ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში გამოკითხეს
ლაზარე ჯორბენაძის საქმე
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხეს.
რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარე გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მედიასთან საქმის პროკურორმა მედეა ცირამუამ და ღარიბაშვილის ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა ისაუბრეს.
ადვოკატის და პრკურორის განმარტება
პროკურატურის განცხადებით, ღარიბაშვილის მიერ ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით საჯაროდ გამოთქმულ ეჭვებს უშუალო ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს. უწყების ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერმა გამოძიებას ახალი ან ხელშესახები მტკიცებულება ვერ მიაწოდა.
„მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. რაც შეეხება მის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, მისი საჯაროდ გავრცელებული წერილები ეყრდნობოდა სხვადასხვა გამოცემიდან მიღებულ ინფორმაციას. შესაბამისად, მხოლოდ ამ ინფორმაციას ეყრდნობოდა მისი საჯარო წერილები და არა რაიმე კონკრეტულ ფაქტებს. ის იყო კატეგორიული, რომ არანაირ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ცირამუამ.
მისივე თქმით, გამომძიებლებმა ღარიბაშვილს საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ყველა შესაბამისი კითხვა დაუსვეს, თუმცა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყოფილი პრემიერი ჯორბენაძის გარდაცვალების უშუალო მოწმე ან კონკრეტული ინფორმაციის მქონე პირი არ არის.
დაცვის მხარე განსხვავებულ პოზიციას აყენებს. ღარიბაშვილის ადვოკატისა და მისი მეუღლის დის, ნათია თამაზაშვილის განცხადებით, ყოფილ პრემიერს კითხვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც პატიმრობის პერიოდში კონკრეტულ პუბლიკაციებს გაეცნო და მოგვიანებით ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.
თამაზაშვილის თქმით, ღარიბაშვილმა გამოძიებას ის გარემოებები დაუდასტურა, რომლებიც მანამდე საჯაროდ ჰქონდა გაჟღერებული:
„ირაკლიმ თავისსავე განცხადებაში აღნიშნა და დაადასტურა ის ფაქტები, რაც მისთვის იყო ცნობილი და გამოკითხვის შედეგადაც იგივე ფაქტები თქვა. მას კითხვები გაუჩნდა მას შემდეგ, რაც მიიღო წერილი, სადაც აღნიშნული იყო დიტო ჩუბინიძის სტატია გაზეთ „ასავალ-დასავალიდან“. ამ სტატიაში ლაზარე ჯორბენაძე საუბრობდა ირაკლი კობახიძეზე. მოგვიანებით მან გაიგო ამ ადამიანის გარდაცვალების შესახებ, ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირა და, შესაბამისად, საჯაროდ დასვა კითხვები. იმაზე მეტს, რაც წერილში ეწერა, ირაკლი, ბუნებრივია, ვერაფერს იტყოდა.“
დაცვის მხარის განმარტებით, ღარიბაშვილის მიზანი არ ყოფილა გამოძიებისთვის უცნობი წყაროების ან ინფორმაციის გამჟღავნება. მისი კითხვები, მათი თქმით, ეფუძნებოდა პრესაში გამოქვეყნებულ მასალებსა და ჯორბენაძის მოულოდნელ გარდაცვალებას შორის შესაძლო კავშირის შესახებ გაჩენილ ეჭვებს.
გამოკითხვების სერია
ღარიბაშვილის გამოკითხვამდე, თბილისში, დიღმის მთავარ სამმართველოში, გამოძიებამ იმ პოლიტიკოსებისა და საზოგადოებრივი ფიგურების გამოკითხვაც დაიწყო, რომლებმაც სოციალურ ქსელებში ყოფილი პრემიერის მიერ გავრცელებულ წერილს გამოეხმაურნენ.
გამომძიებლებთან უკვე იმყოფებოდნენ კოალიცია „ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი და საზოგადოებრივი აქტივისტები. გვარამიამ განაცხადა, რომ საქმის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და მისი გამოკითხვა მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდებოდა.
ამასთან, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ხატია დეკანოიძემ და თაზო დათუნაშვილმა, ასევე ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე მისვლაზე უარი თქვეს. მათ საგამოძიებო უწყებას განუცხადეს, რომ ჩვენების მიცემას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, სასამართლოში დათანხმდებიან.
საიდან დაიწყო ყველაფერი
პირველ სექტემბერს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ჯორბენაძე, რომელიც ყოფილი უფლებადამცველი იყო და ირაკლი კობახიძის მიმართ კრიტიკული პოზიციებით გამოირჩეოდა, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის მიერ მომზადებული სტატიის რესპონდენტი იყო. მისი თქმით, აღნიშნული სტატიის გამოქვეყნებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ჯორბენაძემ თავი მოიკლა.
ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ საზოგადოებას უნდა მიეწოდოს პასუხი კითხვაზე, რა გახდა ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი. ამასთან, ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ თავად გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ჯორბენაძის გარდაცვალების შემდეგ საჯაროდ აყენებდა ეჭვქვეშ თვითმკვლელობის ვერსიას.