თეთრი სახლი: ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით საქართველოსაც იყენებს
ჩინეთის სანქციები
ჩინეთი აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს იყენებს – ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, სახელწოდებით The Great Transshipment Scam („დიდი სატრანზიტო თაღლითობა“), არის ნათქვამი.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ანგარიშში ჩინეთის „ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვანი ქსელის“ ნაწილად 40 ეკონომიკაა დასახელებული. თეთრი სახლის შეფასებით, ეს ქვეყნები ჩინეთთან დაკავშირებული საქონლის გადაზიდვისა და გადამუშავების გზით შესაძლოა აშშ-ის სავაჭრო ზომების გვერდის ავლაში მონაწილეობდნენ.
ანგარიშში აღნიშნული ეკონომიკები სამ კატეგორიად არის დაყოფილი:
პირველ კატეგორიაში შედიან ქვეყნები და სავაჭრო ბლოკები, რომლებიც ჩინეთთან დაკავშირებული საქონლის დიდ მოცულობას იღებენ, თუმცა ამავე დროს დივერსიფიცირებული სამრეწველო ბაზარი აქვთ. ამ ჯგუფში თეთრი სახლი კანადას, ევროკავშირს, ინდოეთს, ისრაელს, იაპონიას, მექსიკას, სამხრეთ კორეასა და ტაივანს ასახელებს.
მეორე კატეგორიაში ის ქვეყნები არიან გაერთიანებული, რომლებსაც ჩინეთთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტეგრაცია აკავშირებთ. მათ შორის ანგარიშში ბრაზილია, ინდონეზია, მალაიზია, ტაილანდი, თურქეთი და ვიეტნამი სახელდება.
მესამე კატეგორიაში კი ჩინეთის „მცირე სამიზნეები“ ხვდებიან. თეთრი სახლის თანახმად, ეს ჯგუფი შედარებით მცირე ზომის ეკონომიკებს აერთიანებს, მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, უზბეკეთს, არგენტინას, შვეიცარიას, პანამას, კოლუმბიას, ჩილეს, კამბოჯასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
ანგარიშის მიხედვით, ჩინური საქონლის მესამე ქვეყნებში გადამისამართება ერთ-ერთ მექანიზმად გამოიყენება, რომლის საშუალებითაც კომპანიები აშშ-ის მიერ ჩინეთზე დაწესებული ტარიფების თავიდან აცილებას ცდილობენ.
თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში აშშ-ის ადმინისტრაციის უფრო ფართო სავაჭრო პოლიტიკის კონტექსტში ქვეყნდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩინეთიდან იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრება და მესამე ქვეყნების გავლით ტარიფების გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლაა.
2025 წლის მონაცემებით, ჩინეთიდან საქართველოში $1.98 მილიარდის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, მაშინ როდესაც საქართველოდან აშშ-ში ექსპორტის მოცულობამ მხოლოდ $120 მილიონი შეადგინა.
ჩინეთიდან საქართველოში შემოტანილი პროდუქციის მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს მიერ აშშ-ში ექსპორტირებული საქონლის ღირებულებას. 2025 წლის მონაცემებით, ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებულ საქონელს შორის ყველაზე მსხვილი კატეგორია ფეროშენადნობებია.
ამავე პერიოდში, საქართველოდან აშშ-ში ყველაზე დიდი მოცულობით ელექტროგენერატორული დანადგარები და მსუბუქი ავტომობილები გავიდა.
სავაჭრო მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვაში ჩინეთიდან იმპორტს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს, მაშინ როდესაც აშშ-ის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტის მოცულობა შედარებით მცირეა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთისთვის ტარიფების დაწესება და ეტაპობრივად გაზრდა 2025 წლის თებერვლიდან დაიწყო. 2025 წლის აპრილში ტარიფებმა 145%-ს მიღწია. პეკინმა ვაშინგტონს იმავეთი უპასუხა და ამერიკული პროდუქციისთვის 125% -იანი ტარიფი დააწესა.
მოლაპარაკებების შედეგად იმავე წლის მაისში აშშ-მა ახლად დაწესებული 145%-იანი ტარიფები 30%-მდე შეამცირა, ხოლო ჩინეთმა – 125%-იანი ტარიფები 10%-მდე. თუმცა 2025 წლამდე დაწესებული სხვა ტარიფები ძალაში დარჩა.
აშშ-ის კონგრესის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ამჟამად, სხვადასხვა ამერიკული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, ჩინურ პროდუქციაზე არაერთი ტარიფი მოქმედებს. ამ ტარიფების ნაწილი უშუალოდ ჩინეთზეა მიმართული, ნაწილი კი ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებზე ვრცელდება და ჩინეთზეც მოქმედებს.