10 ნოემბერი აზერბაიჯანში გამარჯვების დღედ გამოცხადდა, 27 სექტემბერი კი - ხსოვნის დღედ
2021 წლიდან, ყოველ 10 ნოემბერს, აზერბაიჯანში, ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების დღე აღინიშნება. თავისი მეორე განკარგულებით, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხსოვნის დღე დააწესა, რომელიც 27 სექტემბერი იქნება.
• აზერბაიჯანის არმია ლაჩინში შევიდა. ვინ და რა პოზიციებზეა ყარაბაღში – მიმოხილვა
2020 წლის 10 ნოემბერს, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების, ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების შედეგად, ყარაბაღის მეორე ომი შეწყდა. ამ ომის შედეგად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის მიმდებარე შვიდი რაიონი, ქალაქი შუშა და კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი ყარაბაღში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის 2020 წლის 2 დეკემბრის ბრძანებით, 10 ნოემბერს, ყოველწლიურად, ქვეყანაში გამარჯვების დღე აღინიშნება.
აზერბაიჯანის ლიდერმა თავისი კიდევ ერთი განკარგულებით, ხსოვნის დღე დააწესა. ის ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება. 2020 წელს, სწორედ ამ დღეს დაიწყო ახალი საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღში, რომელიც 44 დღეს გაგრძელდა.