აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის, რომელიც 2017 წლის მაისში თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
ასევე, დაზუსტდა საქმის კვალიფიკაციაც – თუ აქამდე ძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა, საქმე გადაკვალიფიცირდა და ამჟამად საქმე კონკრეტული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთით წარიმართება.
აფგან მუხტარლი საქართველოში 7 აპრილს დაბრუნდა. მანამდე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 2020 წლის 9 ოქტომბერს აპირებდა გერმანიიდან საქართველოში შემოსვლას, თუმცა ქართულ საკონსულოში მას განუცხადეს, რომ საბუთების წესრიგში არქონის გამო საზღვრის გადაკვეთის უფლებას ვერ მისცემდნენ.
9 აპრილს, აფგან მუხთარლი პროკურატურაში გამოიკითხა, 15 აპრილს კი ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. აფგან მუხთარლიმ თავად აჩვენა გამომძიებლებს თბილისიდან მისი გატაცების ადგილი და ლაგოდეხის მიმართულებით გადაადგილების მარშრუტი.
_________________________________
● აფგან მუხთარლი: მითხრეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩემს გატაცებაში ქრთამი აიღო
● აფგან მუხტარლი: მე ალიევის და ივანიშვილის ბიზნეს-ინტერესების მსხვერპლი ვარ
● აფგან მუხტარლის ოჯახმა საქართველო დატოვა
● აფგან მუხტარლის საქმე – ქართველი ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ
● რა აჩვენა მუხტარლის საქმემ
___________________________________
აფგან მუხთარლის საქმე
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში 2014 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად. ის აზერბაიჯანის ხელისუფლების მისამართით მწვავე კრიტიკითა და მამხილებელი სტატიებით იყო ცნობილი. სამშობლოში მას დევნიდნენ, ამიტომ საქართველოს შეაფარა თავი.
2017 წლის 29 მაისს, დღისით, მზისით, თბილისის ცენტრალური უბნიდან თავზე ტომრის ჩამოცმით მუხტარლი გაიტაცეს.
მეორე დღეს, 30 მაისს, მუხტარლი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. იქ მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სასამართლომ ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდა.
სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ.
მუხტარლის გატაცებიდან ოთხი წელი გავიდა, მისი საქმე კი საქართველოში გამოძიებული არ არის. საქართველოს პროკურატურა მუხთარლის გატაცების საქმეს 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) ფორმალურად დღემდე იძიებდა.