საქართველოს პრემიერი: ზამთრის ოლიმპიადის საქართველოში ჩატარება რეალისტურია
საქართველოს სურს 2030 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა გახდეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეს ამბიციური სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე და მინისტრებს მოუწოდა “მაქსიმალურად რეალისტურად შეხედონ ამ ყველაფერს”
“ეს არის ძალიან კონკრეტული, ამბიციური გეგმა, მაგრამ ჩვენ თუ არ ავწიეთ ეს თამასა, ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მოკლე პერიოდში სწრაფ განვითარებას… მარტო იმის გამოცხადება, რომ საქართველოში ოლიმპიადა შესაძლოა ჩატარდეს, არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეს აბსოლუტურად რეალისტურია”, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების უფლების მოპოვება, საქართველოს სტრატეგიულ ამოცანად უნდა იქცეს:
“ეს არის უამრავი ადამიანის დასაქმება, ეს არის ტურიზმი და თითოეული ახალი ტურისტი არის დამატებითი შემოსავალი საქართველოს ოჯახებში; ეს არის ტურიზმთან მომიჯნავე დარგების განვითარება, როგორიცაა ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, სამომხმარებლო მიმართულება, კომუნიკაციები და ა.შ. ჩვენ უზარმაზარი ჯაჭვური რეაქციისა და ენერგიის მქონე საკითხს ვიწყებთ, რომელიც აუცილებლად მთელ ქვეყანაზე გავრცელდება“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
საქართველოს ამ თამამი სურვილის შესახებ უკვე იციან საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში (IOC). იანვრის ბოლოს კვირიკაშვილი ლოზანაში, ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში IOC-ის პრეზიდენტს თომას ბახს შეხვდა და ამ საქმეში მხარდაჭერა სთხოვა.
ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი თბილისში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დელეგაციას, რომელმაც საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალი უნდა შეისწავლოს, თბილისში უკვე მარტის დასაწყისში ელოდებიან.
• ოლიმპიადის გარდა, საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ 2023 წელს ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატსაც (FIS Freestyle World Sky Championships) უმასპინძლებს. ბაკურიანის კანდიდატურა ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად, საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ 2017 წლის 1 მაისს წარადგინა. ბორჯომის მთავარი კონკურენტი ამ მიმართულებით ფინური სამთო კურორტი რუკაა (Ruka, Kuusamo), რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის გამოცდილება უკვე აქვს.
• საქართველომ ერთხელ უკვე შეიტანა განაცხადი ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე. საუბარი იყო 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ბორჯომში ჩატარებაზე. თუმცა, მაშინ ბორჯომის კანდიდატურამ IOC-ში დიდი მხადრაჭერა ვერ იპოვა და ბრძოლას საწყისს ეტაპზევე გამოეთიშა.
• საქართველოში დღეს ზამთრის ექვსი კურორტი ფუნქციონირებს: გუდაური, რომელიც ზღვის დონიდან 2196 მეტრზე ყაზბეგის რაიონში მდებარეობს, ბაკურიანი (1700მ, ბორჯომის ხეობაში), გოდერძი (2000მ, ხულოში), თეთნულდი (2200მ, მესტიაში), ჰაწვალი (2500მ, მესტიაში) და ბახმარო (2050მ, ჩოხატაურში).