აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგში უჩივის
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ქართულ სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ მან ფეისბუკზე დაწერა.
მუხტარლი ამბობს, რომ 2017 წელს საქართველოდან მისი გატაცება, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაყვანა და იქ დაპატიმრება ქართული სპეცსამსახურების დახმარებით მოხდა.
როგორც მუხტარლი ფეისბუკზე წერს, სტრასბურგში ის ასაჩივრებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რათა ჟურნალისტის ქვეყანაში შემოსვლას შეუშალონ ხელი.
მუხტარლის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ხელს უშლის მის საქართველოში დაბრუნებას, რათა არ მოხდეს გატაცების საქმის დამოუკიდებელი გამოძიება. ეს კი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აზრით, ადასტურებს იმას რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება თავად იყო მის გატაცებაში მონაწილე მხარე.
● აფგან მუხთარლი: მითხრეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩემს გატაცებაში ქრთამი აიღო
● აფგან მუხტარლი: მე ალიევის და ივანიშვილის ბიზნეს-ინტერესების მსხვერპლი ვარ
● აფგან მუხტარლის ოჯახმა საქართველო დატოვა
● აფგან მუხტარლის საქმე – ქართველი ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ
● რა აჩვენა მუხტარლის საქმემ
“ერთი წელია პატიმრობიდან თავისუფალი ვარ და ამ დროს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა ხერხით ცდილობენ საქართველოში ჩემი ჩამოსვლისთვის ხელის შეშლას.
წინა შემთხვევისას პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში ჩემი ჩამოსვლა პოლიტიკური დაპირისპირების ხელშეწყობას უკავშირდებოდა. სრული აბსურდია” – წერს მუხთარლი.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 2020 წლის 9 ოქტომბერს აპირებდა გერმანიიდან საქართველოში შემოსვლას, თუმცა ქართულ საკონსულოში მას განუცხადეს, რომ საბუთების წესრიგში არქონის გამო საზღვრის გადაკვეთის უფლებას ვერ მისცემდნენ.
მუხტარლის განცხადებით, საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზანი ქართველ სამართალდამცავებთან თანამშრომლობა იყო, რათა მისი გატაცების საქმე გამოეძიებინათ.
_____________________________________________________________________________
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში 2014 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად. ის აზერბაიჯანის ხელისუფლების მისამართით მწვავე კრიტიკითა და მამხილებელი სტატიებით იყო ცნობილი. სამშობლოში მას დევნიდნენ, ამიტომ საქართველოს შეაფარა თავი.
2017 წლის 29 მაისს, დღისით, მზისით, თბილისის ცენტრალური უბნიდან თავზე ტომრის ჩამოცმით მუხტარლი გაიტაცეს.
მეორე დღეს, 30 მაისს, მუხტარლი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. იქ მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სასამართლომ ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდა.
სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ.
მუხტარლის გატაცებიდან ოთხი წელი გავიდა, მისი საქმე კი საქართველოში გამოძიებული არ არის. საქართველოს პროკურატურა მუხთარლის გატაცების საქმეს 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) ფორმალურად დღემდე იძიებს.