Telegraph ბრიტანელებს საქართველოში გამგზავრებას სთავაზობს
ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე
ბრიტანული Telegraph აქვეყნებს მასალას, რომელიც ეძღვნება საქართველოს – ქვეყანას, რომელიც, ამ გამოცემის აზრით, საინტერესო ტურისტული მიმართულებაა. სტატია ჩამონათვალის სახით არის შედგენილი. სულ ჩამოთვლილია 10 პუნქტი, რომლებიც Telegraph-ის ვარაუდით, ბრიტანელების უმრავლესობისთვის ცნობილი არ არის.
„აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე მდებარე ეს გაბედული ქვეყანა იმდენ რამეს გვთავაზობს: დათოვლილი მთებიდან ქვიშის სანაპიროებამდე, მთაგორიან ვენახებს, უძველეს ქალაქებსა და მონასტრებს, რომლებიც იუნესკოს სიაშია შეტანილი. დღეს ის ოდესღაც არსებული რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის 99-ე წლისთავს აღნიშნავს. და ამ თარიღის აღსანიშნავად რამდენიმე ისეთ გარემოებას ჩამოვთვლით, რაც ამ ევრაზიელი ლამაზმანის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ“, – ნათქვამია Telegraph-ის მასალაში.
სინამდვილეში, ეს საქართველოა
ქართველები თავიანთ სამშობლოს საქართველოს ეძახიან, – წერს Telegraph. „ცოტა გაუგებარია, თუ საიდან მოვიდა სახელწოდება Georgia, მაგრამ ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ეს სახელი შუა საუკუნეებში ქრისტიანმა ჯვაროსნებმა დაამკვიდრეს, იმის ნიშნად, რომ ეს ქვეყანა წმინდა გიორგის ერთგულია“.
მათ წმინდა გიორგი უყვართ
„დიახ! ამაზე მეტყველებს თბილისის ცენტრში აღმართული ოქრის ქანდაკება, რომელიც წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის დამარცხებას ასახავს“.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე ქვეყანაა ევროპაში
Telegraph-ი თვის მკითხველს ურჩევს, ალპები დაივიწყონ და ზამთრის არდადეგები გაატარონ კავკასიის მთების ფერდობებზე, რომლებიც თავის საიმედო თოვლით, მოვლილი ტრასებით და სასიამოვნოდ დაბალი ფასებით გამოირჩევა. „მაღალმთიან საქართველოს შეუძლია იამაყოს არნახული პეიზაჟებით, სამკურნალო ჰაერითა და სამთო-სათხილამურო კურორტებით“.
დაბალი ფასების შესახებ…
Telegraph წერს, რომ პოპულარული კვლევითი პორტალი Numbeo-ს ვერსიით, საქართველო ყველაზე დაბალფასიანი ქვეყნების ხუთეულშია. გამოცემის აზრით, ეს ინფორმაცია განსაკუთრებულად გამოადგებათ ბრიტანელებს, რომლებიც ფუნტის დასუსტების გამო, თავს ბევრის უფლებას ვეღარ აძლევენ.
„ძია ჯო“ დღემდე საქართველოშია
Telegraph „ძია ჯოდ“ სტალინს მოიხსენიებს. საქართველოში, რომელიც საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის სამშობლოა, დღემდე არსებობს მისი თაყვანისმცემლების ვიწრო წრე, – წერს ბრიტანული გამოცემა.
„საბჭოთა კავშირში მისი ძალაუფლება რეპრესიებით, შიმშილით და შრომითი ბანაკებით გამოიხატებოდა, მაგრამ Reuters-ის შარშანდელი ანგარიშის მიხედვით, სტალინს თავის სამშობლოში ჯერ კიდევ ჰყავს საკმაოდ ბევრი (ძირითადად ხანში შესული) თაყვანისმცემელი. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ქართველი მას მიიჩნევს ტირანად, რომელიც იყო კიდეც. და მიუხედავად ამისა, ადგილობრივ ბაზრობებზე ადვილად წააწყდებით სურათებსა და სხვა ატრიბუტებსაც, რომლებზეც „ძია ჯო“ არის აღბეჭდილი“.
იქ ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი მდებარეობს
“საქართველოს დასავლეთით მდებარე ქალაქი ქუთაისი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულიდან დაწყებული სამხრეთ კავკასიის უძველესი რეგიონის, კოლხეთის სამეფოს დედაქალაქი იყო. ეს მიკარგული ქალაქი არაერთხელ გამხდარა ქართველ მეფეებს, რუს და ოსმალო მმართველებს შორის კონფლიქტის ცენტრი, საბჭოთა კავშირის დროს კი სამრეწველო ცენტრად იქცა“, – წერს Telegraph. საქრთველოს პირველი დედაქალაქის უფრო დაწვრილებით გასაცნობად გამოცემა მკითხველს სთავაზობს ქუთაისის ისტორიული მუზეუმის დათვალიერებას, სადაც საქართველოს ისტორიულ და კულტურულ წარსულთან დაკავშირებული 16 ათასზე მეტი ექსპონატი ინახება.
საქართველოში ჩაღწევა ადვილი არ არის
Telegraph-ს მიაჩნია, რომ საქართველოში პირდაპირი ავიარეისების სიმცირის გამო, ევროპული ქვეყნებიდან მხოლოდ ყველაზე მამაცი მოგზაურები მიემგზავრებიან. და ამავდროულად, იქ მოხვედრისთანავე გიჩნდება შეგრძნება, „თითქოს ეს ადგილი მხოლოდ შენ გეკუთვნის“.
თბილისი – იდეალური ადგილია დასასვენებლად
„რასაკვირველია, ძნელია, მაგრამ როდესაც საბოლოოდ ჩააღწევთ საქართველოს დედაქალაქში, აღმოაჩენთ მოდერნის არქიტექტურული სტილის ქალაქს ხალხმრავალი ბარებითა და მოდური რესორნებით, სადაც უგემრიელეს ადგილობრივ საჭმელებს გთავაზობენ“, – წერს Telegraph.
ლეგენდარული ქართული სტუმართმოყვარეობა
გამოცემა ქართულ სტუმართმოყვარეობას ახასიათებს ხმაურიან მხიარულებად, სადაც ბევრს ხუმრობენ. „ზოგჯერ ეს ცხვრის რქიდან ღვინის შესმასაც გულისხმობს“, – წერს Telegraph.
ფუტურისტული არქიტექტურა ჭარბობს
უძველესი შარმის მიუხედავად, მისთვის არც სიახლეებია უცხო. სინამდვილეში ეს ქვეყანა ფუტურისტული არქიტექტურის მომხრეა. გამოცემა წერს, რომ ამაზე ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობა მეტყველებს.