Amnesty International: საქართველოს ხელისუფლებამ დენის კულანინი რუსეთში არ უნდა გააძევოს
დენის კულანინის საქმე
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას რუსეთის მოქალაქე დენის კულანინის რუსეთში დეპორტაცია, სადაც, ორგანიზაციის შეფასებით, მას პატიმრობისა და წამების რეალური საფრთხე ემუქრება.
ორგანიზაციის განცხადებით, კულანინი დაცული უნდა იყოს რუსეთში იძულებითი დაბრუნებისგან, რადგან ის საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და მხარდაჭერას გამოხატავდა ალექსეი ნავალნის მიმართ. ორგანიზაციის თქმით, რუსეთში ორივე პოზიცია შესაძლოა სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს.
„დენის კულანინი საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და მხარდაჭერას გამოხატავდა ალექსეი ნავალნის მიმართ – ორივე მათგანი რუსეთში დანაშაულად ითვლება და ციხით ისჯება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს მისი დეპორტაცია რუსეთში. იმ პირობებში, როცა ომის მოწინააღმდეგეთა მიმართ მკაცრი რეპრესიები მიმდინარეობს, მას შესაძლოა დაემუქროს თვითნებური სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის, წამების ან სხვაგვარი არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე“, – განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა.
მისივე თქმით, საქართველო ვალდებულია დაიცვას არდაბრუნების პრინციპი, რომელიც კრძალავს ადამიანის იმ ქვეყანაში დაბრუნებას, სადაც მას ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის რეალური საფრთხე ემუქრება.
„საქართველოს ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ დენის კულანინს შეეძლოს ეფექტიანად მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა, მათ შორის, ნებაყოფლობით გაემგზავროს უსაფრთხო მესამე ქვეყანაში“, – განაცხადა კრივოშეევმა.
ვინ არის დენის კულანინი
დენის კულანინი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. ის 2025 წლის 28 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. მას პოლიციის მანქანის მინის ჩამტვრევას ედავებოდნენ და სასამართლომ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
კულანინი მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულზე შეიწყალა. თუმცა, რადგან ის საქართველოს მოქალაქე არ არის, ციხიდან გათავისუფლების ნაცვლად მიგრაციის დეპარტამენტში გადაიყვანეს.
მისი ადვოკატის განცხადებით, კულანინის რუსეთში დეპორტაცია დაუშვებელი და საფრთხის შემცველია. მან ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელშიც უკრაინას დიდებასა და მშვიდობას უსურვებს. ადვოკატის თქმით, რუსეთში ომთან დაკავშირებული თითქმის ნებისმიერი განცხადების ინტერპრეტირება შეიძლება ისე, რომ მის ავტორს სისხლისსამართლებრივი ბრალი წაუყენონ.

30 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დენის კულანინის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება გადაწყვიტა. ის ცენტრში დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე უნდა დარჩეს, თუმცა არაუმეტეს სამი თვის ვადით.
31 აგვისტოს ადვოკატ ციალა ქათამაძეს კულანინის საქმის მენეჯერმა განუცხადა, რომ ის საქართველოს ნებაყოფლობით ვერ დატოვებს, სანამ თბილისის საქალაქო სასამართლო მისი ქვეყნიდან გაძევების საკითხზე არ იმსჯელებს.
1 სექტემბერს ადვოკატმა ციალა რატიანმა განაცხადა, რომ მიგრაციის დეპარტამენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რათა დენის კულანინი წარმოშობის ქვეყანაში, რუსეთის ფედერაციაში, გააძევონ.