"აივნიდან გადახტომას აპირებდა“ — თამაზ ელიზბარაშვილმა ციხეში შიმშილობა დაიწყო
თამაზ ელიზბარაშვილის საქმე
ადმინისტარციული წესით დაკავებულმა ბიზნესმენმა და “ქართული ოცნების” ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მას შემდეგ დააკავეს, რაც სამართალდამცველებმა მისი ავტომობილი და საცხოვრებელი ბინა გაჩხრიკეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ელიზბარაშვილი ამ დროისთვის ადმინისტრაციულად არის დაკავებული.
რა ვიცით ამ დროისთვის
ელიზბარაშვილის ადვოკატის, იაკო სირანაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ის აივნიდან გადახტომას და თვითმკვლელობას ცდილობდა.
სირანაშვილის თქმით, ელიზბარაშვილმა სამართალდამცველების მხრიდან ადვოკატის მიმართ ძალადობა და საკუთარი შვილების მძიმე მდგომარეობა დაინახა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა.
„თამაზ ელიზბარაშვილი აპირებდა თავის მოკვლას, როდესაც დაინახა ჩემი ჩაწიხვლა და ჩემი ცემით გამოგდება. რომ დაინახა მისი შვილების ტირილი და ცუდად იყვნენ ბავშვები, აივნიდან გადახტომას აპირებდა, ამაზე დააკავეს თამაზი და დაუმორჩილებლობას ედავებიან“, – განაცხადა სირანაშვილმა.
ადვოკატის მტკიცებით, სამართალდამცველებმა მისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს, როდესაც ის საგამოძიებო მოქმედებების გადაღებას ცდილობდა. მისი თქმით, ამის შემდეგ დაახლოებით 20 სამართალდამცველი მას ფიზიკურად გაუსწორდა.
„როდესაც სცადეს ტელეფონის წართმევა, რომ არ გადამეღო ვიდეო საგამოძიებო მოქმედებების დროს. ვიდეოს გადაღება ყველას შეუძლია, მით უმეტეს, ადვოკატს. სავარაუდოდ, მათ უნდოდათ ჩაედოთ იარაღი ან კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ამის საშუალებას არ ვაძლევდი მათ, რადგან ვუღებდი საგამოძიებო მოქმედებების დროს. მაგიტომ შემოვარდა, დაახლოებით 20 კაცი და მეცა, ტელეფონს მგლეჯდნენ ხელიდან. როდესაც არ მივეცი ტელეფონის წართმევის საშუალება, ხელებს მიგრეხდნენ და ძირს დამაგდეს, წიხლებით შემდგნენ“, – განაცხადა სირანაშვილმა.
ადვოკანის თქმით, მას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე დაზიანებები აქვს და გადაადგილება უჭირს. სირანაშვილმა განაცხადა, რომ კლინიკა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა, რადგან იქ დარჩენა საჭიროდ არ მიიჩნია.
„ისეთი დაზიანებები მაქვს, ძლივს დავდივარ. გადაადგილება მიჭირს. მარცხენა ხელი ძალიან მტკივა. სმენაც მაქვს დაქვეითებული და ამასთან, სახის ძვალი მაქვს გასიებული. კლინიკა ჩემი გადაწყვეტილებით დავტოვე, რადგან არ ჩავთვალე საჭიროდ იქ ყოფნა“, – თქვა მან.
სირანაშვილის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო, თუმცა მისი შეფასებით, გამოძიებას დამატებით 364-ე და 365-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულების შესწავლაც მოუწევს, რომლებიც ადვოკატის საქმიანობისთვის ხელის შეშლას ეხება.
„ცემა-ტყეპაზე უფრო მეტად გაბრაზებული ვარ ჩემი პროფესიული მოვალეობის ხელშეშლის გამო. ამაზე ვარ ყველაზე მეტად გამწარებული და იმაზეც, რომ ამხელა ძალადობას ჰქონდა ადგილი ადვოკატის მიმართ. აუცილებლად მეორე მუხლიც უნდა აამოქმედონ, 333-ე მუხლით ვერ შემოიფარგლებიან“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექსპერტიზის ჩასატარებლად საგამოძიებო უწყებაში მისვლა ჯერ ვერ შეძლო.
„ძალიან ცუდად ვარ და ფიზიკურად ამ დრომდე გამოძიებამდეც ვერ მივედი. გამოძიებამ მითხრა, ექსპერტიზას ჩაგიტარებთო და იმედია, ჩამიტარებენ.“ – აღნიშნა სირანაშვილმა.
