როგორ ცვლის ბიძინა ივანიშვილი ლანდშაფტს. რეპორტაჟი შავი ზღვისპირეთიდან" />

დიდი ხეები – მილიარდერის უკანასკნელი ცდუნება

როგორ ცვლის ბიძინა ივანიშვილი ლანდშაფტს. რეპორტაჟი შავი ზღვისპირეთიდან

 

ეს სტატია იმის შესახებაა, თუ როგორ აშენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და არაფორმალური მმართველი შავი ზღვის სანაპიროზე – საკუთარ რეზიდენციაში – დენდროლოგიურ პარკს. ამისთვის დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ადგილებში ხეები საგანგებოდ ითხრება და მილიარდერის სახლისკენ მიცურავს. ამ პროცესში ასობით ადამიანი და მთელი სახელმწიფო მანქანაა ჩართული.

სტატია ერთი წლის წინ გამოქვეყნდა, თუმცა დღეს საქართველოში  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის  წინ ბიძინა ივანიშვილი და მისი ეს ჰობი კვლავ აქტუალურია

__________________________

როცა მზე ჩადის და ზღვას ნარინჯისფერი შუქი ეკვრის, ეს ლილიოდენდრონი განსაკუთრებით მომნუსხველია. მისი უზარმაზარი ტოტები შავ ძარღვებად იკვეთება მოვარდისფრო ცაზე.

თბილა. ნიავი არ იძვრის და ტალღის ნასახი არ ჩანს, ამიტომ ის, რასაც ჩემ წინ ვხედავ, ნახატს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას.

ეს ლილიოდენდრონი ყველაზე ლამაზია იმ ექვს ხეს შორის, რომელიც დენდროლოგიურ პარკში გადასატანად გამზადებული ვნახე შავი ზღვის სანაპიროზე. ის ფესვებიანად ამოღებულია მიწიდან და სანაპიროზე დგას. მალე მას ბარჟაზე დადებენ და ზღვით გადაიტანენ 35 კილომეტრში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში.

• რატომ ლაპარაკობს საქართველოს ხელისუფლება სამოქალაქო ომზე?

• სოფელი, სადაც მილიარდერი ცხოვრობს

 აზერბაიჯანული ნაღმები საქართველოში

ოთხი დღე ვიყავი ბათუმში და ყოველ საღამოს მივდიოდი მახინჯაურში, ზღვის სანაპიროზე, რომ მენახა როგორ გაცურავდა ზღვაზე ეს კონტეინერში ჩასმული გიგანტი, რომელსაც ფესვებამდეც კი ვერ ვწვდებოდი და 12 ნაბიჯი მჭირდებოდა მის გარშემო შემოსავლელად. წარმომედგინა, რომ ეს იქნებოდა საღამოს, მზის ჩასვლისას.

– როდის წაიღებენ? – ვეკითხებოდი მუშებს, მთელი დღის განმავლობაში რომ თავს დასტრიალებდნენ – სპეციალური ტექნიკით ხრეშს ეზიდებოდნენ, მიწას თხრიდნენ და ზღვის ნაპირს დიდი ქვებისგან ათავისუფლებდნენ, გზას აგებდნენ ბეტონის ფილებით და დიდი ლითონის მილებისგან რაღაც უზარმაზარ კონსტრუქციას კრავდნენ.

თუმცა, აჭარიდან ისე წამოვედი, ოცნება არ ამისრულდა. ბედის ირონიით, მეორე დღეს, უკვე თბილისში დაბრუნებულს, მობილურზე რეზომ დამირეკა, ამაღამ მიაქვთო.

– მოაყენეს ბარჟა. მიცვალებულს რომ კუბოს მოუტანენ, მასეა მაი ბარჟაც. ზნაჩიტ, წასულია უკვე საქმე, – მითხრა.

ეს ის ხეა, რომლის გამოც ბობოყვათში რკინიგზის ელექტროსადენები მოხსნეს

რეზო, ერთ-ერთი მუშაა, რომელიც გიგანტურ ხეებს გადასაზიდად ამზადებს. სინამდვილეში სხვა სახელი ჰქვია, მაგრამ სამსახურში პრობლემები არ სჭირდება, ამიტომ შევპირდი, რომ სტატიაში რეზოს დავარქმევდი.

მისგან გავიგე, როგორ არის ეს ყველაფერი მოწყობილი: ჯერ ხის გარშემო მიწას ჭრიან ისე, რომ ფესვები არ დაზიანდეს. შემდეგ ქვეშ რეზინის კამერას შეაცურებენ, საბურავის მსგავსს, რომელსაც სპეციალური ტუმბოთი ბერავენ და ხეც ზემოთ იწევს. გარშემო ფიცრებს შემოავლებენ და ლითონის მილებისგან შეკრულ კონსტრუქციაზე დებენ. ბოლოს, უზარმაზარ, ბორბლებიან მისაბმელზე შემოდებენ და ნაპირამდე მიასრიალებენ. იქედან კი უკვე ბარჟით ხე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ გაცურავს.

ამ ტექნოლოგიით საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ქვეყნის ყველაზე მდიდარმა კაცმა, უკვე 20-მდე გიგანტური ხე გადაიტანა თავის მამულში, შავი ზღვის პირას, სოფელ შეკვეთილში. ივანიშვილი ამბობს, რომ დიდი ხეები მისი ჰობი და საყვარელი გასართობია და ისინი უნიკალური დენდროლოგიური პარკის გასაშენებლად სჭირდება.

თითოეული ხის გადატანას რამდენიმე კვირა უნდა. პროცესში ჩართულია ასობით ადამიანი – ბოტანიკოსები, გეოლოგები, ინჟინრები, მუშები, მეგზევეები, რკინიგზელები, ელექტრიკოსები, დაცვის თანამშრომლები, მზარეულები, მძღოლები.

მუშაობს მძიმე ტექნიკა და ტრანსპორტი – ტრაქტორები, ამწეები, ბულდოზერები, სატვირთო მანქანები, ელმავალი, ბარჟა, გემი.

– ასეთი რამე მსოფლიოში თურმე მხოლოდ ერთხელ გაუკეთებიათ – ჩინეთში. და ახლა ჩვენ ვაკეთებთ აქ, აჭარაში”, – მეუბნება რეზო და იღიმის.

მოგვიანებით, ეს ფრთხილი და ორაზროვანი ღიმილი კიდევ ბევრჯერ ვნახე აჭარასა და გურიაში, როცა ადამიანებს მილიარდერის უჩვეულო ჰობიზე ვესაუბრებოდი.

შეკვეთილი – მილიარდერის რეზიდენცია

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია შეკვეთილში, სულ მცირე, 260 497 კვ/მ მიწის ფართობზეა გაშლილი, შავი ზღვის სანაპირო ზოლს მიუყვება და ნაცრისფერი რკინის მესერი აკრავს.

ამბობენ, რომ ოდესმე აქაურობა მნახველებისთვის გაიხსნება, დენდროლოგიური პარკი საჯარო იქნება და მის დათვალიერებას ყველა მსურველი შეძლებს. თუმცა, დღეს აქ ჩიტიც კი ვერ შეფრინდება.

როგორც ჩანს, ივანიშვილი აქ დროის დიდ ნაწილს ატარებს, ადგილობრივების თქმით, ხშირად ხედავენ ცაზე ვეტმფრენს.

რეზიდენციას ყველა მხრიდან იცავენ. შეგიძლია მხოლოდ შორიდან დააკვირდე, მაგრამ ბევრს ვერაფერს დაინახავ – სახლი არ ჩანს, ის პატრონს გარეშე თვალისგან საგულდაგულოდ დაუმალავს მაღალ ფიჭვნარში.

რეზიდენციის გალავანს მივუყვები და ნაპირისკენ მივდივარ. ტრაქტორების და ბულდოზერების ზუზუნი ისმის. მუშები წყალში მოტივტივე უზარმაზარ “ნახევარკუნძულს” უკირკიტებენ. ეს ბარჟაა, რომლითაც ხეები დააქვთ. ზუსტად რამდენი მეტრია, არ ვიცი, მაგრამ ჩემს თერთმეტსართულიან კორპუსს რომ ამხელა პარკინგი ჰქონდეს, ყველა მეზობლის მანქანა თავისუფლად დაეტეოდა.

იქვე ჟანგიანი გემი ტივტივებს, ქიმზე მოფრიალე ხუთჯვრიანი დროშით. ამ გემს ტროსებით ბარჟას მიაბამენ და ასე იწყებს ხე ზღვაზე ცურვას.

ამ ბარჟით დააქვთ ხეები

– ნატანებიდან.

– სენაკიდან.

– ზუგდიდიდან.

– ლიხაურიდან.

– ოზურგეთიდან – ასეთ პასუხებს ვიღებ მუშებისგან, რომლებსაც ვეკითხები, საიდან არიან. შესვენება აქვთ და შეკვეთილის პლაჟის რუხ ქვიშაზე წამოწოლილები მაისის მზეს ეფიცხებიან.

ყველა მათგანი ბიძინა ივანიშვილის მადლიერია დასაქმების გამო. ხელფასითაც კმაყოფილები არიან. ყოველდღიურ საკვებზე და საცხოვრებელზე ფული არ ეხარჯებათ, ამ ყველაფერს ცალკე უნაზღაურებენ.

–  აქვს საშუალება და რასაც უნდა იმას აკეთებს, – მეუბნება ახალგაზრდა კაცი მეგრული კილოთი, ისე, რომ არც არაფერი მიკითხავს.

შეკვეთილი, ივანიშვილი რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია

ის ლანდშაფტს ცვლის

უკვე სამი წელია ბიძინა ივანიშვილი აღარ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2012 წელს მან ბევრისთვის მოულოდნელად არჩევნების გზით მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება დაამარცხა. სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს 9 წლის განმავლობაში მართავდა და სუსტი და დანაწევრებული ოპოზიციის ფონზე სრულიად უძლეველის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

დღეს ის არსად ჩანს, გარდა დენდროლოგიური პარკის მშენებლობის პროცესისა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მთელი ეს პოლიტიკური ბრძოლები ხეების გადაზიდვის უფლების მოსაპოვებლად დასჭირდა, ისე, რომ მისთვის ხელი არავის შეეშალა.

ის არც უმაღლესი თანამდებობის პირია და არც იდუმალებით მოცული ოლიგარქი, როგორიც პოლიტიკაში მოსვლამდე იყო. თავად ამბობს, რომ რიგითი მოქალაქეა, მაგრამ ეს ასე რომ არ არის, ყველაზე უკეთ თავად ბიძინა ივანიშვილმა იცის. მედიაში მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც არჩევნებია – მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს. შემდეგ ისევ ქრება საჯარო სივრციდან, თუმცა მისი კვალი ყველგანაა – აქ შავიზღვისპირეთშიც და თბილისში – სამთავრობო კაბინეტებსა თუ პარლამენტის დერეფნებში.

2015 წლის ბოლოს, როდესაც საქართველოს ერთი პრემიერ-მინისტრი მეორემ შეცვალა, გადაწყვეტილება ივანიშვილის კაბინეტში მიიღეს. მმართველი გუნდის ორკესტრირებული ბრძოლა პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგაც მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ივანიშვილმა მარგველაშვილს მისი “ყველაზე დიდი შეცდომა უწოდა”.

ივანიშვილს დღეს ახალი როლი აქვს – ის განუსაზღვრელი ძალაუფლებით სარგებლობს და ფაქტობრივად, არავითარი პასუხისმგებლობით დატვირთული არ არის.

საქართველოში არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს კაცი, რომელიც მრავალტონიან ხეებს ფესვებიანად თხრის და სახლში მიაქვს, საქართველოს არაფორმალური მმართველია. ადამიანი, რომელიც ქვეყნის ბედს წყვეტს.

“საქმე ისეთ მასშტაბებთან გვაქვს, რომ ის, ფაქტობრივად, რეგიონის ლანდშაფტს ცვლის”, – მითხრა გარემოსდამცველმა ნატა ფერაძე.

 სევოია და გინკგო

ვალენტინა სლობოდენიუკის სახლი აჭარაში, სოფელ ციხისძირში პატარა მთაზე მწვანეშია ჩაფლული. სახლის უკან ზღვის ულამაზესი ხედი იშლება. მარცხნივ კი, სულ რაღაც 50 მეტრში დიდი ხევია – გორას, რომელზეც ვალენტინას სახლი დგას, ცალი ფერდი მოჭრილი აქვს. ცოტა ხნის წინ აქ ორი უზარმაზარი ხე – სეკვოია და გინკგო იდგა. ორივე ამოთხარეს, რომ ივანიშვილის რეზიდენციაში გადაეტანათ.

–  სეკვოია რომ წაიღეს, მთელი ღამე ვტიროდი. ეს ჩემი ოჯახის ისტორია იყო, – ამბობს ვალენტინა, სასიამოვნო გარეგნობის უკრაინელი ქალი, რომელიც ციხისძირში დაიბადა და მთელი ცხოვრება ამ სახლში გაატარა.

–  რატომ შეელიეთ იმას, რაც ასე გიყვარდათ? – ვეკითხები.

–  მას არაფერი დაუძალებია, პირიქით, ძალიან ადამიანური და ყურადღებიანია. ფულიც მჭირდებოდა და უარსაც ვერ ვეტყოდი. ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, რომ სულელი ვარ, მაგრამ მე არ ვნანობ. მას ბუნება უყვარს, იქ ჩემს ხეებს კარგად მოუვლიან, აქ კი ახალს დარგავენ, – ამბობს ვალენტინა.

სახლის გვერდით უზარმაზარ ორმოზე მივუთითებ და ვეკითხები, არ ეშინია, რომ ძლიერი წვიმისას წყალმა მიწა ჩარეცხოს და სახლი ჩაიტანოს?

–  ის ყველაფერს მოაწესრიგებს. შემპირდა, რომ აქ კედელს ააშენებს და ყველაფერს გაამაგრებს.

კვალი 

“კვალი ყველგანაა. უბრალოდ ბეტონის ფილებს გაყევი, აუცილებლად დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანს”, – დამარიგა მეგობარმა ჟურნალისტმა, როდესაც აჭარაში რეპორტაჟის მოსამზადებლად მივდიოდი.

ბეტონის ფილები, ცენტრალური გზის პირას და სოფლებში – ნატანებში, ბობოყვათში, ჩაქვში, ციხისძირში, ბუკნარში, მწვანე კონცხზე, მახინჯაურში ბევრი ვნახე. მათ შორის შუაგულ ტყეშიც. მათ იმისთვის აგებენ, რომ მძიმე ტექნიკა გიგანტურ ხეებს მიუდგეს და გამოიტანოს. ასეთივე საშვილიშვილოდ მყარი მასალით იგება სამხედრო გზებიც, ტანკებმა რომ იარონ. სხვა ხეები კი, რომელიც ბეტონის გზის დაგებას ხელს უშლიდა და რჩეულ ხეს გზაზე გადაეღობა, ძირშია მოჭრილი. ზოგი ფესვებგატიტვლებული დარჩა, რადგან გარშემო მიწის დიდი მასივები გადათხარეს.

ეს სურათი ბევრად უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე ფოტოებსა თუ ვიდეოკადრებზე ჩანს. აქ თითქოს დევი დააბიჯებდა, რომელმაც თავისი ნაკვალევი დატოვა.

ქობულეთი-ბათუმის გზაზე, სადაც უნიკალური სუბტროპიკული ფლორაა, ტოტებდაჭრილი, დამტვრეული ხეების მთელი წყებაა. აქაურ ეგზოტიკურ ხეებს, რომლებიც გიგანტური ხის ტრანსპორტირებას უშლიდნენ ხელს, ტოტები დააჭრეს. ისინი იქვე ძირსაა მიმოფანტული. იგივე ხდება გურიაშიც – სოფელ ნატანებისკენ მიმავალ გზაზე.

ტოტებდაჭრილი ხეები ციხისძირში. გადავბელეთო, ამბობენ, მაგრამ თუ დააკვირდებით, ტოტები მხოლოდ გზის მხარეს არის მოჭრილი

ტრასის სიგანე გაზრდილია და ტროტუარი დაპატარავებულია ჩაქვში – სპეცტექნიკამ რომ უკეთ გაიაროს. ამ სოფელში მთავარი ნავმისადგომია მოწყობილი – აქ ხეებს ბარჟაზე ტვირთავენ და შეკვეთილისკენ მიაქვთ. ნავმისადგომი რომ მოეწყოთ, ახლომდებარე სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას ზღვაზე გასასვლელი გზა ჩაუკეტეს.

როცა ხეები ხმელეთით გადმოაქვთ, ამ პროცესიაში პოლიციის მანქანებიც მონაწილეობენ, რამდენიმე ეკიპაჟი მიაცილებს ხეს დანიშნულების ადგილამდე. ორიოდე თვის წინ გიგანტურმა ხემ რამდენიმესაათიანი საცობი შექმნა ბათუმი-ქობულეთის ტრასაზე. სოფელ ნატანებში მითხრეს, რომ როდესაც ხე მოდის, ელექტროენერგია ითიშება, რადგან ტრანსპორტირებისას, შესაძლოა, ელექტროგადამცემ ხაზებს გამოედოს და ხანძარი გაჩნდეს. ამავე სოფელში რამდენიმე ოჯახს წყალი არა აქვს, რადგან როცა ერთ-ერთ ხეს თხრიდნენ, წყლის მილები დააზიანეს.

ქობულეთთან, სოფელ ბობოყვათში რკინიგზაზე ორმოცდაათამდე სპეცტანსაცმელში ჩაცმულ ადამიანს ვხედავ. ელექტროგადამცემ ხაზთან ელმავალი მიუყენებიათ. ეს ადამიანები რკინიგზის ელექტროსადენებს ჭრიან. გიგანტური წიწვოვანი ხე ლიანდაგზე უნდა გადმოიტანონ და მისი მაღალი ტოტები სადენებს რომ არ გამოედოს, ამიტომ სადენები უნდა ჩაიჭრას.

–  მატარებელი ვერ გამოივლის? – ვეკითხები.

– საათნახევარში აღვადგენთ. არაფერი არ ფერხდება, ამ დროს მატარებელს გრაფიკით არ უწევს გამოვლა, – მეუბნება ერთ-ერთი.

– და თქვენ რომ მოგინდეთ, სადენების ჩაჭრის უფლებას თქვენც მოგცემენ?

– ჯერ მაგდენი ფული ვიშოვო და მერე ყველაფრის უფლებას მომცემენ.

რკინიგზელები ელექტროსადენებს ხსნიან, რომ გიგანტი ხე ლიანდაგზე გაატარონ

მუშებმა მითხეს, რომ ზოგჯერ ლიანდაგების აყრაც ხდება საჭირო. ისინი სამტრედიელები არიან და აქ სპეციალურად ამ საქმისთვის ჩამოიყვანეს.

თუმცა, გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ის, რასაც შეუიარაღებელი თვალით ახლა ვხედავთ, მხოლოდ ზღვაში წვეთია. მთავარი ზიანი, მათი თქმით, აჭარის ნიადაგს, ლანდშაფტს ადგება. ბათუმის და ქობულეთის მიწა ძირითადად თიხნარია, მეწყერსაშიში ზონა და აქ ნებისმიერი ჩარევა, სახიფათოა, – ამბობენ ისინი. გიგანტური ხეების ამოთხრისას ნიადაგის ნაყოფიერი ფენა იჭრება, რამაც შეიძლება ეროზიული პროცესები გამოიწვიოს.

“გარემო აქ სრულად უკვე ვეღარ აღდგება, რაც უნდა სპეციალური ღონისძიებები გაატარონ”, – ამბობს გარემოსდამცველი ირაკლი მაჭარაშვილი. გეოლოგების და ბოტანიკოსების ერთი ნაწილი კი ამ თემაზე ჟურნალისტებთან საუბარს საერთოდ გაურბის. ბევრი მათგანი ბიძინა ივანიშვილის პროექტებშია დასაქმებული.

ეს ევკალიპტი ურეკიდან მიაქვთ

ივანიშვილის ხეების გადაზიდვით ოთხი კერძო კომპანიაა დაკავებული.

მილიარდერმა ერთხელ მათ საჯაროდაც მოსთხოვა, რომ ვიდრე სამუშაოს დაგეგმავენ, ოფიციალური ნებართვები აიღონ:

“ყველაფერზე, რაც კეთდება, უნდა იყოს საბუთით. ყველაფერი უნდა იყოს კანონიერად”, – უთხრა მან ადამიანებს, რომლებიც მისთვის ხეებს ეზიდებიან, მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ქობულეთში, ერთ-ერთი ხის ამოთხრისას დოკუმენტაცია არ იყო წესრიგში. ივანიშვილმა იქ შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლებისა და გარემოსდამცველი აქტივისტების თანდასწრებით სამუშაობის შეჩერების ბრძანება გასცა, ვიდრე ნებართვა არ იქნებოდა.

ოფიციალური ნაწილი მალევე მოგვარდა და სამუშაოებიც განახლდა. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ნებართვის აღება დიდი პრობლემა არ არის, თუმცა კომპანიამ, რომელიც მილიარდერს ემსახურება, ფორმალური წესრიგის დაცვა რატომღაც საჭიროდ არც კი ჩაითვალა.

ივანიშვილს ხეები კერძო პირებისგანაც მიაქვს და სახელმწიფოსგანაც. საერთო ჯამში, რა მოგება ნახა ბიუჯეტმა ამ პროცესით, უცნობია. თუმცა, ვიცით, რამდენად გაიყიდა კონკრეტული ხეები. ჟურნალმა “ბათუმელებმა” ხეების გადატანის პროცესს ვრცელი გამოძიება მიუძღვნა. იქ წერია, რომ მაგალითად, ციხისძირში აუქციონზე გამოტანილი სამი ხე 13 ათას 500 ლარად შეიძინა აუქციონში მონაწილე ერთადერთმა კომპანიამ, რომელიც ივანიშვილს ეკუთვნის. შეკვეთილში გადატანილი პირველ ხე – გიგანტური ტიტა, მილიარდერმა ორ სხვა ხესთან ერთად, ჯამში, 6 ათას 200 ლარად შეიძინა.

“მთელი ეს პროცესი არის იმის ნიშანი, რომ რაც საქართველოში საზოგადოა, ამავდრულად არის, ან იოლად შეიძლება იქცეს ივანიშვილის ოფიციალურ ან არაოფიციალურ კერძო საკუთრებად. ამ პროცესს წინ ვერავინ უდგება”, – მითხრა პუბლიცისტმა ზაალ ანდრონიკაშვილმა, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გავუზიარე.

უბრალო კაცია

“რვაჯერ მოვიდა, ერთხელ ღობეზეც გადმოხტა. დიდხანს ყურადღებით აკვირდებოდა ხეს. უბრალო კაცია”, – ამბობს ლადო სურმავა, სოფელ ნატანებიდან, რომელმაც საკუთარი ეზოდან ორსაუკუნოვანი წიფელი ოლიგარქს 5 ათას დოლარად მიჰყიდა და ამ ფულით ბანკის ვალები გადაიხადა. ყველა ადამიანი, ვისგანაც ივანიშვილმა ხე წაიღო, ერთსა და იმავეს ამბობს – ოლიგარქი პირადად იყო მისული ხის დასათვალიერებლად და თან არაერთხელ. ის არავის არაფერს აძალებს, მაგრამ უარს თითქმის არასდროს იღებს.

ამ ადგილას იდგა სურმავების წიფელი, რომელიც ტრანსპორტირების დროს გადატყდა

მეზობელ სოფელში ერთმა ოჯახმა ივანიშვილს ხე კომპიუტერის სანაცვლოდ გაატანა. ყველა მათგანი ამბობს, რომ ოლიგარქთან შევაჭრება არ უცდიათ და შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდნენ.

სურმავების წიფელს ყველაზე სევდიანი ისტორია აქვს – ხემ ტრანსპორტირებას ვერ გაუძლო და შუაზე გადატყდა. ამბობენ, იმ დღეს ოჯახში ყველა ტიროდა – უფროსებიან-ბავშვიანად.

იმ ადგილას, სადაც წიფელი იდგა, ახლა უზარმაზარი წითელმიწა ღრმულია, მაღალსართულიანი კორპუსის ფუნდამენტისხელა. ორმოში გიგანტური ხის ტოტებდაჭრილი ტანი გდია. ორი კაცი ნაჯახით ხელში მის ნარჩენებს ჩეხავს. სურმავების წიფელს სოფელი შეშად გამოიყენებს.

ეს წიფელი ბევრისთვის დაუმორჩილებლობის სიმბოლოდაც კი იქცა – ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ოლიგარქის გეგმებში გაუთვალისწინებელი კორექტივები შეიტანა.

გურიის სოფლებში – ნატანებსა და ურეკში ივანიშვილს განსაკუთრებით ემადლიერებიან. როგორც აქ მითხრეს, თითქმის ყველა ოჯახიდან ერთი ადამიანი მაინც არის დასაქმებული ან ივანიშვილის რეზიდენციის კეთილმოწყობაში, ან ხეების გადაზიდვაში ან მის სხვა პროექტებში.

ნატანებელი ბავშვები

“ამ კაცს ყველაფერი შეუძლია და რა გინდა, რომ ქნა?! გაჭირვებულ ხალხს ცოტა ფულს აძლევს და რომელი იტყვის მაგაზე უარს? აგერ კაცმა აჭარა გურიაში გადმოიტანა და ნატანები შეკვეთილში მიაქვს,” – მეუბნება შუახნის ნატანებელი კაცი, რომელიც ცენტრალურ გზამდე დავიმგზავრე.

უცნაური ჰობი

საქართველოს ყველაზე მდიდარი კაცი ამბობს, რომ მრავალწლოვანი ხეები მისი ჰობი და მთავარი გატაცებაა და ამით ხელს არავის უშლის.

“მე ფუფუნებით არ ვცხოვრობ, ძვირფასეულობა, ჩასაცმელი ან სხვა რამ კომფორტი მე არ გამაჩნია ისეთი, რომ მომერიდოს. მე მაქვს ეს გატაცება [გიგანტური ხეები]… თუმცა, მე ვეთანხმები კითხვას რომ შეიძლება, გადაჭარბებული იყოს, რომ ამდენ თანხებს ვხარჯავ ხეების გადატანასა თუ დარგვასა თუ ჩამოტანაზე,” – თქვა მან ფილმში “ლილიოდენდრონი”, რომელიც მისმა კუთვნილმა ტელეკომპანიამ “GDS”-მა გადაიღო.

კონკრეტულად რა ჯდება თითო ხის გადატანა, ამის მხოლოდ წარმოდგენა შეიძლება ამ მასშტაბური პროცესიდან გამომდინარე.

წელს ჟურნალ ”ფორბსის” რეიტინგით, ივანიშვილი მილიარდერთა სიაში 367-ე ადგილზეა, მისი ქონება, სავარაუდოდ, 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. კაპიტალის ნაწილს ის ხელოვნებაზე ხარჯავს. მის კოლექციაშია პიკასოს „დორა მაარი კატასთან ერთად“, რომელშიც 95 მილიონი გადაიხადა და ფრიდა კალოც. სახლში მას ეგზოტიკური ცხოველები – ზებრები, პინგვინები და ზვიგენიც კი ჰყავს.

ის ქართველებისთვის ძალიან უჩვეულო დროს – საღამოს 10 საათზე იძინებს და სატელევიზიო გადაცემებში ხშირად უყვარს საუბარი ფსიქოანალიზზე, ნიცშესა და ფროიდზე. ამბობს, რომ თავადაც მუშაობს წიგნზე, სადაც ადამიანის რაობაზე იქნება საუბარი. 2011 წელს, ვიდრე ის ხელისუფლებაში მოვიდოდა, თბილისის აეროპორტში მისი მეგობარი დააკავეს, რომელსაც ოლიგარქისთვის მოსკოვიდან ოკულტური მინერალები და ლიტერატურა ჩამოჰქონდა.

რაში სჭირდება ივანიშვილს გიგანტური ხეები? ეს კითხვა აჭარასა და გურიაში ბევრს დავუსვი.

“ფული აქვს და რაც უნდა, იმას აკეთებს,” – იყო ყველაზე პოპულარული პასუხი. ასე ფიქრობს ბატონი ქემალიც, რომელიც მახინჯაურში ცხოვრობს და გიგანტური ტიტას სანახავად ყოველ დღე მოდის ზღვის სანაპიროზე შვილიშვილებთან ერთად.

უფრო ორიგინალური ვერსიებიც იყო. მაგალითად, ზოგი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი ამდენ ფულს ტყუილად არ დახარჯავდა და სინამდვილეში, გიგანტური ხეების უკან რაღაც მნიშვნელოვანი საიდუმლო იმალება: “ეხუტებაო ამ ხეებსო და ენერგიას იღებსო”.

ვიღაცეები ფიქრობენ, რომ უნიკალური პარკის აშენებით მას ისტორიაში შესვლა უნდა.

ასეთი ვერსიაც კი მოვისმინე: “გურიაში არაა იმდენი ჟანგბადი და აჭარიდან მიაქვს ხეები, რომ კაი ჰაერი ისუნთქოს”.

ეს გოგონა დაცვის სამსახურში მუშაობს. მახინჯაურში ლილიოდენდრონის მიმდებარე ტერიტორიას იცავს

“რატომ ხდება უნიკალური ხეების შეგროვება? – იმისათვის, რომ დენდროპარკი გაკეთდეს, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება ღია”, – ეს უკვე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი “ქართუ ჯგუფის” წარმომადგენლის, გიორგი უძილაურის ვერსიაა.

ამავე დროს, უძილაური იმასაც ამბობს, რომ ივანიშვილი სულაც არ არის ვალდებული, პარკი სახელმწიფოს გადასცეს. “ეს ბიძინა ივანიშვილის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული -, ამბობს იგი, – რადგან პარკი კერძო საკუთრებაა”.

_________________________

მაისის ბოლოსთვის თითქმის ყველა დასაწყობებული ხე, რომელიც აჭარა-გურიაში ვნახე, შეკვეთილში უნდა გადაიტანონ ახალ, დგილას დარგონ. როგორც ამბობენ, ხეების ამოთხრის პროცესი სექტემბრამდე შეჩერდება, რადგან ზაფხულში ხეების გადარგვა რეკომენდებული არ არის. თანაც, ერთ თვეში აჭარაში საკურორტო სეზონი დაიწყება. ხეების გადაზიდვის პროცესსა და ტურისტებს ეს რეგიონი ერთდროულად მართლაც ვერ გაუმკლავდება.

“სექტემბრიდან ისევ დავიწყებთ მუშაობას”, – ამბობს რეზო, რომლისთვისაც ეს სამსახური მნიშვნელოვანია – სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს სარჩენი.

შეკვეთილში მილიარდერის რეზიდენციასთან, მესერთან ვდგავარ და ვცდილობ თვალი მოვკრა, რა ხდება მის მიღმა. მოხრეშილ გზაზე გაუთავებლად მოძრაობენ უზარმაზარი სატვირთო მანქანები და ირგვლივ საშინელ მტვრის ბუღს ტოვებენ, თითქოს სპეციალურად, რომ ვერაფერი დავინახო.

თუმცა, ზოგჯერ, როცა მათ შორის პაუზა ცოტა დიდია და მტვრის კორიანტელი გაფანტვას ასწრებს, ფიჭვებს შორის განსაკუთრებულად მაღალი, ფოთლებგაცვენილი, უსახური ხის სილუეტი მოჩანს. ეს საუკუნოვანი ტიტაა, საქართველოში უკვე ლეგენდად ქცეული ლილიოდენდრონი, სულ პირველი ხე, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე აქ ზღვით ჩამოიტანეს. თვალწინ რატომღაც სურმავების წიფელი დამიდგა, ერთადერთი ურჩი, რომელმაც ივანიშვილის გეგმები შეცვალა.

ამ მესრის მიღმა ივანიშვილის რეზიდენცია იწყება. ეს ხე პირველი ლილიოდენდრონი – გიგანტური ტიტაა

აჭარიდან რომ ვბრუნდებოდი, ურეკთან გზაზე ხრეშით სავსე დიდი სატვირთო მანქანა იდგა.

– ხე გადაგაქვთ? – ვიკითხე ფოტოაპარატმომარჯვებულმა.

– რა ხე, გენაცვალე, სასტუმროს ვაშენებთ, – მიპასუხა მძღოლმა ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი, ფრთხილი და ორაზროვანი ღიმილით.

* ავტორი: სოფო ბუკია, JAMnews-ის რედაქტორი საქართველოში


ასევე წაიკითხეთ