პოლონელი დეპუტატი სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს
პოლონელი დეპუტატი სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს
პოლონელი დეპუტატი, პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მისცენ ნებართვა მიხეილ სააკაშვილის მონახულებისა და პოლონეთში სამედიცინო დაწესებულებაში გადმოყვანის, სადაც ყოფილ პრეზიდენტს შესაბამის მკურნალობას გაუწევენ.
დეპუტატის თქმით, მას სააკაშვილის მონახულების სურვილი არაერთხელ ჰქონდა, თუმცა მმართველი პარტია ამის უფლებას არ აძლევს. შესაბამისად, მას ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რის გამო ეუბნებოდნენ ციხეში ვიზიტზე უარს.
“აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მ. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა შეფასებებიდან ირკვევა, რომ ის ებრძვის მრავალ სერიოზულ დაავადებასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მ.სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემფასებლები აღნიშნავენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის საქმე არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ ჰუმანიტარულ ხასიათსაც იძენს.” – წერს გოშევსკა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით “თავხედურად იტყუება” და უფრო მეტიც, სააკაშვილს მკურნალობაში ხელს უშლის, რაც მიუთითებს ადამიანთა უფლებების ფუნდამენტურ დარღვევაზე. გოშესვკას თქმით, საქართველოს ხელისუფლება ატყუებს საერთაშორისო საზოგადოებას და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, რადგან აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის მკურნალობას გადის, მისი სამყოფელი კი სანატორიუმს ჰგავს:
“მოვუწოდებ ქართველებს, საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს – აღარ გვაქვს ბევრი დრო! თითოეულ წამს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს! მოგვეცით საშუალება შევაფასოთ მ. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საერთაშორისო კონსილიუმის მეშვეობით და ასევე, შესაძლებლობა მისი პოლონეთში სამკურნალოდ გადმოყვანის. მ. სააკაშვილი აცხადებს, რომ დაბრუნდება საქართველოში გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის გავლის შემდეგ, რათა მოიხადოს მასზე დაკისრებული სასჯელი. ძალიან გთხოვთ არ დაუშვათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი.”
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის შეფასებით, საქართველოს პატიმარი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ოჯახი, მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სერიოზულად მიუდგეს.
უკვე შვიდი თვეა, მიხეილ სააკაშვილი, დაპატიმრებულია. ექსპრეზიდენტი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ის 2021 წლის 1 ოქტომბერს, ფარულად დაბრუნდა საქართველოში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ამიტომ, ამ ხნის განმავლობაში, პროტესტის ნიშნად ორჯერ შიმშილობდა. მათ შორის, პირველ შემთხვევაში შიმშილობა 51 დღე გაგრძელდა.
მაშინ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ მკურნალობა დასჭირდა. იგი სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
არსებობდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაც. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილის შეწყვეტისკენ მოუწოდა, სახელმწიფოს კი დაავალა, უზრუნველეყო პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა.