"თუ რუსეთი სამხედრო ბაზას გაიყვანს, წინააღმდეგი არ ვიქნებით" — ფაშინიანმა პუტინთან შეხვედრა შეაჯამა
ფაშინიანი სომხეთიდან რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანაზე
„თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, წინააღმდეგი არ ვიქნებით. მაგრამ თუ დარჩენის სურვილს გამოთქვამენ, ამის განხილვაც შეგვიძლია“, — განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტრადიციულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ერევანი სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ყოფნას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხად არ მიიჩნევს.
ამ თემას ვლადიმირ პუტინი ფაშინიანთან ბიშკეკში შეხვედრის შემდეგ შეეხო, თუმცა, სომხეთის პრემიერის თქმით, საკითხი არც ამ მოლაპარაკებებზე და არც მანამდე არ განხილულა. რუსეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა:
„თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზა არ არის საჭირო, ჩვენ ხვალვე წავალთ. სომხეთი ამისთვის მზად არის? გეთაყვა, ჩვენ არავის არაფერს დავაძალებთ. ხოლო თუ სომეხ ხალხს სურს, რომ იქ რუსეთის სამხედრო „ფრთა“ იყოს, ჩვენ დავრჩებით. ვითანამშრომლებთ და ერთად ვიმუშავებთ“.
ფაშინიანმა ბრიფინგზე ასევე ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებიც ბიშკეკში პუტინთან შეხვედრისას განიხილეს. მათ შორის, მან კიდევ ერთხელ განმარტა სომხეთის პოზიცია რუსეთის ეკონომიკურ ბლოკში, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (ЕАЭС) წევრობასთან, სომხეთის რკინიგზაზე რუსეთის კონცესიასთან და ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით.
- რაზე შეთანხმდნენ ფაშინიანი და პუტინი ბიშკეკში: შეხვედრა ურთიერთობების უკიდურესი დაძაბულობის ფონზე
- ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სომხეთი პროვინცია კი არა, გზაჯვარედინია
სომხეთს რეფერენდუმის ჩატარებას ვერ აიძულებენ
„ვინ თქვა, რომ ЕАЭС-ის ყველა წევრმა სახელმწიფომ დაიფიცა, რომ ამ კავშირის წევრი არსებობის ბოლომდე იქნება?“
ასე უპასუხა ფაშინიანმა კითხვას სომხეთის რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (ЕАЭС) წევრობის შესახებ. ეს კითხვა ბრიფინგზე ერთ-ერთი პირველი იყო. ამავე საკითხმა ცენტრალური ადგილი დაიკავა ფაშინიანისა და პუტინის მოლაპარაკებების ღია ნაწილშიც.
უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთიდან სხვადასხვა დონეზე ისმის მოთხოვნა, რომ სომხეთმა ЕАЭС-ში ან ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმი ჩაატაროს. ამაზე ბიშკეკში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმაც გაამახვილა ყურადღება.
„სხვა ორგანიზაციაში სომხეთის გაწევრიანების პროცედურის დაწყების შესახებ კანონის მიღება ნიშნავს განაცხადს ჩვენი ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ“, — განაცხადა პუტინმა.
ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს განუმარტა და ბრიფინგზეც გაიმეორა, რომ კავშირის წესდების თანახმად, წევრობის შეწყვეტის შესახებ ქვეყანამ ექვსი თვით ადრე უნდა აცნობოს ორგანიზაციას. თუმცა, ამ ეტაპზე სომხეთს ЕАЭС-იდან გასვლის განზრახვა არ აქვს.
მისი თქმით, ის კვლავ განაგრძობს ამის ახსნას რუსი პარტნიორებისთვის და ცდილობს, საკუთარი პოზიცია მათთვის „უფრო გასაგები და მისაღები“ გახადოს.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც ამ თემით დაინტერესდა, პუტინისა და ფაშინიანის საუბრის ტონი „ხისტად“ შეაფასა. მისი თქმით, მოსკოვი ერევანთან მკვეთრად საუბრობს და მას არჩევანის წინაშე აყენებს — ევრაზიული კავშირი თუ ევროკავშირი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კი უპასუხა:
„მეც ვაყენებ რუსეთის პრეზიდენტს მკაცრი არჩევანის წინაშე. ვეუბნები: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რკინიგზაზე კონცესიის საკითხი უნდა გადაწყდეს. რატომ არ ჩნდება სათაური — „ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტი მკაცრი არჩევანის წინაშე დააყენა“?“
თავად ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ასეთი სათაურები სომხურ მედიაში არ ჩნდება, რადგან კვლავ მოქმედებს „სსრკ-ის ცენტრალური კომიტეტისადმი დაქვემდებარების ლოგიკა“, რომლის მიხედვითაც რეაქცია ასეთია: „მოსკოვიდან დარეკეს, სასწრაფოდ კონიაკი უნდა გამოვიღოთ“.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საკუთარ პოზიციას: “სომხეთს რეფერენდუმის ჩატარებას თავს ვერავინ მოახვევს.“
მისი თქმით, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, ზესახელმწიფოებრივ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის რეფერენდუმის ჩატარებაა საჭირო. თუმცა, ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როდესაც საკითხი „მომწიფდება“. კერძოდ, როდესაც სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს შეიტანს ან, სულ მცირე, საკუთარ სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს.
მანამდე რეფერენდუმის ჩატარება, მისი შეფასებით, მოქალაქეების საარჩევნო უბნებზე მიყვანას ნიშნავს მანამ, სანამ თავად კითხვა იქნება ჩამოყალიბებული და პასუხის შესაძლო ვარიანტები განსაზღვრული.
რკინიგზაზე კონცესიის გაყიდვა: საუკეთესო გამოსავალი
ფაშინიანის თქმით, მან პუტინთან სომხეთის სარკინიგზო ქსელის მომავალზე ისაუბრა და განიხილა კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ საკითხიც. ამ თემით, სხვათა შორის, უფრო მეტად სომხური მხარეა დაინტერესებული. უკვე დიდი ხანია, სომხეთის ხელისუფლება რუს პარტნიორებს უხსნის, რომ რეგიონული სარკინიგზო კავშირების განვითარებაში ქვეყანა კონკურენტულ უპირატესობებს კარგავს იმის გამო, რომ სომხეთის რკინიგზა რუსეთის მართვის ქვეშ იმყოფება.
2008 წლიდან სომხეთის რკინიგზა კონცესიის ხელშეკრულებით იმართება კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ მიერ. თავის მხრივ, ეს კომპანია „რუსეთის რკინიგზის“ 100-პროცენტიანი შვილობილი კომპანიაა. შეთანხმება 30-წლიან კონცესიას ითვალისწინებს. თუმცა, 2008 წლიდან სომხეთის რკინიგზაზე ტვირთბრუნვა ორჯერ შემცირდა, რამდენიმე მიმართულებამ ფუნქციონირება შეწყვიტა, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო ინვესტიციები დღემდე მხოლოდ ქაღალდზე დარჩა.
ამასთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა შესთავაზა კონცესიის უფლების მესამე ქვეყნისთვის მიყიდვა, ისეთი სახელმწიფოსთვის, რომელიც მეგობრულ ურთიერთობაშია როგორც სომხეთთან, ისე რუსეთთან. რუსმა პარტნიორებმა ეს წინადადება „უცნაურად და ნაკლებად მისაღებად“ შეაფასეს.
თუმცა, პუტინთან შეხვედრის შედეგებზე საუბრისას ფაშინიანმა განაცხადა:
„ჩამოყალიბდა საერთო გაგება, რომ არსებული ვითარება დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. ეს საკითხი რაღაც ფორმით უნდა გადაწყდეს. როგორც სომხეთში, ისე რუსეთში არსებობს იმის გააზრება, რომ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ვარიანტი კონცესიის უფლებების მესამე მხარისთვის მიყიდვაა. ისეთი მხარისთვის, რომელიც მისაღები იქნება როგორც სომხეთისთვის, ისე რუსეთისთვის. გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობ, ეს საუკეთესო გამოსავალია. სხვა ვარიანტები არარეალისტურად მეჩვენება.“
მოსკოვი ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის წინადადებებს წარადგენს
ფაშინიანის თქმით, სექტემბერში სომხეთს „როსატომის“ გენერალური დირექტორი ალექსეი ლიხაჩოვი ეწვევა.
„ის სომხეთს წარუდგენს იმ წინადადებებს, რომელთა გაკეთებაც რუსეთს დღეს ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით შეუძლია. უკვე მითქვამს, რომ ატომური ელექტროსადგურის საკითხი ჩვენთვის გეოპოლიტიკური არჩევანი არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობა. ვინც საუკეთესო წინადადებას შემოგვთავაზებს, მას ავირჩევთ“, — განაცხადა პრემიერმა.
ფაშინიანი არცერთი შესაძლო მოდელის არჩევას არ გამორიცხავს, იქნება ეს დასავლელი პარტნიორების მიერ შეთავაზებული მოდულური რეაქტორი თუ რუსული „კლასიკური“ ატომური ელექტროსადგური:
„ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ რუსული შეთავაზება საუკეთესო ვერ იქნება. მათ შორის, ეს მოდულურ რეაქტორებსაც ეხება. არასწორია იმის თქმა, თითქოს რუსეთს მოდულურ რეაქტორებთან დაკავშირებით შეთავაზება არ აქვს. თუმცა არსებობს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ფაქტორებისა: ფასი, ინვესტიციის ამოღების ვადა, მშენებლობის ხანგრძლივობა და დაფინანსების სქემები.“
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურდება და გადაწყვეტილება ერთი წლის განმავლობაში უნდა იქნეს მიღებული.
მისი თქმით, სომხეთი თავდაპირველად მცირე მოდულური რეაქტორის ვარიანტისკენ იხრებოდა, თუმცა „სურვილი ერთია, რეალობა კი მეორე“.
პრობლემა ისაა, რომ ექსპერტებს მოდულური ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის გამოცდილების ნაკლებობა და შესაძლო რისკები აწუხებთ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის მსოფლიოში მოქმედი ან ლიცენზირებული მოდულური ატომური ელექტროსადგურები არ იარსებებს, ეს „გაურკვევლობას“ შექმნის და გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იქნება.
ამასთან, მან განაცხადა, რომ პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მოქმედი მეწამორის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის 2036 წლის შემდეგ გახანგრძლივებაზეც.
რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება არ იგეგმება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „თუ სომხეთი მოულოდნელად ვიზების შემოღებასაც გადაწყვეტს, ეს ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ კი არ იქნება მიმართული, ის საკუთარ მოქალაქეებს დაუპირისპირდება“.
მნიშვნელოვანია, რომ ზახაროვას განცხადებამდე სომხეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო შემოღებაზე არავის უსაუბრია.
„ჩვენ მსგავსი განზრახვა საერთოდ არ გვაქვს და არც არასდროს გვქონია. ასეთი რამ აზრადაც კი არ მოგვივიდა. ძალიან გვიხარია რუსეთიდან ტურისტების მიღება. ვხედავთ, რომ ისინი ახლა სომხეთის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციაში ძალიან აქტიურად არიან ჩართულები. საზოგადოებაც კარგად იღებს ამ ადამიანებს. როგორც ჩანს, თავადაც თავს საკმაოდ კარგად გრძნობენ სომხეთში. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, გვიხარია მათი ჩამოსვლა ისევე, როგორც სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების.“ — განაცხადა პრემიერმა.