სწრაფი ტესტები, რომელიც საქართველომ შეიძინა, უხარისხოა
27 მარტის დილის 10:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 81 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4505 ადამიანი. სტაციონარში – 247.
ესპანეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ Shenzhen Bioeasy Biotechnology-ის მიერ წარმოებულ სწრაფ ტესტს კორონავირუსის აღმოჩენა ინფიცირებული ადამიანების მხოლოდ 30%-ში შეუძლია. Shenzhen Bioeasy Biotechnology ის კომპანიაა, რომელთანაც საქართველომ 215 000 სწრაფი ტესტის შეძენის თაობაზე 1 182 500 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გააფორმა. ხელშეკრულება ამ დროისთვის უკვე გაუქმებულია.
ესპანური მედიის ინფორმაციით, Shenzhen Bioeasy Biotechnology-ის არც ტესტების გაყიდვის ლიცენზია აქვს.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, Shenzhen Bioeasy Biotechnology-მა თვითონ გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია უკან გაიწვია. სახელმწიფოს კომპანიისთვის თანხა არ ჰქონდა გადარიცხული.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს შიში, რომ არასწორ დიაგნოზს დაუსვამენ, რადგან სწრაფი ტესტის პასუხი ლუგარის ლაბორატორიაში მოწმდება:
“ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას. ყველა ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით და მოქალაქეებს არ აქვთ იმის რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტებით მოხდეს მათი მცდარი დიაგნოსტიკა”.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 1 000 ტესტი, რომელიც საქართველომ ჩინეთის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო, არ არის Shenzhen Bioeasy Biotechnology-ის მიერ წარმოებული და მაღალი სიზუსტით გამოირჩევა.
მინისტრის განმარტებით, ამჟამად საქართველო სწრაფი ტესტების შემოტანაზე სხვა კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსზე სწრაფი ტესტების გამოყენება დაიწყო
Shenzhen Bioeasy Biotechnology-სთან ხელშეკრულება საქართველომ რამდენიმე დღის წინ გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ერთ ცალ სწრაფ ტესტში 5,5 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა.
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა.