ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში. მთავარი გზავნილები და შეფასებები
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში
6-8 ნოემბერს, საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი სტუმრობდა. ის შეხვდა ქვეყნის პირველ პირებს, ასევე, მონაწილეობა მიიღო ქართულ-ჩინური ბიზნესსაზოგადოების შეხვედრაში, დაესწრო ოფიციალურ სადილს.
ეს ჩინეთის ამ რანგის თანამდებობის პირის პირველი ვიზიტი იყო საქართველოში.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, განცხადებებში ხაზს უსვამდნენ, რომ ჩინეთიდან ამ რანგის სტუმრის ჩამოსვლას განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
საჯარო განცხადებების მიხედვით, ქართულ-ჩინური დელეგაციების მოლაპარაკებების მთავარი თემები იყო: ვაჭრობა, ინვესტიციები, სატრანსპორტო დერეფნები, ანაკლიის პორტი და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური თანამშრომლობა.
- “საქართველოს შეუძლია იყოს აშშ-ის პარტნიორი ან დარჩეს რუსეთისა და ჩინეთის ჩრდილში” — ინტერვიუ ჯეიმს კარაფანოსთან
- მოსაზრება: ჩინეთი საქართველოსგან მეტს იღებს, ვიდრე სანაცვლოდ გასცემს
- თეთრი სახლი: ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით საქართველოსაც იყენებს
ამ ვიზიტის მთავარი გზავნილი იყო, რომ თბილისსა და პეკინს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება სურთ. რაიმე ახალი შეთანხმებების შესახებ განცხადებები არ გაკეთებულა.
განცხადებების თანახმად, თბილისი ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, ინვესტიციების მოზიდვასა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას ცდილობს. პეკინისთვის კი საქართველო საინტერესოა, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი.
ვიზიტის დეტალები, მოკლედ
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოში 6 ნოემბერს ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში ხან ჭენგი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. გაიმართა როგორც ინდივიდუალური, ისე გაფართოებული ფორმატის შეხვედრები.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ასევე შეხვდა საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.
ვიზიტი 8 ნოემბერს დასრულდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხან ჭენგი ირაკლი კობახიძემ და მაკა ბოჭორიშვილმა გააცილეს.
“გამოვთქვი ინიციატივა, 2027 წელს თბილისში გლობალრი სამიტი ჩატარდეს” – ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.
პრეზიდენტის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, შეხვედრისას მთავარი თემა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება იყო. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, ჩინურ ინვესტიციებს, განათლებას, სამეცნიერო კავშირებსა და სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს.
- “საქართველო და ჩინეთი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადადიან” — კობახიძემ ბრიფინგი ამჯერად ჩინეთზე სასაუბროდ გამართა
- საქართველოში ჩინური კომპანიების რეგისტრაცია ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს
- “ოცნება ეუბნება აშშ-ს: “ჩვენ არ ვაპირებთ თქვენთან ურთიერთობას, ჩვენ ჩინეთი გვირჩევნია“ — მოსაზრება
განიხილეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და შუა დერეფნის განვითარება. ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე. ასევე ,თბილისში აბრეშუმის გზის მეექვსე ფორუმის ჩატარების გეგმაზე.
ყაველაშვილმა ჩინურ მხარეს გააცნო საქართველოს ინიციატივა, 2027 წელს თბილისში მშვიდობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის გლობალური სამიტი ჩატარდეს.
“ჩინურ მხარეს გავაცანი ჩემი ინიციატივა, 2027 წელს თბილისში მშვიდობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის გლობალური სამიტის გამართვის შესახებ. გამოვთქვი იმედი, რომ ჩინეთი ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
“ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩვენს ქვეყნებს შორის” – კობახიძე
საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გაამახვილა.
მან თქვა, რომ წლიდან წლამდე იზრდება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, ხოლო მიმდინარე წელს ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი გახდა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას და ქვეყნის როლს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანზიტო დერეფანში.
მან თქვა, რომ საქართველო დაინტერესებულია გააღრმაოს პარტნიორობა ჩინეთთან “ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში“:
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, წინსვლაზე, განვითარებაზე”.
პრემიერმა თქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთს “განსაკუთრებული ღირებულებითი კავშირები აქვთ”:
“ბუნებრივია, ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის”.
„გულწრფელი, მეგობრული და შედეგიანი” – ხან ჭენგი ვიზიტის დეტალებზე
ხან ჭენგმა საქართველოსთან შეხვედრები „გულწრფელ, მეგობრულ და შედეგიან“ შეხვედრებად შეაფასა.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანამ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შექმნა.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო ურთიერთობებზე გაამახვილა. მისი განცხადებით, ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა სტაბილურად იზრდება: ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე სულ უფრო მეტად შედის, საქართველოში კი პოპულარულია ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ელექტრომობილები და სხვა ახალი ენერგეტიკული ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული ავტომობილები.
ხან ჭენგმა აღნიშნა, რომ ჩინეთი მზად არის, კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია შეიძინოს და ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განვითარებას.
მან ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი მხარს დაუჭერს კონკურენტუნარიან ჩინურ კომპანიებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასა და ადგილობრივ ბაზარზე საქმიანობის გაფართოებაში.
ანაკლიის პორტი – ერთ-ერთი საკითხი შეხვედრაზე
ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური თემა შუა დერეფანი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო.
შუა დერეფანი სატრანსპორტო მარშრუტია, რომელიც ჩინეთსა და ევროპას ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის გავლით აკავშირებს. ტვირთები ჩინეთიდან ყაზახეთში, შემდეგ კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანში, საქართველოში და შავი ზღვის მიმართულებით გადაადგილდება. მარშრუტი რუსეთის გვერდის ავლით იძლევა ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობას.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ ამ დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა. ჩინეთისთვის ის ევროპასთან სავაჭრო კავშირების დივერსიფიკაციის შესაძლებლობაა, საქართველოსთვის კი სატრანზიტო ფუნქციისა და ეკონომიკური შემოსავლების გაზრდის შანსი.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბიზნეს საზოგადოებასთან შეხვედრაზე აქცენტი შუა დერეფნის კონტექსტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკვანძო როლზე გააკეთა:
„განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც შავ ზღვაზე შუა დერეფნის კარიბჭე გახდება და ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობაში მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს შეასრულებს“
ანაკლიის პორტის პროექტი წლების განმავლობაში შეფერხებული იყო. 2024 წელს საქართველოს მთავრობამ მისი მშენებლობისთვის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი შეარჩია, რომელშიც ჩინური სახელმწიფო კომპანიებიც მონაწილეობენ.
გადაწყვეტილებას თან ახლდა კითხვები ჩინური კომპანიების როლსა და საქართველოსთვის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გადაცემის შესაძლო რისკებზე. მოლაპარაკებები ჩავარდა. ახლა პორტს თავად საქართველო აშენებს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით.
კონტექსტი – დასავლეთისგან ჩამოშორება და სულ უფრო გააქტიურებული ურთიერთობები ჩინეთთან
ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავება ხდება იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესებულია.
2024 წელს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ფაქტობრივად შეჩერებულია ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების პროცესიც. ამ ფონზე ჩინეთთან პარტნიორობის გაძლიერება საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის დამატებით მნიშვნელობას იძენს.
ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობა 2023 წლის ივლისში გამოაცხადეს. წელს კი, უკვე, ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. ჩინეთთან თანამშრომლობა უკვე აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ვაჭრობით. ის მოიცავს ინვესტიციებს, ტრანსპორტს, ტურიზმს, განათლებასა და პოლიტიკურ დიალოგს.
ბოლო წლების სტატისტიკაც ადასტურებს, რომ ჩინეთის ეკონომიკური წონა საქართველოსთვის იზრდება.
ქართულ-ჩინური ბიზნესშეხვედრისას ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად დაასახელა. მან დამადასტურებლად მონაცემები მოიხმო:
2026 წლის იანვარ-სექტემბერში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2.3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ით მეტია. ამ მაჩვენებლით ჩინეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, თურქეთის შემდეგ.
ქვრივიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2002 წლიდან საქართველოში ჩინური ინვესტიციების ჯამური მოცულობა მილიარდ დოლარს აჭარბებს, ხოლო 2026 წლის პირველ ორ კვარტალში ჩინეთი საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანა იყო – ინვესტიციებმა 236 მილიონი დოლარი შეადგინა.
ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობა იზრდება ტურიზმშიც. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ჩინეთიდან 119 081 ვიზიტორი მიიღო – 23.6%-ით მეტი, ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდში. ეს ბოლო 15 წლის რეკორდული მაჩვენებელია.
რას ნიშნავს ეს ვიზიტი? ექსპერტის შეფასება

კ ონფლიქტებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი პაატა ზაქარეიშვილი, JAMnews-თან საუბარში ხან ჭენგის საქართველოში ვიზიტს, პირველ რიგში, გეოპოლიტიკურ მოვლენად აფასებს.
მისი აზრით, ამ ვიზიტით პეკინი სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში, საკუთარი ინტერესების არსებობასა და გაძლიერებას უსვამს ხაზს.
რაც შეეხება საქართველოს, ექსპერტის აზრით ამ ვიზიტს უმეტესწილად სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებისთვის:
“დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე, ხელისუფლებას შეუძლია ჩინეთის მაღალი რანგის წარმომადგენლის ჩამოსვლა საერთაშორისო მხარდაჭერისა და აღიარების ნიშნად წარმოაჩინოს”.
მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობის დასტურია ისიც, რომ მას არ შეხვდა თავად ბიძინა ივანიშვილი. ზაქარეიშვილის აზრით, ეს გარემოება საყურადღებოა, რადგან ივანიშვილი ბოლო პერიოდში საჯაროდ და ოფიციალურად დაანონსებული რამდენიმე შეხვედრის მონაწილე იყო. მათ შორის, ზუსტად ამ პერიოდში, გასულ კვირაში შეხვდა ისრაელის ელჩს.
ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს თბილისისთვის კონკრეტული შეთავაზებებიც ექნებოდა. ერთ-ერთი შესაძლო მიმართულება, მისი ვარაუდით, შესაძლოა ანაკლიის პორტი იყო. ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ჩინური კომპანიები პორტის მშენებლობის ნაცვლად მისი ოპერირებითა და ტერმინალების მართვით დაინტერესდნენ. თუმცა, ხაზს უსვამს, რომ ეს ვარაუდია და ამ ეტაპზე ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ აქვს:
“თუ ასეთი შეთავაზებები იყო, ეს არ დაიმალება. ორ-სამ თვეში ამას აუცილებლად გავიგებთ”.
რაც შეეხება ჩინეთისგან პოლიტიკურ მხარდაჭერას, ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა და პოლიტიკური თანადგომა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
მისი განმარტებით, ჩინეთის მიდგომა საქართველოს მიმართ განსხვავდება დასავლეთისა და რუსეთის მიდგომებისგან. მას არ აინტერესებს საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია. ჩინეთისთვის მთავარია პრაგმატული ეკონომიკური ურთიერთობები და არა ის, თუ რომელ პოლიტიკურ ან გეოპოლიტიკურ ბლოკთან იქნება საქართველო დაკავშირებული:
“ჩინეთმა ძალიან მკაფიოდ, სასაცილოდ თქვა – მე არ ვერივი თქვენს პოლიტიკურ საკითხებში, თქვენს ორიენტაციაში, სადაც გინდათ იქ წადით. მე მაინტერესებს პრაგმატული ეკონომიკური ინტერესები”.
ზაქარეიშვილის შეფასებით, ჩინეთს სამხრეთ კავკასიასთან არ აქვს ის ისტორიული, რელიგიური და კულტურული კავშირები, რომლებიც რუსეთს, თურქეთსა და ირანს აკავშირებს რეგიონთან. ამიტომ, მისი აზრით, პეკინი ამ ქვეყნებთან კონკურენციას ძირითადად ეკონომიკური ინტერესების გზით ცდილობს და არ ერევა პარტნიორების პოლიტიკურ ორიენტაციაში.
თუმცა, მისი აზრით, ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ საქართველო ჩინეთისგან საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებზე ისეთივე მხარდაჭერას მიიღებს, როგორსაც ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება გულისხმობს. ჩინეთის ინტერესები, როგორც ზაქარეიშვილი განმარტავს, პირველ რიგში, პრაგმატული და ეკონომიკურია.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში