ბესლანის ტერაქტიდან 22 წელი გავიდა: რამდენად წაიწია გამოძიებამ წინ და რას მიაღწიეს დაზარალებულებმა
ტერაქტი ბესლანში
ბესლანში მომხდარი ტერაქტიდან 22 წელი გავიდა: ეს ჩრდილოეთ ოსეთის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა.
რესპუბლიკაში გრძელდება სამგლოვიარო ღონისძიებები, თუმცა დღემდე არ არსებობს სრული სიცხადე იმის შესახებ, თუ რა მოხდა სინამდვილეში იმ დღეს.
„სამი დღე ჯოჯოხეთში“: ტერაქტის ქრონიკა
2004 წლის 1 სექტემბერს ტერორისტებმა ბესლანის №1 სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მძევლებად აიყვანეს. მათ შორის იყვნენ პირველკლასელები, მათი მშობლები და ჩვილები, რომლებიც მათთან ერთად იმყოფებოდნენ.
პირველივე საათებში ტერორისტებმა ყველა ზრდასრული მამაკაცი დახოცეს. დანარჩენ მძევლებს სამი დღის განმავლობაში სკოლის სპორტდარბაზში ამყოფებდნენ, წყალს არ აძლევდნენ და პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებდნენ, მათ შორის „ჩეჩნეთიდან ჯარების გაყვანას“.
ტერორისტები ასევე მოითხოვდნენ, რომ მათთან მისულიყვნენ მაშინდელი ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ძასოხოვი, ინგუშეთის პრეზიდენტი მურატ ზიაზიკოვი, დსთ-ის აღმასრულებელი მდივანი და რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ვლადიმირ რუშაილო. ამ მოთხოვნას არცერთი მათგანი არ დათანხმდა.
ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკების წარმოებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. 2 სექტემბერს ინგუშეთის ყოფილმა პრეზიდენტმა რუსლან აუშევმა მოახერხა ტერორისტების ინგუშურ ნაწილთან შეთანხმება. ის სპორტდარბაზში შეუშვეს და იქიდან დაახლოებით 20 ქალი ჩვილი ბავშვებით გამოიყვანა.
მესამე დღეს, შუადღისას, სპორტდარბაზში ორი აფეთქება მოხდა.
მძევლების ნაწილის ჩვენებებისა და ოფიციალური ვერსიის თანახმად, აფეთქდა ერთ-ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ტერორისტებს დარბაზის კედლების გასწვრივ ჰქონდათ განთავსებული. სპორტდარბაზში ხანძარი გაჩნდა, ტერორისტებმა კი მძევლების დახოცვა დაიწყეს.
არაოფიციალური ვერსიის მიხედვით კი, აფეთქებისა და ხანძრის მიზეზი გარედან განხორციელებული ზემოქმედება გახდა – სკოლის შენობას ყუმბარსატყორცნ „შმელიდან“ ესროლეს.
ეს ვერსია დღემდე სადავოდ რჩება, თუმცა ჩრდილოეთ ოსეთისა და, ზოგადად, რუსეთის ხელისუფლება მას არაობიექტურად მიიჩნევს.
მოგვიანებით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სპეცრაზმი, რომელიც აფეთქების მომენტში მეზობელ დასახლებაში შტურმის გეგმას ამუშავებდა, სასწრაფოდ ბესლანში გამოიძახეს. ტერორისტებთან ბრძოლა დაიწყო, რის შედეგადაც მძევლების უმეტესობა გათავისუფლდა.
თუმცა დანაკარგი უდიდესი აღმოჩნდა: ტერაქტის შედეგად 334 ადამიანი დაიღუპა: 314 მძევალი და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ), შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 20 თანამშრომელი. 783 მძევალი დაიჭრა.
ოფიციალური ვერსიის თანახმად, ტერორისტთა რაოდენობა 32-ს შეადგენდა და ყველა მათგანი ლიკვიდირებული იქნა, გარდა ერთისა, ნურფაშა კულაევისა, რომელიც დააკავეს და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
თუმცა ტერაქტის შემდეგ დაუყოვნებლივ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დღემდე არ დასრულებულა. დაღუპულთა ნათესავები ხელისუფლების ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმებოდნენ და „ობიექტურ და სამართლიან გამოძიებას“ ითხოვდნენ. ზოგიერთი მძევლის ჩვენების თანახმად, ტერორისტთა რაოდენობა 32-ზე მეტი იყო და შესაძლოა, მათმა ნაწილმა გაქცევაც მოახერხა.
ასევე ვრცელდებოდა მტკიცება, რომ დამნაშავეებმა სკოლის შენობაში იარაღის სამალავები წინასწარ მოაწყვეს და ტერორისტების ნაწილმა მანამდე უკვე მოახერხა შენობაში შესვლა იმ მუშების სახით, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ.

22 წლის შემდეგ
2026 წლის 1 სექტემბერს საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ბესლანის დედები“ ყოველწლიური პრესკონფერენცია გამართა.
ორგანიზაციის ლიდერმა სუსანა დუდიევამ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში გარკვეული წინსვლა შეინიშნება. მისი თქმით, ეს შესაძლებელი გახდა ორი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ. პუტინი ბესლანს ტერაქტის 20 წლისთავის წინ ეწვია. დუდიევას განცხადებით, პუტინმა შესაბამისი დავალებები რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, ალექსანდრ ბასტრიკინს მისცა.
როგორც დუდიევამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ტერორისტთა რაოდენობა მართლაც 32-ზე მეტი იყო. სისხლის სამართლის საქმე კი ჯერ არ დასრულებულა, რადგან ყველა ლიკვიდირებული ტერორისტის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. კერძოდ, ვერ ხერხდება ერთ-ერთი მათგანის, საუდის არაბეთის მოქალაქის იდენტიფიცირება. დუდიევას თქმით, საუდის არაბეთის ხელისუფლება რუსეთის საგამოძიებო ორგანოებს დახმარებას არ უწევს.
პრესკონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა ყოფილი მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. „ბესლანის დედების“ კომიტეტმა მიაღწია იმას, რომ ტერაქტის შედეგად დაზარალებულები და მათი ოჯახის წევრები სისტემატურად იღებდნენ სოციალურ და სამედიცინო დახმარებას. ტერაქტის შედეგად დაზარალებულთა კომპლექსური რეაბილიტაციის პროგრამა 2030 წლამდე გახანგრძლივდა. გაიზარდა მათი მკურნალობისთვის გამოყოფილი ხარჯებიც.
„სანატორიულ-საკურორტო რეაბილიტაცია, მე ვიტყოდი, რომ წარმატებით მიმდინარეობს. გარკვეული პრობლემები და ნიუანსები არსებობს, თუმცა ეს ყველაფერი მოგვარებადი საკითხებია. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახლა რეაბილიტაციას იღებენ ყოფილი მძევლების შვილებიც, რომლებიც უკვე ტერაქტის შემდეგ დაიბადნენ. რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარი სხვა ტერაქტების მსხვერპლთაგან თითქმის არავის აქვს მსგავს რეაბილიტაციის პროგრამაზე წვდომა“, — განაცხადა სუსანა დუდიევამ.
კვლავ მწვავედ დგას მსხვერპლთა ოფიციალური სამართლებრივი სტატუსის საკითხი. შესაბამისი კანონის მიღება დაზარალებულთა და მათი შვილების მხარდაჭერისთვის სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
ორგანიზაცია „ბესლანის დედების“ ერთ-ერთი წევრი, ელვირა ტუაევა ამბობს, რომ ისინი კვლავ გააგრძელებენ ბრძოლას ტერაქტის მსხვერპლთა შესახებ კანონის მისაღებად, და ეს კანონი მხოლოდ ბესლანის ტერაქტის მსხვერპლებს კი არ უნდა ეხებოდეს, არამედ ყველა იმ ტერაქტის მსხვერპლს, რომელიც ოდესმე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მომხდარა.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას