საქართველოში “გაზპრომ მედია” შემოდის
10 აპრილს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოში თავიანთი პოლიტიკური გავლენის გასაძლიერებლად აქტიურად იყენებენ „ჰიბრიდულ ომს“ და პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს.
ანგარიშის გამოქვეყნებიდან არ გასულა ორი დღე, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სახელმწიფო კომპანიის “გაზპრომ მედიას” შვილობილი კომპანია – “НТВ +” ქართულ სატელევიზიო ბაზარზე შემოსვლას აპირებს.
მანამდე, კი, ანტიქართული პროპაგანდით გამორჩეულ რუსულ სახელმწიფო არხს „რასია 1-ს“ საქართველოს ხელისუფლებამ ტურისტული სარეკლამო რგოლის განთავსებაში მილიონ 100 ათასი დოლარი გადაიხარა.
ეს ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები იმის ნიშანია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს გაცნობიერებული რუსული რბილი ძალის საფრთხე და არ აქვს ამ საფრთხესთან ბრძოლის კონკრეტული გეგმა, ფიქრობენ ქართველი ექსპერტები.
საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე რუსეთის სახელმწიფო კომპანიის “გაზპრომ მედიას” შვილობილი კომპანია “НТВ +” რომ შემოდის, ამის შესახებ ინფორმაცია “НТВ +”-მა საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. რუსული კომპანია ქართველ მომხმარებელს ორ პაკეტს შესთავაზებს: პირველში 50 სატელიტური არხი იქნება, მათ შორის როგორც რუსული, ისე საერთაშორისო, მეორეში კი – 90-ზე მეტი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში “НТВ +”-ი თავის სახელწოდებაში ლათინურ ასოებს გამოიყენებს და NTV-PLUS-ის სახელით (ბრენდით) დაიწყებს მაუწყებლობას. საქართველოში მისი პარტნიორი შპს “მედია ჯგუფი” იქნება, რომელიც მას ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.
“НТВ +”-ის გენერალური დირექტორი მიხაილ დიომინი (Михаил Дёмин)
არ მალავს, რომ ქართულ ბაზარზე შემოსვლის მიზანი მხოლოდ ბიზნესი არ არის:
„გეოგრაფიული ექსპანსია ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია. საქართველო ნამდვილად პერსპექტიული ბაზარია. საქართველოში მაუწყებლობის დაწყება ჩვენთვის მხოლოდ ბიზნესი არ არის. ჩვენთვის ეს არის სოციალური მისია,” – ამბობს ის.
მართალია, ქართველი ექსპერტები ფიქრობენ, რომ “НТВ +”-ი ქართულ ტელებაზარზე ფეხს ვერ მოიკიდებს (აბონენტთა დიდი ნაწილი საკაბელო და ინტერნეტტელევიზიების მოხმარებაზე გადადის, რეგიონებში კი, ბევრს სატელიტური თეფშები აქვს) მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ რუსული მედიაკომპანია საქართველოში შემოდის პოლიტიკურად მიუღებელ ნაბიჯად მიაჩნიათ.
“НТВ +”-ი რუსეთის სახელმწიფოს პროპაგანდისტული მედიასაშუალებაა და მისი გააქტიურება იმ ფონზე, როცა რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს, ძალიან სახიფათოა. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთის ამ გადაწყვეტილებას ხელი შეუშალოს, “ – ამბობს ოპოზიციური პარტიის “ევროპული საქართველოს” წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მედიაპროექტის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე მიიჩნევს, რომ “НТВ +”-ი საქართველოში არა ბიზნესის საკეთებლად, არამედ რუსული მესიჯების გასავრცელებლად შემოდის:
“მედიაორგანიზაცია უნდა იყოს ბიზნესზე ორიენტირებული, ფინანსურად დამოუკიდებელი და კანონს და ეთიკურ სტანდარტებს ემორჩილებოდეს. “НТВ +”-ის უკან კი სახელმწიფო დგას და არაერთი საერთაშორისო კვლევით არის დამტკიცებული, რომ ის “ჰიბრიდული ომის” ერთ-ერთი ინსტრუმენტია,” – ამბობს ანდღულაძე.
ის არ იზიარებს საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ აზრს, რომ საქართველოში რუსული არხები საერთოდ უნდა აიკრძალოს, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან უფრო ფრთხილი პოლიტიკის მომხრეა.
“რუსულ პროპაგანდას რუსული წესებით არ უნდა ვებრძოლოთ.ეს ძალიან სახიფათო იქნება პლურალიზმისა და დემოკრატიისთვის და კონტრპროდუქტიულიც. თუ ვინმეს რუსული გადაცემების ნახვა უნდა, მაინც ნახავს. თანამედროვე ტექნოლოგია ამის საშუალებას იძლევა.”
ანდღულაძე მიიჩნევს, რომ რუსულ “ჰიბრიდულ ომს” ხელისუფლებამ კარგად გააზრებული და დაგეგმილი საინფორმაციო უსაფრთხოების სტრატეგია უნდა დაუპირისპიროს: გაზარდოს მედიაწიგნიერება და დასავლური ღირებულებებისა და ანტირუსული პროპაგანდის თაობაზე საზოგადოებას მკაფიო მესიჯები მიაწოდოს. რუსული არხების მაუწყებლობის შეჩერება კი, მისი აზრით, იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ რუსული არხები ომის პროპაგანდას გაავრცელებენ:
“ასეთი მაგალითიც არსებობს – რუსეთ-უკრაინის ომის დროს, ომის პროპაგანდის გამო ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსულ არხებს მაუწყებლობა რამდენიმე თვით შეუჩერეს,” – ამბობს ანდღულაძე.
საქართველში რუსული არხების ყურება მსურველებს დღესაც შეუძლიათ. და ისინი საკაბელო თუ სატელიტური მაუწყებლების მეშვეობით დღესაც ხელმისაწვდომია.
საქართველოს ბაზარზე “НТВ-+”-ს შემოსვლის თაობაზე ატეხილი აჟიოტაჟის გამო განცხადებას ავრცელებს რუსული კომპანიის ქართველი პარტნიორი შპს “მედია ჯგუფიც”. მედია ჯგუფს მიაჩნია, რომ “НТВ +”-ის მაუწყებლობის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა მიუღებელია.
შპს “მედია ჯგუფის” გენერალური დირექტორი, დავით ნაკაშიძე აცხადებს, რომ “НТВ-+” ძალიან ცნობილი ბრენდი და ხარისხიანი სატელევიზიო პროდუქტია.
“ დღეს რუსულ არხებსა და ლეგალურ რუსულენოვან კონტენტზე საქართველოში მოთხოვნა არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ “НТВ +”-ის შემოთავაზება “საქართველოში მცხოვრები აბონენტებისთვის საინტერესო იქნება,” – ამბობს ის.
რუსული პროპაგანდისტული არხის საქართველოში შემოსვლის შეჩერების მიზნით, სამოქალაქო აქტივისტებმა ვებგვერდზე www.manifest.ge უკვე დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება.
“ქართულ ოცნებაში” ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ და ოპონენტებს ურჩევენ ნაადრევი დასკვნების გაკეთებისგან თავი შეიკავონ და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას დაელოდონ. სწორედ მარეგულირებელმა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს რა პირობებით შემოვა ქვეყანაში რუსული მედიაკომპანია.
რუსული რბილი ძალა სუს-ის ანგარიშში
10 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა და აღიარა, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები საქართველოში თავიანთი პოლიტიკური გავლენის გასაძლიერებლად აქტიურად იყენებენ „ჰიბრიდულ ომს“ და პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითადი ამოცანებია ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა; საზოგადოებაში უნდობლობის, გაურკვევლობის, უიმედობისა და ნიჰილიზმის გაჩენა და ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნა, ქვეყანაში დეზინტეგრაციის პროცესების განვითარებისა და ქართული საზოგადოების პოლარიზების მიზნით. თავიანთი მიზნების განსახორციელებლად კი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები, აქტიურად იყენებენ „ჰიბრიდულ ომს“ და ცდილობენ გააძლიერონ და გააფართოონ პოლიტიკური გავლენის ინფრასტრუქტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ იდენტიფიცირებულები არიან ის პირებიც, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის იდეის პროპაგანდას ეწევიან, თუმცა, ეს პირები საჯაროდ არ დაუსახელებიათ.