აზერბაიჯანი დასავლური მედიის წინააღმდეგ: რატომ მოიხსენიეს სხვადასხვა პუბლიკაცია ერთიან "საინფორმაციო კამპანიად“?
აზერბაიჯანი და უცხოური მედია
მსოფლიო მედიაში აზერბაიჯანის შესახებ ოთხი განსხვავებული მასალა გამოქვეყნდა: პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, TVP World-ის გადაცემა პოლიტიკურ რეპრესიებზე; The Independent-ის პუბლიკაცია ალი ქერიმლის პატიმრობის პირობებზე; BBC-ის ანალიტიკური მასალა პოლიტპატიმრების შესახებ და The Guardian-ის რეცენზია ყარაბაღის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე.
ბაქომ ამ პუბლიკაციებს ორი ოფიციალური განცხადებით უპასუხა. TVP World-ის გადაცემასთან დაკავშირებით პოლონეთის ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას საპროტესტო ნოტა გადასცეს. დანარჩენი სამი პუბლიკაცია კი მედიის განვითარების სააგენტომ საკუთარ განცხადებაში ერთი „მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის“ შესაძლო შემადგენელ ნაწილებად წარმოადგინა.
თუმცა, ამ მასალების ცალ-ცალკე განხილვისას აშკარა ხდება, რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც თემატიკით, ისე ჟანრითა და ძირითადი წყაროებით.
TVP: საერთაშორისო წარმატება და შიდა რეპრესიები
26 აგვისტოს გასულ TVP World-ის გადაცემის, „აზერბაიჯანში მშვიდობას რეპრესიები ახლავს“, მთავარი კითხვა ისაა, თუ რატომ გრძელდება ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სივრცის შევიწროება მაშინ, როდესაც ბაქოს საერთაშორისო გავლენა იზრდება.
გადაცემაში განხილულია AbzasMedia-ს, Meydan TV-სა და Toplum TV-ის ჟურნალისტების დაკავებები, ასევე სისხლის სამართლის საქმეები ოპოზიციონერების, აქტივისტებისა და მკვლევრების წინააღმდეგ. წამყვანი ბენჯამინ ლი და İPEK-ის ცენტრის დირექტორის მოადგილე თურქან ბოზკურტი საუბრობენ ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებზე, ძალაუფლების ერთი ოჯახის შიგნით გადაცემაზე, ლეგიტიმაციაზე, რომელიც ყარაბაღში გამარჯვებამ ილჰამ ალიევს მოუტანა, დასავლეთთან ურთიერთობებსა და ეროვნული უმცირესობების მდგომარეობაზე.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაცემას მიკერძოებული უწოდა, ხოლო წამყვანის ქცევას, პროვოკაციული. ვინაიდან TVP პოლონეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, აზერბაიჯანულმა მხარემ გადაცემის შინაარსი პოლონეთის სახელმწიფოს პოზიციას დაუკავშირა და მისი ეთერში გასვლა „არამეგობრულ ნაბიჯად“ შეაფასა.
The Independent: პირობები, რომელშიც ალი ქერიმლი იმყოფება
30 აგვისტოს გამოქვეყნებული ბრიტანული გაზეთის მასალა უფრო ვიწრო თემას ეძღვნება: ალი ქერიმლის – აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის თავმჯდომარის, რომელიც პატიმრობაში იმყოფება – ოჯახი და ადვოკატები აცხადებენ, რომ მას ხელი არ მიუწვდება უსაფრთხო სასმელ წყალზე, სათანადო ვენტილაციაზე, სრულფასოვან ძილზე, გასეირნებასა და წიგნების კითხვაზე. Human Rights Watch-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მისი საქმის შესახებ საზოგადოებისთვის დამაჯერებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ეს საკითხი აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან კონტაქტების დროს დააყენა.
სტატიის ემოციური სათაური ყურადღებას ამახვილებს ოჯახის განცხადებაზე, რომ ქერიმლის „გატეხვას“ ცდილობენ. გარდა ამისა, პუბლიკაციაში მისთვის წარდგენილ ბრალდებას „სახელმწიფო ღალატი“ ეწოდება. ოფიციალურად კი მას ბრალად ედება მუხლი, რომელიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლისკენ მიმართულ ქმედებებს ითვალისწინებს. ეს ის კონკრეტული საკითხია, რომლის გამოც ბაქოს შეეძლო გაზეთისგან შესწორების მოთხოვნა.
გამოცემა ასევე წერს, რომ კომენტარისთვის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
BBC: სტატისტიკა და იგბალ აბილოვის საქმე
BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის 31 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატიის, „რატომ აძლიერებს ილჰამ ალიევი რეპრესიებს?“, ცენტრში თალიში მკვლევარი იგბალ აბილოვია, რომელსაც 18 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
BBC-მ გააანალიზა მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ 2021 წლიდან 2026 წლის მაისამდე შედგენილი სიები და დაასკვნა, რომ პოლიტპატიმრების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, ხოლო პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე თავისუფლების აღკვეთის საშუალო ვადამ 2026 წელს დაახლოებით 12 წელს მიაღწია. სტატიაში ასევე განხილულია AbzasMedia-ს, „რადიო აზადლიგისა“ და Toplum TV-ის საქმეები, ასევე მკვლევრების, ბაჰრუზ სამედოვისა და იგბალ აბილოვის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები.
ის ფაქტი, რომ სტატისტიკა ერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ შედგენილ სიებს ეფუძნება, შესაძლოა სადავო საკითხი იყოს. ამასთან, BBC დეტალურად განმარტავს გამოყენებულ მეთოდოლოგიას, მოჰყავს ილჰამ ალიევის პოზიცია, რომელიც პოლიტიკურ დევნას უარყოფს, და აღნიშნავს, რომ კომენტარისთვის პენიტენციურ სამსახურს მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
ვინ ზღუდავს ოფიციალურ პოზიციაზე წვდომას?
მედიის განვითარების სააგენტო (MEDİA) უცხოურ რედაქციებს ადანაშაულებს იმაში, რომ ისინი აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიციის გარკვევას არ ცდილობენ. თუმცა, 2025 წლის თებერვალში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, BBC-მ ბაქოს ბიურო დახურა, რომელიც 1994 წლიდან მუშაობდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ურთიერთგაგების პრინციპითა და ბიუროს საქმიანობისთვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობით ახსნა. როდესაც ადგილობრივი ბიუროების საქმიანობა შეზღუდულია, ხოლო სახელმწიფო უწყებები ჟურნალისტების კითხვებს უპასუხოდ ტოვებენ, უცხოური რედაქციები იძულებული ხდებიან, უფრო მეტად დაეყრდნონ ადვოკატებს, ნათესავებსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ ექსპერტებს.
ამრიგად, საინფორმაციო სურათი, რომელსაც ბაქო ცალმხრივს უწოდებს, შესაძლოა, ნაწილობრივ თავად ხელისუფლების მედიაპოლიტიკის შედეგიც იყოს.
The Guardian: რეცენზია ყარაბაღის შესახებ გადაღებულ ფილმზე
The Guardian-ის სტატია პოლიტიკური გამოძიება არ არის. ეს არის მოკლე რეცენზია რეჟისორ ალექსის პაზუმიანის დოკუმენტურ ფილმზე The Black Garden. ფილმში ყარაბაღელი სომხების სამხედრო გამოცდილება ნაჩვენებია ორი ბავშვისა და ფეხდაკარგული ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურის ისტორიების საშუალებით.
რეცენზიის შესავალში ნათქვამია, რომ ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ „უთვალავი სამხედრო კამპანიის“ პირობებში იბრძოდნენ. ამასთან, ტექსტში არ არის ნახსენები ყარაბაღის პირველი ომი, ტერიტორიების ოკუპაცია, აზერბაიჯანელი იძულებით გადაადგილებული პირები და კონფლიქტის მეორე მხარის პოზიცია. თავად ავტორიც აღიარებს, რომ ფილმს უფრო ფართო პოლიტიკური და ისტორიული კონტექსტი აკლია.
ბაქოს შეუძლია საფუძვლიანად გააკრიტიკოს მოვლენების ასეთი ცალმხრივი წარმოჩენა. თუმცა იმის მოლოდინი, რომ კინორეცენზიის ავტორი კომენტარისთვის აზერბაიჯანის მთავრობას მიმართავს, ნიშნავს კულტურის შესახებ მასალის მიმართ იმ სტანდარტების გამოყენებას, რომლებიც დამახასიათებელია ახალი ამბების ჟურნალისტიკისთვის.
რა აერთიანებს სხვადასხვა მასალას?
ოთხივე პუბლიკაციას აერთიანებს არა მათ შორის დადასტურებული კოორდინაციის არსებობა, არამედ ის, რომ მათში წარმოდგენილი აზერბაიჯანის სახე არ ემთხვევა ხელისუფლების ოფიციალურ ნარატივებს.
TVP და BBC ეჭვქვეშ აყენებენ ხელისუფლების არგუმენტებს ქვეყნის შიდა სტაბილურობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერების შესახებ, The Independent კონკრეტული პატიმრისთვის შექმნილ პირობებს ეხება, The Guardian კი, თავის მხრივ, ყარაბაღის ომს ძირითადად სომხური მხარის გამოცდილების პერსპექტივიდან წარმოაჩენს.
ამრიგად, ეს მასალები სხვადასხვა თემას ეძღვნება, თუმცა ერთი კვირის განმავლობაში ისინი სახელმწიფოსთვის სამ მგრძნობიარე სფეროს შეეხო: შიდა პოლიტიკურ კონტროლს, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებს და ყარაბაღის შესახებ ისტორიულ ნარატივს.
მიზეზი, რის გამოც ბაქო მათ ერთიანი თავდასხმის ნაწილად აღიქვამს, შინაარსის მსგავსება კი არ არის, არამედ ის, რომ ოთხივე მასალა არ ემთხვევა იმ საერთაშორისო იმიჯს, რომლის ფორმირებასაც აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს.
დადასტურებულია თუ არა „საინფორმაციო კამპანიის“ არსებობა?
მედიის განვითარების სააგენტოს (MEDİA) განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, პუბლიკაციებში რომელი ფაქტებია მცდარი და არც ისეთი მონაცემებია წარმოდგენილი, რომლებიც რედაქციებს შორის კოორდინაციაზე მიუთითებდა. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მასალების ავტორებს აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიციის გარკვევის მცდელობა არ ჰქონიათ.
ამავდროულად, The Independent წერს, რომ კომენტარისთვის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, ხოლო BBC-ს სტატიაში პრეზიდენტის პოზიციაც მოჰყავს და აღნიშნავს, რომ კომენტარისთვის პენიტენციურ სამსახურს მიმართა.
უფრო დამაჯერებელი იქნებოდა თითოეულ მასალაზე ცალკე პასუხის გაცემა. The Guardian-ის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ისტორიული კონტექსტის აღწერაში არსებული ფაქტობრივი უზუსტობების მითითება; The Independent-ისთვის ქერიმლის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებსა და მისი პატიმრობის პირობებთან დაკავშირებულ განცხადებებზე დოკუმენტირებული პასუხის მიწოდება; BBC-სთვის კი პოლიტიკური პატიმრების სიებში პირების შეყვანის კრიტერიუმებისა და სასჯელის ვადების შესახებ ალტერნატიული მონაცემების წარმოდგენა. TVP-ს შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ეთერში პასუხის უფლების მოთხოვნა.