თბილისს რუსეთთან ურთიერთობის ახალი სპეცწარმომადგენელი ჰყავს. რას ნიშნავს ეს
რუსეთთან ურთიერთობის სპეცწარმომადგენელი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 21 ოქტომბერს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა. ეს თანამდებობა 2025 წლის დეკემბრიდან ვაკანტური იყო.
დანიშვნა იმ დღეს გამოცხადდა, როცა ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სახელისუფლო გუნდის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები ამ დამთხვევას მოსკოვისთვის გაგზავნილ გზავნილად აფასებენ. კობახიძე კი ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ახალი ეტაპი არ იწყება.
რა თქვა კობახიძემ
პრემიერმა დანიშვნა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა. ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იწყება რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის ახალი ეტაპი, მან ასე უპასუხა: „არა, რეალურად, რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება“.
კობახიძის თქმით, აქამდე აქტიურად მუშაობდა საქართველოს ინტერესების სექცია შვეიცარიის საელჩოში მოსკოვში, თუმცა მთავრობამ სექციის პარალელურად კიდევ ერთი არხის საჭიროება დაინახა. ამოცანებად მან დაასახელა:
„კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ჰუმანიტარული ურთიერთობების შენარჩუნება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება“.
პრემიერმა უარყო, რომ გადაწყვეტილება ქართული კომპანიების პროდუქციაზე რუსეთის მიერ ოქტომბერში დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება:
„რა თქმა უნდა, ზოგადად, ამ საკითხებზე მუშაობა არის პრიორიტეტული, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გამხდარა ამ გადაწყვეტილების საფუძველი“.
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ კითხვაზე კობახიძემ თქვა: „დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი. ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი“.
რუსეთის მოთხოვნაზე, რომ თბილისმა სოხუმსა და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიები გასცეს, პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო მათთან ხელშეკრულებას ვერ დადებს: „ჩვენ ვერანაირი ფორმით ვერ ვაღიარებთ ე.წ. სახელმწიფოებს“.

ზურაბაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასაც შეინარჩუნებს. ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 2024 წელს გახდა, პირველი მოადგილე კი 2025 წლის 1 ივლისიდან არის. მანამდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიაში (2019–2024 წლებში).
სპეცწარმომადგენლის თანამდებობდა
2012 წლიდან სპეციალური წარმომადგენელი დიპლომატი ზურაბ აბაშიძე იყო. ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან რეგულარულად ხვდებოდა. მოლაპარაკებების ეს არხი „აბაშიძე-კარასინის ფორმატის“ სახელით გახდა ცნობილი.

2024 წლის მარტში კობახიძემ აბაშიძე თავის მრჩევლად გადაიყვანა, ხოლო მის ადგილას გიორგი ქაჯაია დანიშნა. თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ქაჯაიამ პოსტი 2025 წლის 1 დეკემბერს დატოვა. ის, რომ თანამდებობა ცარიელი იყო, საზოგადოებისთვის მხოლოდ 2026 წლის აგვისტოში გახდა ცნობილი, როცა კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.
ზურაბ აბაშიძე 6 ოქტომბერს ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთში საქართველოს არარეზიდენტ ელჩად დაინიშნა.
„ცინიკური გზავნილი“: ოპოზიციის რეაქცია
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია, რომლის პარტიის აკრძალვასაც ხელისუფლება ითხოვს, ამბობს:
„ეს პირდაპირ ცინიკური გზავნილია, რომ რუსეთის დავალებით უქმდება პარტიები და ამავე დღეს, სინქრონში ინიშნება ადამიანი, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობების დათბობა უნდა განახორციელოს“.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრის ლაშა ფარულავას შეფასებით, დანიშვნა ეკონომიკურ სარგებელს არ ემსახურება და სიმბოლური აქტია:
„აქ აუქმებენ საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლურ ოპოზიციას და ამავდროულად ნიშნავენ სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთში“.
მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მზადდება, უახლოეს ხანში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან, დეოკუპაციის გარეშე, რაც ოფიციალურ კაპიტულაციის გაფორმებას ნიშნავს“.
მოსკოვში დანიშვნას დადებითად შეხვდნენ. რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა გადაწყვეტილებას სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი უწოდა.
„სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება – ეს არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა განვითარდეს“ – აღნიშნა ზატულინმა.
რუსეთთან ურთიერთობა „ოცნების“ მმართველობისას
რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. სპეცწარმომადგენლის თანამდებობა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეიქმნა. ბიძინა ივანიშვილმა ის 2012 წლის 1 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში დააწესა.
2008 წლის ომის შემდეგ თბილისი და მოსკოვი პირდაპირ მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ურთიერთობდნენ. აბაშიძე-კარასინის ფორმატის შედეგად 2013 წელს რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის, მინერალური წყლის, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი აღდგა. ხელისუფლებამ რუსეთის მიმართ რიტორიკაც შეარბილა.
2019 წლის 20 ივნისს, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, თბილისში მასობრივი პროტესტი დაიწყო. ამის შემდეგ რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა. 2023 წლის მაისში ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები აღადგინა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ „ქართული ოცნება“ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს არ შეუერთდა. ხელისუფლება ამას ქართული ეკონომიკის დაცვით ხსნიდა.
ამ წლის 9 ოქტომბერს რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტი შეაჩერა. შეზღუდვა შეეხო „თელიან ველს“, „თბილღვინოს“, „ძმებ ასკანელებს“, „ვაინმენს“, „ქართული ლუდის კომპანიას“, საქართველოში წარმოებულ „კოკა-კოლასა“ და „ნაბეღლავს“. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქართული ღვინის ექსპორტის ღირებულების დაახლოებით 62,5% რუსეთზე მოდიოდა.
იმავე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიმეორა მოთხოვნა, რომ თბილისმა სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიები გასცეს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია დაიწყოს.