არჩევნები სამხრეთ ოსეთში: კოკოითმა გაასაჩივრა უარი მის რეგისტრაციაზე
არჩევნები სამხრეთ ოსეთში
სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრეზიდენტის (2004-2011), ედუარდ კოკოითის საინიციატივო ჯგუფმა სამხრეთ ოსეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა დადგენილება არჩევნებზე მის რეგისტრაციაზე უარის შესახებ. ამის შესახებ გამოცემა „Кавказский узел“ იტყობინება.
სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს არის დანიშნული. 16 თებერვლიდან ოთხმა პარტიამ დაასახელა თავისი პრეტენდენტი პრეზიდენტის პოსტზე, კიდევ 15 პიროვნება კი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.
18 თებერვალს წარადგინეს კანდიდატად ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, თუმცა, 21 თებერვალს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა დარეგისტრირებაზე. მიზეზი – საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობების ვერ დაკმაყოფილებაა, კერძოდ, ის რამდენიმე წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ, მოსკოვში ცხოვრობდა.
- როგორ არსებობს მცირე ბიზნესი ცხინვალში. ფერმერის ისტორია
- ცხინვალი: პოლტიკური კრიზისი სასაზღვრო პრობლემის გამო
ედუარდ კოკოითი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი 2001-2011 წლებში იყო. 2017 წელს ის კენჭს იყრიდა საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ მაშინაც ვერ გაიარა სამხრეთ ოსეთში ცხოვრების ცენზი და უარი ეთქვა დარეგისტრირებაზე.
ედუარდ კოკოითმა უკვე განაცხადა, რომ ის არც ერთ სხვა კანდიდატს არ დაუჭერს მხარს და დარწმუნებულია, რომ მაინც დაარეგისტრირებენ. „სასამართლოში განცხადება 25 თებერვალს შევიტანეთ, – უთხრა „Кавказский узел“-ის კორესპონდენტს ყოფილი პრეზიდენტის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა. – უზენაესი სასამართლო ვალდებულია ჩვენი სარჩელი სამ სამუშაო დღეში განიხილოს და პასუხი გვითხრას“.
25 თებერვალს, საღამოსკენ, სოციალურ ქსელებში გაჩნდა მოწოდება ედუარდ კოკოითის მომხრეებისადმი, მისულიყვნენ მის მხარდასაჭერ შეკრებაზე.
თუმცა, იმ ტერიტორიაზე, სადაც მიტინგი დაანონსდა ხალხი არ იყო. წვიმიანი ამინდის გამო, კოკოითმა თავისი ყრილობა კაფე „ლიგის“ შენობაში ჩაატარა.
იქ ყოფილმა პრეზიდენტმა ცესკოს წევრებს „არაკომპეტენტურები“ უწოდა.
„ჩემი მხრიდან ასევე შევა სარჩელი შსს-ში ცესკოს ზოგიერთი წევრის წინააღმდეგ, რომლებმაც ჩემი პირადი მონაცემები გაავრცელეს… მთელ ერს ვაჩვენებ, რომ 2017 წელს ჩვენთან ჩუმი და დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა. ვიცი, უწყებების ხელმძღვანელებისგან რა მუქარა მიდის საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე, რომლებიც ჩემს ყრილობებს ესწრებიან. ადამიანებს გაგდებით ემუქრებიან, მათზე ზეწოლას ახდენენ კა-გე-ბეს თანამშრომლები. ჩვენ ვიმუშავებთ, და არავინ იფიქროს, რომ ხელები ჩამოვუშვით“, – განაცხადა ედუარდ კოკოითმა შეკრებაზე.
ყრილობას ესწრებოდნენ სკოლის მასწავლებლები, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები და პენსიონერები.
მიუხედავად იმისა, რომ კოკოითმა განაცხადა, არავის დავუჭერ მხარს ამ არჩევნებზეო და თვითონ შეეცდება დარეგისტრირებას, ბევრი დარწმუნებულია, რომ მან ჯერჯერობით უბრალოდ არ იცის, როგორ განვითარდება წინასაარჩევნო კამპანიის ფინალი, წერს „Кавказский узел“.
გამოცემის კორესპონდენტის შეფასებით, თუკი წინა არჩევნების დროს ამომრჩევლები ადრევე უჭერდნენ მხარს კონკრეტულ კანდიდატს, ახლა საზოგადოებაში დიდი აპათეაა და არჩევანი არ არის ნათელი.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო