“მთავარი არხის“ გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა
ოპოზიციური ტელეკომპანიის, „მთავარი არხი“-ს გაყიდვების სამსახურში ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახური შევიდა.
“მთავარი არხის დამფუძნებელი ამბობს, რომ როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჯერ ტელევიზიაში შესვლა ვერ გაბედა. თუმცა, სარეკლამო კომპანიაში შესვლა, ფაქტობრივად, ტელევიზიაში შესვლას ნიშნავს.
„იქ რომ რამე დააყადაღონ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან შემოსავალი ვერ შემოვა, სულ რომ ყველაფერი გამართული იყოს.. და ერთი წლის თავზე აღმოაჩინონ, რომ უი, არანაირი დარღვევა არ არის . პირდაპირ ვამბობ, რომ არ არის არანაირი დარღვევა. ჩვენ ვიხდით გადასახადებს“, – ამბობს “მთავარი არხის” დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია.
“მთავარი არხი” ხელისუფლებისადმი მკვეთრად კრიტიკული პოლიტიკით გამოირჩევა.
ეს ტელეარხი ერთ-ერთი ორგანიზატორია იმ საპროტესტო აქციებისა, რომელიც რუსთაველის გამზირზე, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით იმართება 5 ივლისის მოვლენების შემდეგ.
- “დღეს ჩვენ მთავარი სამიზნე ვართ”. როგორ აღმოჩნდნენ ჟურნალისტები პოლიტიკური ბრძოლის სათავეში?
- ნადირობა მედიაზე. პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე ოცზე მეტი რეპორტიორი მძიმედ დაშავდა
არხი ხელისუფლებას პროტესტს სხვა ფორმითაც უცხადებს. მაგალითად, 19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლა არხმა პირდაპირ ეთერში არ გადასცა.
“სამ ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს” – ირაკლი კობახიძე
“მთავარი არხის” გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯომარის ირაკლი კობახიძის განცხადება უსწრებდა.
დაახლოებით ორი კვირის წინ, 15 ივლისს, „ქართული ოცნების“ თავმჯომარემ თქვა, რომ მისი ინფორმაციით, სამ ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს.
კობახიძემ ეს ტელევიზიებიც დაასახელა: „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“.
სამივე ტელევიზია ოპოზიციურია. ისინი ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევიან.
„2012 წლიდან მოყოლებული ამ პარტიულ ტელევიზიებში, ანუ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ ტელევიზიებში, ჯამში, ასეულობით მილიონია ინვესტირებული და დახარჯული კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. დღეს ისინი პასუხს სთხოვენ ამ ე.წ. მედია მენეჯერებს. ეს არის შავი ფული“, – განაცხადა კობახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
მანვე, ჟურნალისტის კითხვაზე, სად არის ის უწყება, რომელმაც ეს უნდა გამოიძიოს, თქვა:
„არ ვიცი, ვკითხოთ. მე გეთანხმებით, რომ გამოსაძიებელია“.
“მთავარ არხზე” ფიქრობენ, რომ მიზანი მათი გაჩუმებაა
ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ საგადასახადო სამსახურის შესვლა, ფაქტობრივად, კობახიძის დაანონსებულია:
„გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება. მე ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე ელოდება“.
„მთავარი არხის“ იურისტის თამთა მურადაშვილის თქმით, ეს ქმედება კრიტიკული არხის გაჩუმებას ისახავს მიზნად:
„წინასაარჩევნოდ გაყიდვების სახლში შესვლა ნიშნავს, რომ არხს შეუქმნა პრობლემები, იმიტომ, რომ არხი ფუნქციონირებს ძირითადად ერთი შემოსავლით – რეკლამებით, რომელსაც ყიდის ეს გაყიდვების სახლის კომპანია.
შესაბამისად, მთავარ ფინანსურ წყაროს, ტელევიზიის მთავარ მამოძრავებელ ძარღვში შევიდა ფინანსური პოლიცია, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ პრობლემები შეგვექმნას“.
“ჯემნიუსი” შეეცადა ფინანსთა სამინისტროს საგადასახო სამსახურში გაერკვია, რა მიზნით შევიდა უწყება არხის სარეკლამო სამსახურში.
პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ მომხდარზე ოციფიალური განცხადება მზადდება და ამ ინფორმაციას მალე საჯაროდ გამოაქვეყნებენ.
„მთავარი არხი“ “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა. არხმა მაუწყებლობა დაახლოებით სამი წლის წინ, 2019 წლის 9 სექტემბერს დაიწყო.
სიტუაცია საქართველოს მთავარ ოპოზიციურ არხზე, „რუსთავი 2“-ზე 2019 წლის ზაფხულში შეიცვალა. მას შემდეგ, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილებით არხი ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდა. ხალვაში ამბობს, რომ 2006 წელს, სააკაშვილის ხელისუფლებამ ტელეკომპანია ძალით წაართვა.
- „რუსთავი 2“-ზე საკადრო წმენდა დაიწყო. “კურიერი” ეთერში აღარ გადის
- სტრასბურგის სასამართლოს ახალმა გადაწყვეტილებამ „რუსთავი 2“ შესაძლოა პროსახელისუფლებო გახადოს
გადაწყვეტილებიდან მალევე, ხალვაშმა სამსახურიდან გაათავისუფლა არხის დირექტორი ნიკა გვარამია. მალევე, სამსახურიდან გათავისუფლდნენ: პოლიტიკური და გასართობი ტოქშოუების წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი და პროდიუსერი.
ამ გათავისუფლებებს ჟურნალისტების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, არხი დატოვა “კურიერის” გუნდმა.
სწორედ არხიდან გათავისუფლებულმა და წამოსულმა ჟურნალისტებმა დაარსეს მოგვიანებით, ნიკა გვარამიასთან ერთად, ახალი მაუწყებელი, „მთავარი არხი”.