აფხაზეთი: ახალი ანტირეკორდი და ფესტივალი პანდემიის შუაგულში
აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა დღიური რაოდენობის ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა. 6 ოქტომბერს, 247 გამოკვლეული ადამიანიდან კოვიდ-19 103-ს დაუდასტურდა. ხელისუფლებისგან ბევრი მოქალაქე ახალი მკაცრი შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს. ამავდროულად, აფხაზეთში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალი ტარდება.
სულ, აფხაზეთში, ინფიცირების 1 868 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 655 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 – გარდაიცვალა. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანები, რომლებიც კორონავირუსით ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაიღუპნენ, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკაში არ შედის.
7 ოქტომბერს კი აფხაზეთში ფაზილ ისკანდერის კულტურის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ტრადიციულად, რუსული დრამატული თეატრის მოედანზე, რომელსაც სახელი მწერლის პატივსაცემად ეწოდა. ღონისძიება გაიხსნება ოსი რეჟისორის, ასლან გალაზოვის კინოსურათით, „ჩიკას ბავშვობა“. ეს ფილმი გადაღებულია აფხაზეთში, კლასიკოსის დაბადებიდან 90-ე წლისთავზე.
• აფხაზეთში, კორონავირუსის აფეთქებაა მას შემდეგ, რაც იქ რუსი ტურისტები ჩავიდნენ
• როგორ ცხოვრობს აფხაზეთის ორი სანატორიუმი რუსი სამხედროების წასვლის შემდეგ
აფხაზეთში, პანდემიის გამო, ოქტომბრიდან აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები. გამონაკლისი გაკეთდა კულტურულ ღონისძიებებზე, რომლებმაც უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვან.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, „თავდაპირველად სრულიად სხვა მასშტაბები იგეგმებოდა, თუმცა, აუცილებელი გახდა გადახედვა და არსებულ ვითარებაზე მორგება“. თუმცა, თეატრში, რომლის დარბაზშიც 500-ზე მეტი ადამიანი ეტევა, მაყურებლებს მაინც ელიან.
ამ ფაქტმა სოციალურ ქსელებში, ზოგიერთ მომხმარებელში გაუგებრობა გამოიწვია:
„გაუგებარია, ხან ეპიდემია გვაქვს და უსაფრთხოების ზომების დაცვაა საჭირო, ხან ფესტივალი და მასზე დასწრებაა შესაძლებელი“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
ინფიცირებულთა რიცხვის სწრაფი ზრდა მოსახლეობაში შეშფოთებას იწვევს. ბევრი ადამიანი ხელისუფლებას უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს:
„სწრაფად იზრდება ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა, შემაკავებელი ზომები საკმარისი არ არის, უმჯობესი იქნება, კარანტინი გამოვაცხადოთ! დავკეტოთ სკოლები, საბავშვო ბაღები და სხვადასხვა დაწესებულებები – თუნდაც, ორი კვირით! ექიმებს ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ, ცოტა შევამციროთ ინფიცირების მატება და მოვიგოთ დრო, რათა ვუმკურნალოთ ადამიანებს“.
„არსად, არასოდეს, არც ერთ ქვეყანაში არ არიან დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქეების შეგნებაზე! მაშინ, რა საჭიროა სახელმწიფო, მთავრობა, ძალოვანი ორგანოები… რატომ არ არის ზედამხედველობა, არ ამოწმებს არავინ, როგორ მუშაობს ის ძალიან მსუბუქი, მაგრამ მაინც დაწესებული ზომები?!“.