საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.
პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ღარიბაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი:
“კარგად მოგეხსენებათ, რომ ღარიბაშვილი არის ქართული ოცნების დამფუძნებელი და ერთერთი ლიდერი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პერიოდში იკავებდა შს მინისტრის, ხოლო შემდეგ პრემიერის თანამდებობას, ახლა კი ეკავა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა.“
პრემიერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გახარიამ დღეს თანამდებობა დატოვა.
როგორც გახარიამ განმარტა, მისი გადადგომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნიკა მელიას მიმართ გუშინ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
გახარიას თქმითვე, გადადგომის მიზეზია ისიც, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთხელ უკვე იყო – 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ორწლიანი მუშაობის შემდეგ, 2015 წლის 23 დეკემბერს თანამდებობიდან ის სრულიად მოულოდნელად გადადგა.
2016 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე პრემიერმა მისალოცი ბარათებიც კი გაუგზავნა ჟურნალისტებს, სადაც ოჯახთან ერთად ყველას დამდეგ წელს ულოცავდა, როგორც ქვეყნის პრემიერი.
თავისი გადადგომის შესახებ ღარიბაშვილმა ხალხს წინასწარ ჩაწერილი ხუთწუთიანი სატელევიზიო მიმართვით შეატყობინა. მიმართვაში მან მიღწეულ „ისტორიულ შედეგებზე“ ისაუბრა, თუმცა არაფერი უთქვამს გადადგომის მიზეზებზე.
____________________________________
• დიდი ხეები – მილიარდერის უკანასკნელი ცდუნება
______________________________________
„თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო. მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა“, – განაცხადა მან.
მოგვიანებით, ივანიშვილმაც აღიარა, რომ გადაწყვეტილება ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ მასთან კონსულტაციების შედეგი იყო.
ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი 2013 წლის ნოემბერში გახდა, როდესაც მან ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა. მანამდე ერთი წლის განმავლობაში ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
ღარიბაშვილი პოლიტიკაში ივანიშვილთან ერთად 2011 წლის ბოლოს ჩაერთო, მას შემდეგ, რაც რვა წლის განმავლობაში პირადად მასთან მუშაობდა.
ღარიბაშვილი ერთადერთი გადამდგარი მაღალი რანგის ჩინოვნიკია, რომელსაც ივანიშვილი გადადგომის შემდეგაც პოზიტიურად მოიხსენიებდა (განსხვავებით ყოფილი პრემიერის კვირიკაშვილისა და ყოფილი პრეზიდენტის მარგველაშვილისგან. მათ ივანიშვილი მკვეთრად აკრიტიკებდა).
2019 წლის მარტში, ყველასათვის მოულოდნელად, ირაკლი ღარიბაშვილი როგორც პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი ისე დაბრუნდა, ხოლო შემდეგ თავდაცვის მინისტრი გახდა.