„ოკუპაცია გაუქმდა“ — РИА Новости-მ კობახიძის განცხადებებს სტატია მიუძღვნა
РИА Новости-ს სტატია
რუსული სახელმწიფო სააგენტო РИА Новости საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება და წერს, რომ თბილისმა მოსკოვთან ურთიერთობის ისტორიის გადახედვა გადაწყვიტა.
24 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიას სახელწოდებით – „ოკუპაცია გაუქმდა. კიდევ ერთი ქვეყანა ამბობს უარს, რომ რუსეთი მტრად განიხილოს“ – საფუძვლად კობახიძის განცხადებები დაედო გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით.
РИА Новости წერს, რომ კობახიძემ რუსეთის იმპერიის პროტექტორატის მიღება ქართველი ხალხისთვის ოსმალეთისა და სპარსეთის აგრესიისგან თავის დაღწევის ერთადერთ გზად წარმოაჩინა.
„კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის პროტექტორატის მიღება ერთადერთი გზა იყო ქართველი ხალხის ოსმალებისა და სპარსელების აგრესიისგან გადასარჩენად“, – წერს გამოცემა.
სტატიაში РИА Новости რამდენიმე პოლიტიკურ ექსპერტს ციტირებს. მათ შორისაა ნინო სკვორცოვა, რომელსაც სააგენტო „თბილისში მოღვაწე პოლიტიკურ ექსპერტად“ მოიხსენიებს.
სკვორცოვას შეფასებით, კობახიძის მიერ ერეკლე II-ის მეფობის პერიოდის პოლიტიკურ დისკურსში შემოტანა მხოლოდ ისტორიის გადააზრებას არ ემსახურება და ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკის გამართლებასაც უკავშირდება.
„კობახიძე ცდილობს, ერეკლე II-ის ფიგურა ისტორიულ კონტექსტში დააბრუნოს. მისთვის ეს მეფე მნიშვნელოვანია, როგორც მმართველი, რომელიც იძულებული გახდა, ქვეყნის არსებობისთვის შექმნილი საფრთხის წინაშე მსხვილ სახელმწიფოებს შორის გაეკეთებინა არჩევანი“, – ამბობს ექსპერტი.
მისი თქმით, ეს მიდგომა პარალელს ავლებს „ქართული ოცნების“ თანამედროვე პოლიტიკასთან:
„თანამედროვე საქართველოც მოქცეულია მსხვილ მოთამაშეებს შორის კონკურენტულ ველზე და ხელისუფლება თავის ქმედებებს ხსნის მშვიდობის, სუვერენიტეტის, ტრადიციული იდენტობისა და საგარეო პოლიტიკური მანევრირების თავისუფლების შენარჩუნების აუცილებლობით.“
РИА Новости ასევე ციტირებს კიდევ ერთ ექსპერტს, არტურ ატაევს, რომლის განცხადებითაც, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ახალი თაობა ძველი სტერეოტიპებისგან თავისუფლად აღზარდოს. ატაევის თქმით, ოპოზიციას, თავის მხრივ, სურს, საქართველომ უკრაინის, ბალტიისპირეთისა და სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების გამოცდილება გაიმეოროს.
„ეს დღეს ქართულ საზოგადოებაში დებატების ერთ-ერთი მთავარი თემაა. სხვა საკითხებთან ერთად, არსებობს წინადადებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებაც“, – ამბობს ატაევი.
მისივე განცხადებით, ქართული საზოგადოება და მმართველი ელიტა თანდათან იცვლება, თუმცა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის.
„ბოლოს და ბოლოს, ქართველების უმრავლესობა კვლავ განიხილავს რუსეთს, როგორც ოკუპანტს“, – ციტირებს РИА Новости-ს ატაევს.
წინაისტორია
ირაკლი კობახიძემ გეორგიევსკის ტრაქტატზე რამდენიმე განცხადება გააკეთა. მისი მთავარი არგუმენტი ასეთია: ერეკლე II-ის გადაწყვეტილებამ საბოლოოდ ქართველი ერის ფიზიკური და პოლიტიკური გადარჩენა უზრუნველყო.
18 აგვისტოს კობახიძემ ტრაქტატის გაფორმებას „ცივილიზაციური არჩევანი“ უწოდა. მისი თქმით, მუსლიმური სახელმწიფოების გარემოცვაში მყოფმა ქრისტიანმა საქართველომ არჩევანი ერთმორწმუნე რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა.
კობახიძის კიდევ ერთი მტკიცებით, ერეკლე II-ის გადაწყვეტილება არა მხოლოდ გამართლებული, არამედ იმ დროისთვის „ერთადერთი სწორი და უალტერნატივო“ არჩევანი იყო. მისი ვერსიით, რუსეთმა შეთანხმება ერეკლეს სიცოცხლეში შეასრულა:
„ვიდრე ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, მან შეთანხმების დაცვა ბოლომდე უზრუნველყო, ხოლო გეორგიევსკის ტრაქტატიდან საქართველოს ანექსიამდე თითქმის 20 წელიწადი გავიდა. ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა რეალურად გადარჩა“.
გეორგიევსკის ტრაქტატი 1783 წლის 24 ივლისს ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვით, ერეკლე II რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ის მფარველობას აღიარებდა, სანაცვლოდ კი რუსეთი ქართლ-კახეთის სამეფოს დაცვასა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას ჰპირდებოდა. ხელშეკრულება ქართლ-კახეთის სამეფოს შიდა დამოუკიდებლობას ფორმალურად ინარჩუნებდა და რუსეთის იმპერიის შემადგენელ ნაწილად მას არ აცხადებდა. თუმცა, 1801 წელს რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და მისი ანექსია მოახდინა.