აფგან მუხთარლი საქართველოს შს მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
აფგან მუხთარლი საქართველოს შს მინისტრის წინააღმდეგ
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ჟურნალისტმა ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დევნილი ჟურნალისტის თქმით, პრემიერმინისტრი ვალდებულია ჩამოაშოროს გომელაური თანამდებობას მანამ, ვიდრე მისი გატაცების საქმის გამოძიება არ დასრულდება. მან ასევე ისაუბრა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გასაჯაროებულ ფაქტებზე და კონკრეტული პირების იდენტიფიცირებას მოითხოვა.
“აზერბაიჯანში პირველივე განცხადებისას ვთქვი, რომ ჩემი გატაცების უკან იდგა ივანიშვილი. მაშინ პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი იყო, გამიტაცა კრიმინალურმა პოლიციამ, გადამცეს ლაგოდეხის საბაჟოსთან. ივანიშვილისა და კვირიკაშვილის ნებართვის გარეშე ეს არ მოხდებოდა. ბრძანება გაიცა უმაღლეს დონეზე,” – თქვა აფგან მუხთარლიმ.
მუხთარლი თავის ადვოკატთან ერთად გენერალურ პროკურატურაში იყო დაბარებული, სადაც მას სოსო გოგაშვილის ჩვენება დაუმალეს. მისივე თქმით, ის აპირებს საქართველოში დარჩეს იქამდე, სანამ მისი საქმე არ გაიხსნება.
“გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე საქმე არ დასრულებულა და გოგაშვილის ჩვენებას ვერ გაგაცნობთო. ეს არის ტყუილი – საქმე ზუსტად იმ ეტაპზე დამხვდა, რა ეტაპზეც დავტოვე. საერთოდ არაფერს აკეთებენ” – განაცხადა მუხთარლიმ ჟურნალისტებთან.
● აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოს “ჩრდილოვანი მმართველის” წინააღმდეგ
● დაუსჯელობა, სასამართლო, მედია და სააკაშვილი. რა წერია სახდეპის ახალ ანგარიშში
● ვინ არის რუსი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს. ვასილ კრესტიანინოვის ისტორია
აფგან მუხთარლის საქმე
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში 2014 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად. ის აზერბაიჯანის ხელისუფლების მისამართით მწვავე კრიტიკითა და მამხილებელი სტატიებით იყო ცნობილი. სამშობლოში მას დევნიდნენ, ამიტომ საქართველოს შეაფარა თავი.
2017 წლის 29 მაისს, დღისით, მზისით, თბილისის ცენტრალური უბნიდან თავზე ტომრის ჩამოცმით მუხთარლი გაიტაცეს. მეორე დღეს, 30 მაისს, ჟურნალისტი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. იქ მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სასამართლომ ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდა.
სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ.
მუხთარლის გატაცებიდან ხუთი წელი გავიდა, მისი საქმე კი საქართველოში გამოძიებული არ არის. საქართველოს პროკურატურა მუხთარლის გატაცების საქმეს 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) ფორმალურად იძიებდა და საბოლოოდ, 2021 წლის 21 აპრილს მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
ასევე, დაზუსტდა საქმის კვალიფიკაციაც – საქმე გადაკვალიფიცირდა და ამჟამად საქმე კონკრეტული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთით მიმდინარეობს.