ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთს ან ექსკლუზიური ურთიერთობები სურს, ან არაფერი
ფაშინიანი რუსეთთან ექსკლუზიურ ურთიერთობებზე
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანსა და მოსკოვს შორის არსებული უთანხმოებები არ უნდა განიხილებოდეს როგორც კრიზისი, არამედ როგორც სომხეთის ეკონომიკის დივერსიფიკაციის შესაძლებლობა.
ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ სომხური საქონლის იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებზე და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მხოლოდ ეკონომიკურ სფეროს აღარ ეხება და უფრო ფართო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.
მისი თქმით, სომხეთი ცდილობს იპოვოს ახალი პარტნიორები და შექმნას ისეთი ურთიერთობები, რომლებიც ქვეყანას მანამდე არ ჰქონდა.
“პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვეძებთ ალტერნატივებს, რომლებიც ადრე არ გვქონდა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ბოლო პერიოდში რუსეთსა და სომხეთს შორის დაძაბულობა გაიზარდა. მოსკოვი უკმაყოფილოა ერევნის მიერ დასავლეთთან დაახლოების პროცესით, მაშინ როდესაც სომხეთი სულ უფრო ხშირად საუბრობს საკუთარი საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლობაზე.
- ფონ დერ ლაიენი ერევანში: თუ რუსეთი ბაზარს დახურავს, ევროკავშირი საკუთარ ბაზარს გახსნის
- რუსეთში გაანადგურეს ბელარუსის გავლით შეტანილი 40 ათასი სომხური ვარდი
- რუსეთის ზეწოლა სომხეთზე არჩევნებამდე: ეკონომიკა, როგორც ბერკეტი
ერევანი უარს ამბობს “ერთადერთ არჩევანზე“
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში სომხეთმა გააფორმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტები ჩინეთთან, შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, ნიდერლანდებთან, საფრანგეთთან და სხვა ქვეყნებთან.
მისი თქმით, სომხეთს არასოდეს ჰქონია და მომავალშიც ვერ ექნება მხოლოდ ერთ პარტნიორზე დამოკიდებული საგარეო პოლიტიკა.
“მე ვერ ვისაუბრებ რუსეთის გრძნობებზე. შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ რუსეთი ამას პრობლემად აღიქვამს. აქ არის ექსკლუზიურობის ელემენტი: თითქოს ურთიერთობა ან ექსკლუზიური უნდა იყოს, ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ჩვენ ამ მიდგომას არ ვიზიარებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ერევნის პოზიცია ლეგიტიმურია: რუსეთთან ურთიერთობები უნდა გაგრძელდეს, თუმცა ის აღარ იქნება ერთადერთი მიმართულება სომხეთის საგარეო პოლიტიკაში.
“ჩვენი პოზიცია უნდა იქნას აღქმული გაგებითა და პატივისცემით. მისი ლეგიტიმურობა პრაქტიკაშიც არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ“, – აღნიშნა მან.
სომხეთი მოსკოვთან დიალოგის შეწყვეტას არ აპირებს
ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი არ გეგმავს რუსეთისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მხრიდან სომხურ პროდუქტებზე დაწესებული შეზღუდვების გამო დიალოგის შეწყვეტას.
“ეს იქნებოდა ყველაზე არასწორი ნაბიჯი“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, სომხეთი პრობლემების მოგვარებას მოლაპარაკებების გზით შეეცდება, თუმცა პარალელურად გააგრძელებს ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ძიებას.
“რა სჭირდა სომხეთს?“ – ფაშინიანის კითხვები მოსკოვის მიმართ
ჟურნალისტებმა ფაშინიანს ჰკითხეს, რატომ აყენებს რუსეთი ეჭვქვეშ სომხეთის, როგორც პარტნიორის სანდოობას და ხომ არ მისცა თავად ერევანმა ამის საფუძველი.
“რა სჭირდა სომხეთს 2022 წელს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციამ ვერ შეასრულა თავისი ფუნქციები? რა გააკეთა სომხეთმა? ვის რა დაუშავა სომხეთმა?“ – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, სომხეთს არ მიუცია საფუძველი იმისთვის, რომ ის არასანდო პარტნიორად აღქმულიყო.
მან ასევე გაიხსენა ყარაბაღში განთავსებული რუსი სამშვიდობოების როლი და განაცხადა, რომ არსებობს კითხვები, რომლებზეც მოსკოვმა პასუხი უნდა გასცეს.
“რა სჭირდა სომხეთს, რომ ყარაბაღში მყოფმა რუსმა სამშვიდობოებმა ვერ შეასრულეს თავიანთი ფუნქციები? რატომ არსებობს მუდმივად ვარაუდი, რომ ჩვენ ცუდი პარტნიორები ვართ?“ – განაცხადა მან.
“ჩვენ ვაჩვენებთ, ვის ვჭირდებით“
ფაშინიანმა გაიხსენა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადება, როდესაც მან იკითხა: “ვის სჭირდება სომხეთი?“
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ასეთი კითხვა თავად აჩვენებს პრობლემურ დამოკიდებულებას პატარა სახელმწიფოების მიმართ.
“სომხეთმა ვინმეს ზიანი მიაყენა? ბელარუსს ზიანი მიაყენა? როგორ შეიძლება ასე საუბარი სუვერენულ სახელმწიფოზე?“ – განაცხადა მან.
ფაშინიანის თქმით, დღეს სომხეთი უკვე აჩვენებს, რომ მას მნიშვნელოვანი პარტნიორები ჰყავს:
“ჩინეთს, აშშ-ს, ევროკავშირს და ირანს სჭირდება სომხეთი. სომხეთს კი ყველა ეს პარტნიორი სჭირდება. საქართველოს სჭირდება სომხეთი და სომხეთს სჭირდება საქართველო. ჩვენ გვჭირდება ურთიერთობები საფრანგეთთან, გერმანიასთან, პოლონეთთან და დიდ ბრიტანეთთან. სწორედ ეს არის მთელი ამბავი.“
ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი – ფაშინიანი რეფერენდუმზე საუბრობს
ბოლო თვეებში მოსკოვი სულ უფრო ხშირად მოუწოდებს ერევანს, გააკეთოს არჩევანი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის.
რუსეთი და მისი მოკავშირეები მოითხოვენ, რომ სომხეთში რაც შეიძლება მალე ჩატარდეს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ პატივს სცემს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების განცხადებას, რომლებიც მხარს უჭერენ ასეთი რეფერენდუმის იდეას, თუმცა ამ ეტაპზე თავად საკითხი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული.
“მე პატივს ვცემ იმ ფაქტს, რომ ოთხი ქვეყნის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ამ იდეას. თუმცა რეფერენდუმის თემა ჯერ უცნობია“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, რეფერენდუმის ჩატარება ლოგიკური იქნება მაშინ, როდესაც სომხეთი მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ან ეს საკითხი რეალურად დადგება დღის წესრიგში.
“ხალხს ვერ ვთხოვთ არჩევანს იმაზე, რაც ჯერ არ არსებობს“
ფაშინიანის განცხადებით, მოსკოვი არ უარყოფს სომხეთის უფლებას, ჰქონდეს ალტერნატივები, თუმცა ფაქტობრივად ერევანს სთხოვს, დაუყოვნებლივ გააკეთოს არჩევანი.
“დღესვე გადაწყვიტეთ, რომელ ალტერნატივას აირჩევთ“, – ასე აღწერა მან რუსეთის პოზიცია.
თუმცა სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ალტერნატივა ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის.
“ალტერნატივის ფორმირების პროცესი მხოლოდ დაწყებულია. უსამართლო იქნება ხალხს ვკითხოთ, სურთ თუ არა მათ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ალტერნატივა. ხალხი ბევრ კითხვას დასვამს და დღეს ყველა კითხვაზე პასუხი არ გვაქვს“, — განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ჯერ ამ კითხვებზე პასუხების მოძიებას შეეცდება და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზებს საზოგადოებას საბოლოო არჩევანს.