეზიდენტი - უმდიდრესთა სიაში
აფხაზეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი და ყოფილი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის ყველაზე მდიდარ მცხოვრებთა სიაში მოხვდნენ – ამის შესახებ, აფხაზეთში პოპულარული ტელეგრამარხი „MANDARIN“-ი იუწყება.
ისინი სიაში, შესაბამისად, მეორე და მეექვსე ადგილებს იკავებენ.
„MANDARIN“-ი აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტისა და მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ ანქვაბის ქონებას 220 მილიონ დოლარად აფასებს.
მართალია, ავტორების აზრით, იგი ამ ქონებას თავის საქმიან პარტნიორთან – ბიზნესმენ ლევან ტუჟბასთან იყოფს.
ამ ტანდემს მიაწერენ სრულიად განსხვავებულ ბიზნესებს – აფხაზეთში სასოფლო-სამეურნეო წარმოებიდან დაწყებული, მსოფლიო დედაქალაქებში ფინანსური კომპანიებითა და ბანკებით დასრულებული.
- ასლან ბჟანია აფხაზეთის პრეზიდენტი გახდა, მისი კონკურენტები ერთობლივი მუშობისთვის მზაობას გამოთქვამენ
- მოსაზრება: აფხაზეთის ეკონომოკას ძნელბედობის ჟამი დაუდგა
- სად მიცურავს აფხაზური ქაფშია?
კიდევ ერთი ექსპრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ქონებრივ მდგომარეობას „MANDARIN“-ი 27 მილიონ დოლარად აფასებს.
ეს არის ორი დიდი Duty Free მაღაზიის სავარაუდო ღირებულება, რომელიც მდებარეობს საქართველოს საზღვარზე და ხაჯიმბას ოჯახი საკუთრებაშია.
ალექსანდრ ანქვაბი აფხაზეთის პრეზიდენტის პოსტს 2011-დან 2014 წლამდე იკავებდა და მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ პოსტის ვადაზე ადრე დატოვება მოუწია. ის რაულ ხაჯიმბამ შეცვალა. მაგრამ 2020 წლის დასაწყისში, მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, ისიც იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. 2020 წლის მარტში, აფხაზეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ის პრემიერ-მინისტრად დანიშნა.
„MANDARIN“-ი აფხაზეთის ყველაზე მდიდარ მცხოვრებლად, ბიზნესმენ ბესლან აგრბას ასახელებს.
ის არის რუსული კომპანიების „მისტრალ ტრეიდინგისა“ და „მისტრალ ალკოს“ აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი, დაკავებულია აფხაზური ღვინის რუსეთში გატანით და სხვადასხვა მარცვლეულის წარმოებით.
აგრბას ქონება, დაახლოებით, 250 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
აფხაზეთის ყველაზე მდიდარი მცხოვრებლების რეიტინგში მოხვდა მოქმედი რუსი პოლიტიკოსი – სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ოთარი არშბა, რომელიც ეთნიკური აფხაზია.
„MANDARIN“-მა ის მეოთხე ადგილზე განათავსა და მისი ქონება 65 მილიონ დოლარად შეაფასა.