აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
7 აპრილს, აფხაზეთში, COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გუდაუთის ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთი პაციენტისთვის კორონავირუსზე ჩატარებულმა ორივე ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
აფხაზეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინა და სრულად ჩაკეტა საზღვრები, მათ შორის, საკუთარი მოქალაქეებისთვის.
ჯერჯერობით გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ დიპლომატებისთვის, აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებისათვის.
ინფიცირებულია აფხაზეთის მოქალაქე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, მივლინებით რუსეთში იმყოფებოდა. ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა გაგრაში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს.
ახლა, ხელისუფლება ცდილობს განსაზღვროს იმ პირთა წრე, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან და კარანტინში მოათავსოს ისინი.
ეს COVID-19-ის პირველი შემთხვევაა, რომელიც ოფიციალურად დადასტურდა აფხაზეთის ტერიტორიაზე.
მანამდე, ვირუსი გამოუვლინდა გალის რაიონის მცხოვრებს, რომელიც რუსეთიდან სახლში 28 მარტს დაბრუნდა და იმავე დღეს თავი შეუძლოდ იგრძნო. ის ერთ-ერთ ქართულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს.