"არასწორ მხარეს დგახარ" - თბილისში ჟურნალისტ ვახო სანაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ
ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვანს, ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შემთხვევა კომენდანტის საათის დროს, ღამის პირველის ნახევარზე მოხდა.
ვახო სანაია ფორმულასთან ინტერვიუში ყვება, რომ დაზიანება აქვს როგორც თავზე, ასევე ხელებზე და ფეხზე, ასევე აქვს ძლიერი თავის ტკივილი.
“პირდაპირ, აგრესია ჰქონდათ ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ, ტელევიზიების მიმართ გინება, ჩვენ მიმართ. მათ მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს პროვოცირება. დაიწყეს გინება ჩვენ მიმართ, ტვ პირველის მიმართ, საერთოდ ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია. ვფიქრობ, რომ ეს არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული არხების მიმართ, ერთ-ერთში, ოღონდ უკვე ფიზიკური სახით გადმოვიდა ჩვენზე, ჩვენს ოჯახზე”, – ყვება ვახო სანაია.
მისი თქმით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ყველანაირად ცდილობდა მის გამოწვევას:
“სამივე ნასვამი იყო, ჩამოიხსნა შარფივით რაღაც ნაჭერი, ქუდი გადაიხადა და მითხრა, კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახეო და დაიწყო მუქარა.”
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. მათი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ვახო სანაიასა და მისი ნათესავის მიმართ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” ვახო სანაიაზე თავდასხმას პოლიტიკურ პოლარიზებასა და მედიამუშაკების მიმართ აგრესიულ რიტორიკას უკავშირებს.
“ცალკე უნდა გაესვას ხაზი ჟურნალისტებზე თავდასხმის სხვა შემთხვევებზე არაეფექტიანი გამოძიების პრობლემას. მაგალითად, ათეულობით ჟურნალისტის დაზიანებას 2019 წლის 20 ივნისს, რომელიც ამ დრომდე არ არის გამოძიებული. რაც მთლიანობაში ახალისებს დაუსჯელობის გარემოს და ქმნის მტრულ საინფორმაციო და სოციალურ კლიმატს”, – წერია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, მთავრობასა და პარლამენტის წევრებს, საჯარო განცხადებებით დაგმონ ძალადობრივი ქმედებები.
ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიაც. მათი თქმით, ხელისუფლება აგრესიული რიტორიკით ახალისებს ჟურნალისტებზე თავდასხმას.
“ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა”, – წერია განცხადებაში.
ერთობლივი განცხადება გააკეთეს ოპოზიციურმა პარტიებმაც. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, “ეს უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა”.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპონენტების ან უბრალოდ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ ძალადობა, ამ ძალადობის დაუსჯელობა და წახალისება, ქართული ოცნების სავიზიტო ბარათად იქცა.
განცხადება გაავრცელა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემაც.
მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ძალადობაზე რეაგირება მკაფიო და ეფექტური უნდა იყოს.
__________________________________________________
● პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები?