საია: თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ Facebook-კომენტარის გამო საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია
საია თორნიკე რაზმაძეზე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მიიჩნევს, რომ აქტივისტ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ „ფეისბუქზე“ გაკეთებული კომენტარის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია.
ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისგან. საიას განცხადებით, რაზმაძის წინააღმდეგ დაწყებული საქმე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთი მაგალითია.
სამოქალაქო აქტივისტი და ბლოგერი თორნიკე რაზმაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში იბარებს დასაჯარიმებლად ან ადმინისტრაციული წესით დასაკავებლად, იმის გამო, რომ კრემლის პროპაგანდისტებს, მარგარიტა სიმონიანს და ვლადიმირ სოლოვიოვს შეაგინა ერეკლე მეფის შეურაცხყოფისთვის.
შსს-ს განმარტებით, თორნიკე რაზმაძეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან. უწყების ცნობით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მიმდინარეობს. 166-ე მუხლის პირველი ნაწილი საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებასა და სხვა მსგავს ქმედებებს ეხება, თუ ისინი საზოგადოებრივ წესრიგს ან მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს. ამ მუხლით გათვალისწინებული სანქცია 500-დან 3 000 ლარამდე ჯარიმას ან 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
რაზმაძის ადვოკატის, მიხეილ ზაქარეიშვილის თქმით, შსს-ს განცხადება უკან დახევაა და მათ შეგნებულად ჩაამატეს 173-ე მუხლი, რაც თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს, რადგან პირველ ოქმებში მსგავსი ფორმულირება არ ყოფილა და საქმე თავდაპირველად რუსი პროპაგანდისტების გინების გამო აღიძრა.
ორგანიზაციის ცნობით, თორნიკე რაზმაძემ 10 სექტემბერს „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული ვიდეოს კომენტარებში გააკეთა განცხადება, რომელიც ეხებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და რუსეთის პროპაგანდისტების, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სოლოვიოვის განცხადებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიჩნია, რომ კომენტარი შესაძლოა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავდეს.
საია ყურადღებას ამახვილებს იმ კონტექსტზეც, რომელშიც რაზმაძის კომენტარი გაკეთდა. ორგანიზაციის განცხადებით, ვიდეოში მარგარიტა სიმონიანი, რუსული სახელმწიფო მედიის Russia Today-ს რედაქტორი, საქართველო-რუსეთის ისტორიაზე საუბრისას აცხადებს, რომ „მეფე ერეკლე მუხლებზე დაჩოქილი ითხოვდა პატიებას რადგან დედა რუსეთში მიეღოთ […] კვლავ ვნახავთ, ახალი მეფე ერეკლეები როგორ შეეხვეწებიან დედა რუსეთს“.
საიას ინფორმაციით, რაზმაძემ ამ განცხადების საპასუხოდ ვიდეო ჩაწერა, რომელშიც სიმონიანის განცხადებები ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის თემაზე გაკეთებულ განცხადებებს შეადარა. სწორედ ამ ვიდეოს კომენტარებში დაწერა აქტივისტმა ფრაზა: „ამათი დედას შევე*ი „ნა კალენიახ““.
საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული კომენტარის შეფასება მისი კონტექსტის გათვალისწინების გარეშე გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან შეუთავსებელია.
ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ ვულგარული ფრაზის გამოყენება თავისთავად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კონკრეტული განცხადება შეურაცხმყოფელ ან საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევ გამოხატვად ჩაითვალოს. მათი შეფასებით, ვულგარულ ენას შესაძლოა მხოლოდ სტილისტური დატვირთვა ჰქონდეს, ხოლო სასამართლოებმა ერთმანეთისგან უნდა განასხვავონ დაცული პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ინტერესის მქონე გამოხატვა და გაუმართლებელი პირადი შეურაცხყოფა.
„შსს-ს მიერ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის საბაბით კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასჯა შემაშფოთებელ პრაქტიკად იქცა, რომელიც საზოგადოების დაშინებას, მწვავე პოლიტიკური გამოხატვის დასჯას და მსუსხავი ეფექტის შექმნას ისახავს მიზნად“, — აცხადებს საია.
ორგანიზაციის შეფასებით, სახელმწიფო ასეთ საქმეებში სათანადოდ არ აფასებს გამოხატვის მნიშვნელობას საჯარო დისკუსიისთვის, ასევე ჩარევის აუცილებლობასა და პროპორციულობას.
საიას განცხადებით, რაზმაძის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთი შემთხვევაა და ამასთანავე განსაკუთრებით ცხადად აჩვენებს მსგავსი საქმეების „აბსურდულობასა და ცინიკურობას“.
„გარდა იმისა, რომ სახელმწიფო სრულიად უგულებელყოფს კომენტარის კონტექსტს და საჯარო დისკუსიაში მის მნიშვნელობას, ამ შემთხვევაში, მსუსხავი ეფექტის შექმნის სამიზნე, მათ შორის, კრემლის ანტი-ქართული პროპაგანდისადმი კრიტიკული გამოხატვაც ხდება“, — ნათქვამია საიას განცხადებაში.
ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისგან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილმა სამმართველომ (ე.წ. “სქროლვა-სინვის” სააგენტო) ფუნქციონირება 1 ივნისს დაიწყო. უწყების განცხადებით, სამმართველოს მთავარი ამოცანა, საჯარო სივრცეში გავრცელებული, ადამიანის ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი განცხადებების გამოვლენა იქნება. რომლებიც, შესაძლოა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს მოიცავდეს.
მას შემდეგ, რაც მონიტორინგი დაიწყო ათობით ადამიანი დაჯარიმდა, ხოლო „ფორმულას“ ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია პირველი იყო, რომელსაც ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ფეისბუქ პოსტისთვის 1-თვიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ გიორგი ახობაძესაც.