"გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" - ახალი სამოქალაქო ინიციატივა
ახალი სამოქალაქო ინიციატივა
თბილისში ახალი სამოქალაქო ინიციატივის – “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” – პრეზენტაცია გაიმართა. ინიციატივაში გაერთიანებული არიან მედიის, არასამთავრობო სექტორისა და კულტურის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმას.
ღონისძიებაზე მანიფესტი მწერალმა ლაშა ბუღაძემ წაიკითხა.
“რამდენიმე კვირაში გადაწყდება, როგორი იქნება ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი. დღეს დადგა დრო, როდესაც ჩვენ, ამ ქვეყნის ყველა ცოცხალმა თაობამ, როგორი იმედგაცრუებულები და დაღლილებიც არ უნდა ვიყოთ, უნდა გადავწყვიტოთ – გვინდა თუ არა საქართველომ, მისმა ხალხმა, უძველესმა კულტურამ და დაუღალავმა სწრაფვამ განვითარებისკენ ახალი მუხტი შეიძინოს და ჩვენი, როგორც სახელმწიფოს და ერის გზა გაგრძელდეს”, – წერია მანიფესტში.
მანიფესტის ხელმომწერების თქმით:
- დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, რადგან: საქართველო თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანაა – არ არსებობს არჩევანი “სახელმწიფოსა და სამშობლოს”, “თავისუფლებასა და უსაფრთხოებას” შორის. სამშობლო – თავისუფალი სახელმწიფოა; უსაფრთხოება – თავისუფლების დაცვა.
- დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, რადგან: საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი – არავის, ქონების, წოდებისა და დიდების მიუხედავად, არ უნდა ჰქონდეს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.
- დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: ხელისუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით იცვლებოდეს – ხელისუფლების გადაცემა ბუნებრივი მოვლენა იყოს და არა იშვიათი გამონაკლისი.
- დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის რომ: კანონი უზენაესი და ადამიანის უფლებები აღიარებული და დაცული იყოს – არა მმართველის ნება, არამედ კანონია უზენაესი და მის წინაშე ყველა თანასწორია. არავინ დგას კანონზე მაღლა.
- დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: მოქალაქე სამართალს დამოუკიდებელ და კვალიფიციურ სასამართლოში პოულობდეს – სადაც კანონის მიმართ ყველა თანასწორია და განაჩენს ვერავინ უკვეთავს ან ყიდულობს.
- დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელი და დაცული იყოს – არავინ იდევნებოდეს აზრის გამოთქმისთვის და ცენზურა ან მედიაზე ზეწოლა კანონით ისჯებოდეს.
- დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: სიღატაკე აღარ არსებობდეს – არავინ იყოს ქუჩაში უსახლკაროდ და მშიერი, პენსიონერებს ღირსეული სიბერე ჰქონდეთ გარანტირებული.
- დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: სახელმწიფო ებრძოდეს და ამარცხებდეს კორუფციას – მმართველების ხელდასმული მოხელეები არ ძარცვავდნენ სახელმწიფოს, ხაზინის ქურდები – ისჯებოდნენ.
- დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და ბუნება იყოს დაცული – ეროვნულ საგანძურს და ბუნებრივ რესურსებს უფრთხილდებოდნენ და ხელისუფალნი უკანონოდ არ ასხვისებდნენ.
“მომავალი თაობები სწორედ იმით განგვსჯიან – თუ რა გავაკეთეთ – თუ რა გააკეთე შენ – როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა. დავდგეთ ერთად და გადავდგათ ნაბიჯი ევროპისაკენ!” – ნათქვამია მანიფესტში.
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ელოდებიან. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი სამივე ქვეყანამ ერთდროულად შეიტანა. ეს პროცესი უკრაინის ომმა დააჩქარა.
ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ევროკავშირისგან თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო. კითხვარები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამაც და მათ ის უკვე შეავსეს კიდეც.
მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ამბობს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას.