საქართველოში 1795 აბიტურიენტს მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნება
გაზიარება
გაზიარება
აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვა
1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩაირიცხნენ, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ.
წელს, წინა წელთან შედარებით, 2.5-ჯერ გაიზარდა იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც გამოცდებზე მინიმალური ბარიერი გადალახეს, თუმცა უნივერსიტეტში ჩარიცხვა ვერ შეძლეს.
ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება წელს, გამონაკლისის სახით, მხოლოდ ერთხელ მიიღეს, რადგან ეს „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული უმაღლესი განათლების რეფორმის პირველი წელია.
მიქანაძის განცხადებით, უნივერსიტეტში ჩარიცხვის გარეშე დარჩენილი აბიტურიენტებისთვის სექტემბრის პირველ ნახევარში სახელმწიფო, კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე რეგისტრაცია გამოცხადდება.
„გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი გარკვეულწილად გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, სექტემბრის პირველ ნახევარში გამოცხადდება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე. აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, ამ პროგრამებზე რეგისტრაციას შეძლებენ.
საქართველოს ხელისუფლებამ უმაღლესი განათლების სისტემა რადიკალურად შეცვალა. ახალი რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება მკაცრი პროფილიზაციის პრინციპით გადანაწილდა: თითოეულ ქალაქსა და უნივერსიტეტს კონკრეტული აკადემიური მიმართულება აქვს.
მთავრობა აცხადებს, რომ მიზანი შრომის ბაზართან შესაბამისობა და რესურსების კონცენტრაციაა, თუმცა ცვლილებები უკვე აჩენს კითხვებს აკადემიური თავისუფლების, რეგიონული განვითარების და უნივერსიტეტების ავტონომიის შესახებ.
განათლების რეფორმის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთაქ.