როგორ ვითარდებოდა მოვლენები ზუგდიდში - "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის ქრონიკა
-
რა ვიცით თავდამსხმელზე
თავდამსხმელი დაკავებული არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, ის სამხედრო პირია. სავარაუდოდ, მოქმედი
სამართალდამცველები მძარცველს სოფელი კირცხის მიმდებარედ ეძებენ. ესაა ბოლო წერტილი, სადაც თავდამსხმელი სამმა მძევალმა გათავისუფლებამდე ნახა. ამის შემდეგ ის პოლიციის ავტომობილით მიიმალა. უცნობია იპოვეს, თუ არა სამართალდამცავებმა შავი პიკაპი, რომლითაც თავდამსხმელი ბოლოს გადაადგილდებოდა.
სოფელ ჯიხაშკარისა და კირცხის ადმინისტრაციულ საზღვართან, მდინარე ჭანისწყალის სანაპიროზე პერიოდულად სამართალდამცავები ავტომობილებით პატრულირებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში არც უცხო პირი, არც უცხო მანქანა არ შეუნიშნავთ.
-
ტელეკომპანია ოდიში ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, რომ ტერორისტი რეზინის ტვიას ესვრის მას
გუშინ “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელმა ტელეკომპანია “ოდიშის” ოპერატორს, ორჯერ რეზინის ტყვია ესროლა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ოპერატორი ბანკის შენობასთან ახლოს მივიდა და გადაღებას ცდილობდა.თავდამსხმელმა "ოდიშის" ოპერატორს ორჯერ ესროლა
გუშინ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელმა ტელეკომპანია "ოდიშის" ოპერატორს, ორჯერ რეზინის ტყვია ესროლა.ვიდეო: ტელეკომპანია "ოდიში".
Posted by ჯემნიუსი – JAMnews Georgian on ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2020
-
კადრები იმ ადგილიდან საიდანაც გაიქცა დამნაშავე
ეს ვიდეო დაახლოებით დილის 4 საათისთვისაა გადაღებული, სოფელ კირცხში (ჩხოროწყუ).
კამ ტყის პირას ნახეს ბოლოს თავდამსხმელი, მან მძევლები აქ ჩამოსვა. თვითონ კი, მიიმალა ტყეში. ამ კადრებს ტელეკომპანია “ოდიში” ავრცელებს.
-
ირაკლი კვარაცხელია, მძევალი, რომელმაც "მთავარ არხზე" დარეკა, ჰყვება, რა ხდებოდა ბანკში
მძევლობიდან გათავისუფლებული ირაკლი კვარაცხელია პოლიციაში გამოკითხვის შემდგომ ჟურნალისტებს ესაუბრა და აღწერა თუ რა ხდებოდა ბანკის შენობაში მძევლად აყვანიდან გათავისუფლებამდე.
„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხარო სამხარეო პოლიციის უფროსს, ავთანდილ გალდავას, რომლის მეშვეობითაც მე დღეს არ ვარ მძევალი”, – თქვა კვარაცხელიამ.
კვარაცხელია ამბობს, რომ ბანკში მივიდა, რათა დამზადებული ბარათი აეღო.
“ავიღე ჩვეულებრივ რიგის ნომერი, ჩავდექი რიგში და შემდეგ მოხდა ის რაც მოხდა”, – ამბობს ის.
შეკითხვაზე რატომ აირჩია საკომუნიკაციოდ ის შეიარაღებულმა პირმა, ყოფილი მძევალი პასუხობს:
„როცა გავიგონე გარეთ გასროლა, დავინახე შეიარაღებული პირი შემოვარდა ბანკში. მან მაშინვე ხელყუმბარას მოხსნა დამცავი და დააგდო ძირს. ეს აშკარად დავინახე და უკვე გავაცნობიერე საფრთხის სიმძიმე. შემდეგ ამ ადამიანმა, კიდევ ორჯერ გაისროლა იმ ადამიანის მისამართით, ვინც, სავარაუდოდ, გარედან იღებდა. თვითონ ასე თქვა, ამიტომ ვესროლეო.
ამის შემდეგ მოითხოვა მენეჯერი, რომელიც არ იყო ადგილზე. შემდეგ აგვიყვანა მესამე სართულზე იქ დავბინავდით და შემდეგ მოითხოვა 112-ში დარეკვა. ყველა მძევალს დაარეკინა 112-ში. ერთს მოსთხოვა, რომ დაერეკა „ტვ პირველში”, მან უთხრა რომ მას არ ჰქონდა „ფეისბუკი”. შემდეგ სხვებს მიუტრიალდა. შემდეგ მოვიდა ჩემი რიგი და მე ვუთხარი, რომ მქონდა „ფეისბუკი”.
იქედან გამომდინარე, რომ მას ხელში ეჭირა ხელყუმბარა გავაცნობიერე, ამ წუთში ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხე იყო რომ პოლიციას, სამართალდამცავებს დაეპირებინა შტურმი. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ყველანი დავიღუპებოდით. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო მათ გაეგოთ, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ხელყუმბარა და ის იყო საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი. ამაზე იყო ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებული და ეს საფრთხე ნამდვილად არსებობდა.
თავიდან ის იყო აგრესიული, მაგრამ შემდეგ ყველამ მოახერხა ის, რომ უფრო მეტად კომუნიკაბელური გახდა. შვიდი საათი ერთად ყოფნის განმავლობაში ზოგიერთი ხუმრობდა კიდეც.
ცდილობდნენ, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ჩვენთან ადამიანურ ურთიერთობაში, საჭიროების შემთხვევაში, გაჭირვებოდა ჩვენთვის სროლა”, – ჰყვება ირაკლი კვარაცხელია.
მან ასევე გაიხსენა ბანკის შენობის დატოვების მომენტი და ის, თუ როგორ შეარჩია თავდამსხმელმა სამი მძევალი:
„[გამტაცებელმა] აირჩია ბიჭები ალბათ იმიტომ, რომ გაუადვილდებოდა ბიჭების მართვა, ვიდრე ქალების. ორმა ბიჭმა თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ გოგოები არ წაეყვანათ და ჩვენ წამოვალთო. მესამე მძევალი მძარცველმა თვითონ დაასახელა”, – ამბობს კვარაცხელია.
შეკითხვაზე ამოიცნობს თუ არა გამტაცებელს, ირაკლი კვარაცხელია პასუხობს:
„ის ნიღბის გარეშე არ ყოფილა, ხმას თუ გავიგონებ შეიძლება მივამსგავსო გამტაცებლის ხმას. ძირითადად, ინფორმაციას ის იღებდა მედიის საშუალებით. სამართალდამცავებს სხვა მძევლების საშუალებით ეკონტაქტებოდა. მძევალს სთხოვდა დარეკვას, ხმოვანზე ჰქონდა და თვითონ ეუბნებოდა, რაც უნდა ეთქვა. იყო ერთი-ორჯერ შემთხვევა, რომ თვითონაც ჩაერთო საუბარში. მისი მთავარი მოთხოვნა იყო 500 ათასი და უსაფრთხო გასვლა”.
კვარაცხელიამ ისაუბრა მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზეც (კვარაცხელიას ფეისბუკიდან ჩანს, რომ იგი “ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია, რაზეც აქცენტს აკეთებდა სამთავრობო მედია და ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები):
„ვნახე, რომ სრულიად ამორალური კამპანია წამოიწყო ზოგიერთმა ჯგუფმა. ჩემი აზრით, ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა ის კი არ არის რაც დღეს მოხდა, ეს შეიძლება, ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს. დიდი პრობლემაა ის სიბინძურე, გაუგონარი მარაზმი. დიახ, მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, დიახ, მიმაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” უკეთ შეუძლია მართოს ეს ქვეყანა. და რა, ამის გამო მე ბანკში არ უნდა მივიდე?! ქუჩაში არ უნდა გავიდე?! საერთოდ გაუგონარი რამე ხდება”.
-
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება: თავდამსხმელი საზღვარს ვერ გადმოკვეთს
ოკუპირებული გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი კონსტანტინე ფილია აცხადებს, რომ პირი, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს.
როგორც “სპუტნიკი” წერს, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილების ვერსია ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოზე განიხილეს. საბჭოს მდივანი სერგეი შამბა ასევე აცხადებს, რომ გამტაცებლის ფხაზეთისკენ გადაადგილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
-
სად არის თავდამსხმელი?
ეს ჯერჯერობით უცნობია. შსს ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არავითარ ინფორმაციას არ ვრცელებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა.
მძევლების დაკითხვა წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
-
ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მოქმედებდა თავდამსხმელი ბანკში შეჭრის დროს
ვრცელდება სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს თავდამსხმელს ბანკის შენობაში მძევლები როგორ აჰყავს.
-
მძევლები გათავისუფლებულები არიან
„საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალიდან გატაცებული ყველა მძევლის გათავისუფლების შესახებ განცხადებას აქვეყნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
განცხადებაში ანიშნულია, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა, ასევე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
თავისუფალია ასევე სამხარეო. პოლიციის უფროსი არჩილ გალდავა.
როგორც შსს აღნიშნავს, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.
უკვე ყოფილმა მძეველმა ლაშა შენგელიამ „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ ისინი სიბნელეში, მისთვის უცნობ ადგილზე გაათავისუფლეს.
შენგელია ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს. ის ადასტურებს, რომ გამტაცებელს ხელყუმბარა ჰქონდა. ლაშა შენგელიას ინფორმაციით, გამტაცებელი მიიმალა.
-
თავდამსხმელმა ფული აიღო, სამი მძევალი წაიყვანა და შენობა დატოვა. მათთან ერთადაა მომლაპარაკებელიც
ტვ ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელმა შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. ისინი მას მიბმული ჰყავს ხელზე თოკებით და ცალ ხელში ყუმბარა უჭირავს. ასე დატოვა მან შენობა და პიკაპის ტიპის მანქანაში ჩაჯდა მძევლებთან ერთად. მათთან ერთად არის მომლაპარაკებელი – სამართალდამცველი, სავარაუდოდ, სამხარეო პოლიციის უფროსი, რომელიც საჭესთან ზის.
თავდამსხმელს ხელში უჭირავს ასევე დიდი ზომის შავი ჩანთა, სადაც სავარაუდოდ, ფულია.
შს სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას, რა ეტაპზეა სპეცოპერაცია, სად არის თავდამსხმელი და გათავისუფლებულია თუ არა ყველა მძევალი.
სატელევიზიო კადრებიდან ჩანს, რომ ბანკის შენობაში უკვე სამართალდამცავები არიან.
შენობა შემოსაზღვრულია ყვითელი, საპოლიციო ლენტით. -
მთავარი არხი: გათავისუფლებულია ყველა მძევალი, თავდამსხმელი პოლიციას ჰყავს დაკავებული
“მთავარი არხის” კორესპონდენტი ზუგდიდიდან იტყობინება, რომ სპეცოპერაცია დასრულებულია.
ის ამბობს, რომ სამართალდამცავები საქართველოს ბანკის ფილიალის სამივე სართულს აკონტროლებენ.
ეს ინფორმაცია დაუდასტურებელია.
სხვა ინფორმაციით, გახსნილი ხელყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა და ფული წაიღო.
-
სამთავრობო მედია სიუჟეტებს მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებებზე ამზადებს
ტელეკომპანია “იმედი” აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ირაკლი კვარაცხელია, მძევალი, რომელმაც “მთავარ არხზე” დარეკა, არის “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი.
“იმედმა” ირაკლი კვარაცხელიას ფეისბუკზე გამოქვეყნებული ფოტოს, სადაც ის მიხეილ სააკაშვილთანაა გადღებული, ეთერში აჩვენა. ეს ხდება მაშინ, როდესაც კვარაცხელია ჯერ კიდევ მძევლად ჰყავდა ტერორისტს ბანკში. -
მძევალი, რომელიც "მთავარ არხს" ჩაერთო, წერს ფეისბუკზე, რომ ის გათავისუფლებულია
ირაკლი კვარაცხელია, მძევალი, რომელიც “მთავარ არხს” ჩაერთო და თავდამსხმელის პირობები გააცნო, თავისუფალია.
ის წერს ფეისბუკზე, რომ თავდამსხმელმა სამის გარდა ყველა მძევალი გაათავისუფლა.
კვარაცხელია წერს, რომ სამართალდამცავებმა თავდამსხმელს ფული მიუტანეს.
Sami kaci garda yvelani gamogvishves. Policiis warmomadgenelma fuli moitana da mdzarcveltan ertad datoveben shenobas…
Posted by Irakli Kvaratskhelia on ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2020
-
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი: "ეს არის ნაცსექტის ტერორ-სპექტაკლი"
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას “ნაცსექტის ტერორ-სპექტაკლს” უწოდებს.
მძინარაშვილმა ტერორისტის მიერ ბანკის შენობაში აყვანილ მძევლებს “ტერორ-სპექტაკლის” მონაწილე უწოდა.
“ყველა, ვინც ახლა ბანკის შენობაშია, არის ტერორ-სპექტაკლის მონაწილე. ნუ ღელავთ, არავინ არავის არ მოკლავს. ყველა ერთმანეთს იცნობს, ნიღბიანიც და უნიღბოც. ეს არის სპეციალურად წინასაარჩევნოდ მოწყობილი ტერორ-სპექტაკლი“, – წერს მძინარაშვილი Facebook-ზე.
-
კიდევ ოთხი მძევალი გამოუშვეს
20.30 საათისთვის ოთხი მძევალი გაათავისუფლეს, ბანკის შიგნით კიდევ 16 ადამიანი იმყოფება.
-
თავდამსხმელმა კიდევ ორი მძევალი გაუშვა
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე დატოვა.
დანარჩენი 16 მძევლის გასათავისუფლებლად პოლიცია მუშაობას აგრძელებს.
-
ვეტმფრენი ზუგდიდის თავზე
ზუგდიდს საჰაერო სივრციდან ვერტმფრენი აკონტროლებს. რადიო ათინათის ფოტო.
-
თავდამსხმელმა ერთი მძევალი გაათავისუფლა. უკვე ოთხ საათზე მეტია, ტყვეობაში კიდევ 18 ადამიანი რჩება
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ერთი მძევალი გაათავისუფლა.
55 წლამდე ქალმა ბანკის შენობა ცოტა ხნის წინ, პოლიციის თანხლებით დატოვა. დანარჩენი 18 მძევლის გასათავისუფლებად პოლიცია მუშაობას აგრძელებს.
-
ზუგდიდში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა
ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ზუგდიდში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, მინისტრი მერიის შენობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე მალხაზ თორია და ზუგდიდის მერს გიორგი შენგელიას ხვდება.
-
ირაკლი კობახიძე - ზოგი მედიასაშუალების ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს
„ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ხუთწუთიან ბრიფინგზე მან მოკლე განცხადება გააკეთა, სადაც ძირითადად ოპოზიციას და ოპოზიციურ მედიის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციური მედიასაშუალებების ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
კობახიძემ არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას კრიმინალის შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით:
“როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა, 19-მძევალი გასათავისუფლებელია და “გლავ კანალის“ და “პერვი კანალის“ ჟურნალისტი პრემიერ გახარიას დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ეკითხება, ეს არის სირცხვილი,” – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე კონკრეტული პოლიტიკოსებისგან გაკეთდა ისეთი განცხადებები, რაც პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურებოდა.
-
შსს მედიას მოუწოდებს შემთხვევის ადგილიდან პირდაპირი ეთერი გააჩეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მაუწყებლობას გათიშავს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებისა და მობილური ოპერატორებისგან ზუგდიდში სპეცოპერაციების პირდაპირ ეთერში გადაცემის შეწყვეტას მოითხოვს.
მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძემ თქვა, რომ სხვა შემთხვევაში გამოიყენებენ კანონით მინიჭებულ უფლებას, რაც გულისხმობს მაუწყებლობის გათიშვას:
“ყველა მედიასაშუალებებისგან და მათ შორის, მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად, მძევლების, სამართალდამცავებისა და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით და ასევე, საპოლიციო ღონისძიებების ეფექტიანობისთვის მოხდეს Live სიგნალის გათიშვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო იტოვებს უფლებას გამოიყენოს კანონმდებლობის ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს აღნიშნულის უზრუნველყოფა”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
-
"იმედინიუსი"და "მაესტრო" აქვეყნებენ მძევლის ნათესავის კომენტარს, სადაც იგი თავდასხმელის "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირზე მიუთითებს
მთავრობის მიმართ ლოიალურად განწყობილი მედია – “იმედინიუსი”და “მაესტრო” აქვეყნებენ მძევლის ნათესავის კომენტარს, სადაც იგი ამბობს, რომ თავდამსხმელი “ნაციონალური მოძრაობის” სურვილებს ახმოვანებს.
„ის ადამიანი, ვინც „მთავარ არხს“ ჩაერთო პირდაპირ ეთერში არის ირაკლი კვარაცხელია. შიგნით (თავდამსხმელი) აშკარად სპეცრაზმელი ზის, მას ეტყობა, რომ ის არის მომზადებული ადამიანი, არავინ ამოწმებს ვინაა ირაკლი კვარაცხელია და რატომ იძლევა მითითებებს მშვიდ გარემოში. „მთავარ არხთან“ რა უნდა გამტაცებელს? ირაკლი კვარაცხელია სააკაშვილის ფანია, ფაქტია, რომ ბანკიდან გამტაცებლის სურვილებს „ნაცმოძრაობა ახმოვანებს“, – განაცხადა მძევლის ახლობელმა.
-
ვიდეო - ერთი მძევალი გამოვიდა ბანკის შენობიდან. რადიო "ათინათი"
“საქართველოს ბანკიდან” რამდენიმე წუთის წინ ერთი ადამიანი გამოვიდა. ის პოლიციამ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.
მას ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები უწევენ პირველად დახმარებას, ის სავარაუდოდ შეუძლოდაა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა რამნდენიმე ხანდაზმული ადამიანი და ერთი ორსული ქალი გაათავისუფლა.
-
ტელეკომპანია "მთავარის" დირექტორი ნიკა გვარამია განმარტავს როგორ დაუკავშირდა მას თავდამსხმელი
ოპოზიციური ტელეკომპანიის, “მთავარი არხის” გენერალური დირექტრეის ნიკა გვარამია ფეისბუკზე წერს, როგორ დაუკავშირდა ის პირი, რომელსაც ახლა ზუგდიდში, ბანკში 19 მძევალი ჰყავს აყვანილი:
“მინდა ავხსნა, როგორ გამოვიდა კავშირზე ტერორისტი. ერთერთმა ფბ ფრენდმა, რომელსაც არ ვიცნობ პირადად და არც როგორც ფბ ფრენდთან მქონია ოდესმე კომუნიკაცია, მომწერა, რომ ჩვენთან გასაუბრება სურდა ტერორისტს. მართალი გითხრათ, ისე დავიბენი, თვიდან ვერც გავიგე, რაზე იყო ლაპარაკი. გავაკეთე საერთო ჩატი ნიუსის პროდიუსერთან, თეო გილიგაშვილთან, ვისაც გაყავს ახლა ეთერში ნიუსი. მერე მოხდა ის, რაც ნახეთ ეთერში. ახლაც ისეთი დაბნეული ვარ, კარგად ვერ ვხვდები რა მოხდა. ქვემოთ ვაქვეყნებ ჩვენს მიმოწერას,” – წერს ნიკა გვრამია.
მინდა ავხსნა, როგორ გამოვიდა კავშირზე ტერორისტი. ერთერთმა ფბ ფრენდმა, რომელსაც არ ვიცნობ პირადად და არც როგორც ფბ…
Posted by Nika Gvaramia on ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2020
-
"იმედი": თავდამსხმელი ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელთან ითხოვს შეხვედრას
“იმედინიუსი” წერს, რომ თავდამსხმელი ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ თანამშრომელთან შეხვედრას ითხოვს.
“მაესტროს“ ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბანკის თანამშრომლებისგან გარკვეული რაოდენობის თანხა მოითხოვა, თუმცა სხვა ვერსიების თანახმად, ბოროტმოქმედი ბანკის მენეჯერთან ან ერთ-ერთ თანამშრომელთან ითხოვს შეხვედრას. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელმა ბანკის ორსულ თანამშრომელს შენობიდან გასვლის უფლება მისცა, შემდეგ კი დამლაგებელი გაათავისუფლა, რომელიც შეუძლოდ გახდა,” – აღნიშნულია “იმედინიუსის” ინფორმაციაში.
-
"ვადა არის 2 საათი" - თავდამსხმელი პოლიციას ულტიმატუმს უყენებს - "მთავარი არხი"
ზუგდიდში, ბანკზე თავდამსხმელი პოლიციას 2 საათის ვადას აძლევს. მან ეს განცხადება “მთავარ არხთან” პირდაპირ ეთერში საუბარისას გააკეთა.
“მთავარს” ექსკლუზიურად ბანკში მყოფი ერთ ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია დაუკავშირდა. თავდამსხმელთან გასაუბრებაც მისი საშუალებით მოხერხდა.
შეიარაღებული თავდამსხმელი ამბობს, რომ სამართალდამცველები არ ასრულებენ მის უპირველეს მოთხოვნას და ტერიტორიიდან სპეცრაზმი არ გაჰყავთ:
“სამართალდამცავებმა არ გააკეთეს არანაირი რეაგირება ამ ფაქტზე, მოთხოვნის მიუხედავად არავინ შემოვიდა. პირველი მოთხოვნა რაც იყო, სპეცრაზმი არ მოხსნეს პერიმეტრიდან, სამართალდამცავებს შემოსვლის წუთებიდან ვესაუბრებით. ვადა არის 2 საათი” – ამბობს თავდამსხმელი “მთავართან”
-
მძევლების მიერ გადაღებული ფოტობი. კადრებს ტელეკომპანია "ოდიში" ავრცელებს
-
შსს განცხადებას ავრცელებს
შსს-ს ინფორმაცით, ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკში” შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში 14:21 საათზე შევიდა.
ამჟამად ადგილზე მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
“მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო (ყაჩაღობა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და მძევლად ხელში ჩაგდება) შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
-
მძევალი "მთავარ არხზე" რეკავს, კადრები
“მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში დარეკა მძევალმა. ის ამბობს, რომ თავდამსხმელი 500 000 დოლარს ითხოვს. მისივე ინფორმაციით, მძევლად 19 ადამიანია.
“შენობაში ვიმყოფებით ერთ ოთახში 19 კაცი. გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული ავტომატით და ყუმბარით და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ყველანაირი ძალადობით მოგვარება ამ სიტუაციის შეუძლებელია, 500 ათას დოლარს ითხოვს და უნდა შემოვიდეს ვინმე შეუიარაღებული და ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია” – ამბობს ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია “მთავართან” საუბარში.
მისივე თქმით, თავდამსხმელი ნაღდ ფულს, ადგილზე მიტანით და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს.
ვიდეოზარის დროს ჩანდნენ იატაკზე მსხდომი ქალები და კაცები და, ასევე, სამხედროფორმიანი პირი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული და რომელიც პერიოდულად მძევალს თავის სათქმელსაც ჰკარნახობდა.
“მე ვიძლევი მაგის [უსაფრთხოების] გარანტიას იმ შემთხვევაში, თუ ძალოვანები არ ჩაერთვებიან ძალის გამოყენების კუთხით”, – ისმოდა, სავარაუდოდ, გამტაცებლის ხმა.
ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ ირაკლი კვარაცხელია შეიარაღებული კაცის მითითებით ტელეფონით არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას საკუთარი ინიციატივით დაუკავშირდა.
"500 000 დოლარს ითხოვენ" – "მთავარს" მძევალი დაუკავშირდა
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2020
-
ზუგდიდის ტელეკომპანია "ოდიშის" პირდაპირი ეთერი
ზუგდიდში, საქართველოს ბანკში კრიმინალებმა მძევლები აიყვანეს.
ზუგდიდში, საქართველოს ბანკში კრიმინალებმა მძევლები აიყვანეს. კრიმინალები ავტომატებით არიან შეიარაღებულები. ისმის სროლის ხმა.
Posted by ODISHI TV on ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2020
-
თვითმხილველის კომენტარი
როგორც ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი ანა შონია ამბობს „მაესტროს” ეთერში, ბანკის მომსახურების სივრცეში ბევრი ადამიანი იყო, რომელთაგანაც თავდამსხმელმა რამდენიმე უკვე გაათავისუფლა.
„ვემსახურებოდი ერთ-ერთ კლიენტს, როცა შემოვიდა მძარცველი, რამდენჯერმე გაისროლა როგორც მახსოვს იარაღიდან და დაიყვირა, რომ იყო ძარცვა, მისი მოთხოვნა იყო დავწოლილიყავით იატაკზე, არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი გარეთ. სავარაუდოდ, კლიენტმა გამომიყვანა გარეთ. მომსახურების მოლოდინში საკამოდ ბევრი ადამიანი იყო, მაგრამ როგორც ვიცი ასაკოვანი მოქალაქეები გამოუშვეს”
-
თავდამსხმელები 500 ათას დოლარს ითხოვენ
ფორმულას ინფორმაციით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეჭრილი თავდამსხმელები ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვენ.
ფორმულას ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევალი დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ ოთახში დაახლოებით 20 მძევალია. მისივე ცნობით, სულ სამი თავდამსხმელია.
ფორმულასთან მძევალი ყვება, რომ თავდამსხმელებს სამხედრო ფორმა აცვიათ და მათ რამდენჯერმე გაისროლეს. სავარაუდოდ, ერთი პირი მსუბუქად დაჭრილია.