ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სომხეთი პროვინცია კი არა, გზაჯვარედინია
ფაშინიანი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებასა და რკინიგზის კონცესიებზე
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა დაასრულოს ის რეალობა, როდესაც რომელიმე სახელმწიფოს შეუძლია იფიქროს, რომ სომხეთს არჩევანი არ აქვს და საერთაშორისო ურთიერთობებში მის ინტერესებს ღირსებით უნდა მოეპყრონ.
ფაშინიანმა გაიხსენა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადება, რომლის მიხედვითაც, სომხეთს „წასასვლელი არსად აქვს“ და ის „არავის სჭირდება“.
სომხეთის პრემიერის შეფასებით, ლუკაშენკოს ეს სიტყვები მხოლოდ ერთი ადამიანის დამოკიდებულებას არ ასახავდა. მისი თქმით, მსგავსი დამოკიდებულება სომხეთის მიმართ უფრო ფართოდ იყო დამკვიდრებული ევრაზიული ეკონომიკური კავშირის, მათ შორის რუსეთის მიერ დომინირებული ეკონომიკური სივრცის წევრ ქვეყნებში.
ფაშინიანმა ამ დამოკიდებულებას „უპატივცემულო აღქმა“ უწოდა და განმარტა, რომ ის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენას ეფუძნებოდა: სომხეთს აქვს მოუგვარებელი კონფლიქტები აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ამიტომ მას სხვა არჩევანი არ აქვს და იძულებულია, გარკვეულ ქვეყნებთან ურთიერთობისას მათი პირობები მიიღოს.
„არსებობს ყარაბაღის კონფლიქტი, არსებობს კონფლიქტი აზერბაიჯანთან, არსებობს კონფლიქტი თურქეთთან. ეს მტრობა გადაულახავია, ამიტომ მათ წასასვლელი არსად აქვთ და ჩვენ მათთან ისე ვიმუშავებთ, როგორც გვინდა“, — აღწერა ფაშინიანმა ის მიდგომა, რომელიც, მისი შეფასებით, წლების განმავლობაში არსებობდა.
პრემიერის თქმით, ბოლო წლებში სომხეთმა პრაქტიკაში საპირისპიროს დამტკიცება შეძლო.
„ჩვენ პრაქტიკაში დავამტკიცეთ, რომ ბევრს სჭირდება სომხეთი, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიანი პარტნიორი და ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სომხეთი არ არის პროვინცია, არამედ გზაჯვარედინი სამხრეთ კავკასიასთან ერთად და უფრო დიდი რეგიონის ნაწილი“, – განაცხადა მან.
პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე ასევე ისაუბრა სომხეთის არჩევანზე ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის, ასევე სომხეთის რკინიგზის მართვის საკითხზე, რომელიც 2008 წლიდან რუსეთის კონცესიის ქვეშ იმყოფება.
სომხეთის მთავრობის ახალი წინადადებები რუსეთის მონაწილეობას რკინიგზის მართვაში მნიშვნელოვნად შეზღუდავს, თუმცა ამ ეტაპზე ერევანი კონცესიის ხელშეკრულების გაუქმებას არ გეგმავს.
ევროკავშირი თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი – ფაშინიანი მესამე გზასაც არ გამორიცხავს
რუსეთი სომხეთს კვლავ მოუწოდებს, არჩევანი გააკეთოს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის. სომეხმა ჟურნალისტებმა ფაშინიანს კიდევ ერთხელ ჰკითხეს, როგორია მთავრობის პოზიცია ამ საკითხზე.
პრემიერის თქმით, მოსკოვი ერევნისგან ორი ალტერნატივიდან ერთ-ერთის არჩევას ელოდება, თუმცა ამ ეტაპზე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჯერ იმ ეტაპზე არ არის, როდესაც არჩევანის გაკეთება რეალისტურად შეიძლება.
ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმს მხოლოდ მას შემდეგ ჩაატარებს, რაც შესაბამის ინსტიტუციურ სამუშაოებს დაასრულებს და ევროკავშირში წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს წარადგენს.
„ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ამ არჩევანს მომავალ რეფერენდუმზე. თუმცა ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ჯერ ინსტიტუციურ მოსამზადებელ სამუშაოებს დავასრულებთ და შემდეგ ოფიციალურად წარვადგენთ განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, დღეს სომხეთისთვის ევროკავშირიც და ევრაზიული ეკონომიკური კავშირიც ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია.
ამასთან, ფაშინიანმა არ გამორიცხა, რომ საბოლოო არჩევანი მხოლოდ ამ ორ სტრუქტურას შორის არ იყოს. მისი თქმით, შესაძლოა არსებობდეს მესამე გზაც: არც ევროკავშირი და არც ევრაზიული ეკონომიკური კავშირი.
„შესაძლოა, მესამე ინიციატივა გაჩნდეს: არც ევრაზიული ეკონომიკური კავშირი და არც ევროკავშირი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არც ერთი სტრუქტურა არ გვჭირდება. ვინ თქვა, რომ ყველა უნდა იყოს რაიმე სტრუქტურის ნაწილი?“ – თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანის განცხადებით, მთავრობა კიდევ რამდენიმე შესაძლო ვარიანტს განიხილავს და ამ ეტაპზე საბოლოო არჩევანის გაკეთება ნაადრევია.
რეფერენდუმის საკითხზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ სომხეთის საზოგადოების მიერ გაკეთებული არჩევანი უნდა იყოს გააზრებული და დაფუძნებული რეალისტურ შეფასებებზე.
„ეს არჩევანი უნდა იყოს მოწიფული, რადგან ჯერ არ ვიცით, რამდენად რეალისტურია ეს გზა ან რა არის საგზაო რუკა“, – განაცხადა მან.
- სომხეთი რუსეთს შორდება და ევროკავშირისკენ მიდის. პროცესი დაწყებულია, თუმცა საბოლოო მიზნამდე ჯერ შორია
- ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთს ან ექსკლუზიური ურთიერთობები სურს, ან არაფერი
„ვერავის ინტერესებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დავაყენებთ“
ფაშინიანმა, რუსეთის პირდაპირი ხსენების გარეშე, განაცხადა, რომ სომხეთს არ შეუძლია სხვა ქვეყნის ინტერესებს უპატივცემულოდ მოეპყროს. თუმცა, მისი თქმით, არც ის არის შესაძლებელი, რომ რომელიმე სახელმწიფოს ინტერესები სომხეთის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა დადგეს.
„ჩვენ ვცდილობთ, ყველა საკითხი მოთმინებით განვიხილოთ და მოვაგვაროთ, ესკალაციისა და დაძაბულობის გარეშე. ჩვენ იმდენს ვისაუბრებთ, რამდენიც საჭირო იქნება, სანამ არ მოიძებნება გამოსავალი, რომელიც მეტ-ნაკლებად ორივე მხარეს დააკმაყოფილებს“, – თქვა ფაშინიანმა.
სომხეთის მთავრობის მიდგომა, როგორც ფაშინიანმა აღწერა, არსებული შეთანხმებების შეცვლას მოლაპარაკებებისა და ეტაპობრივი გადაწყვეტილებების გზით ითვალისწინებს.
და ამის ერთ-ერთი მთავარი მაგალითი სომხეთის რკინიგზის საკითხია.
„ჩვენ არ შევწყვეტთ კონცესიის ხელშეკრულებას“
ფაშინიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ერევანს სურს სომხეთის რკინიგზასთან დაკავშირებული პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება და კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება.
მისი თქმით, სომხეთმაც და რუსეთმაც საკითხს ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით უნდა შეხედონ და ისეთი კომპრომისი იპოვონ, რომელიც არსებული პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას შექმნის.
პრემიერმა რამდენიმე შესაძლო სცენარი დაასახელა. ერთ-ერთი მათგანია რუსეთის მიერ კონცესიის უფლებების სრულად ან ნაწილობრივ გაყიდვა.
„ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს რუსული მხარის მიერ კონცესიის უფლებების გაყიდვა – მთლიანად ან ნაწილობრივ. ანუ შესაძლებელია აქციონერთა გარკვეული კონფიგურაციები“, – განაცხადა მან.
ფაშინიანის თქმით, სომხეთს არ სურს მოქმედი კონცესიის ხელშეკრულების შეწყვეტა. მისი თქმით, ამის სამართლებრივი შესაძლებლობა არსებობდა და დღესაც არსებობს, თუმცა ერევანი ამ ნაბიჯის გადადგმას არ გეგმავს.
პრემიერის მიერ დასახელებულ ერთ-ერთ მისაღებ ვარიანტად რჩება რუსეთის კომპანიის კონცესიური უფლებების მესამე მხარისთვის, საბაზრო ფასად გაყიდვა. თუმცა, ფაშინიანმა აღიარა, რომ ეს ვარიანტი შესაძლოა რუსეთისთვის სრულად მისაღები არ იყოს.
ამიტომ სომხეთის მთავრობა ექსპერტებთან ერთად სხვა მოდელებსაც განიხილავს. ერთ-ერთი ვარიანტია მართვის სტრუქტურის შეცვლა ისე, რომ რუსულ მხარეს გარკვეული წილი შეუნარჩუნდეს, თუმცა საკონტროლო გავლენა შეუმცირდეს.
„[ექსპერტები] ამბობენ, რომ შესაძლებელია მართვის განსხვავებული მოდელის დანერგვა. ვთქვათ, [რუსული] აქციების ნაწილი შენარჩუნდება, დანარჩენი კი გასხვისდება. მაგრამ ისე, რომ [რუსული მხარე] უფრო მცირე წილს შეინარჩუნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა არ მოგვარდება“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, განიხილება კიდევ ერთი შესაძლებლობა: არსებული ლიცენზიის ორ ნაწილად გაყოფა. ამჟამად რკინიგზის ინფრასტრუქტურა და მისი გამოყენება ერთიან პაკეტშია გაერთიანებული.
სომხეთი რკინიგზის საერთაშორისო ქსელში დაბრუნებას ცდილობს
ფაშინიანის განცხადებით, მოქმედი მოდელი სომხეთს ხელს უშლის, გამოიყენოს ის შესაძლებლობა, რომელიც ქვეყნისთვის საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებასთან არის დაკავშირებული.
„არსებული სიტუაცია ხელს უშლის სომხეთს, გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა, ინტეგრირება გაუწიოს ჩვენს რკინიგზას საერთაშორისო რკინიგზის ქსელში“, – განაცხადა მან.
პრემიერის თქმით, სომხეთის რკინიგზის განვითარებით დაინტერესებული პოტენციური პარტნიორები და ქვეყნები ინვესტიციების განხორციელებისგან თავს იკავებენ.
ფაშინიანის შეფასებით, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის არის, რომ ქვეყნის სარკინიგზო სისტემა რუსეთის კონცესიის ქვეშ იმყოფება.
„ისინი არა მხოლოდ ამას გვეუბნებიან, არამედ ჩვენც ვხედავთ, რომ ისინი არ იჩენენ ინვესტიციების ინტერესს ამ სექტორში. შედეგად, ჩვენ გვესმის, რომ მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი რკინიგზა რუსეთის კონცესიის ქვეშაა“, – თქვა მან.
სომხეთის მთავრობისთვის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანსპორტო კავშირების შესაძლო გაფართოების ფონზე. ერევანი ცდილობს საზღვრების სრულად გახსნას და რეგიონული სატრანსპორტო პროექტების განვითარებას, რაც, მათ შორის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მიმართულებით სარკინიგზო კავშირების აღდგენას გულისხმობს.
ფაშინიანის თქმით, სწორედ ამიტომ სომხეთის მთავრობამ საკითხი რუს პარტნიორებს კონფრონტაციული ფორმით კი არა, მეგობრული დიალოგის გზით წარუდგინა.
2008 წლის კონცესია და სომხეთის რკინიგზის პრობლემა
სომხეთის რკინიგზა 2008 წლიდან კონცესიის ხელშეკრულებით „სამხრეთ კავკასიის რკინიგზას“ აქვს გადაცემული. კომპანია „რუსეთის რკინიგზის“ სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანიაა.
კონცესიის ხელშეკრულება 30-წლიან პერიოდს მოიცავს.
თუმცა, შეთანხმების ამოქმედებიდან წლების განმავლობაში სომხეთის სარკინიგზო სექტორი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ტვირთბრუნვა დაახლოებით განახევრდა, რამდენიმე სარკინიგზო მარშრუტმა ფუნქციონირება შეწყვიტა, ხოლო ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ინვესტიციების ნაწილი განხორციელებული არ არის.
ამავე პერიოდში სომხეთი ცდილობს რეგიონში სატრანსპორტო კავშირების აღდგენას და საზღვრების გახსნის შემთხვევაში ახალი სარკინიგზო მარშრუტების ამოქმედებას.
თუმცა, არსებული კონცესიის პირობებში ამ პროექტების განხორციელება დამატებით გამოწვევებს ქმნის.
სწორედ ამიტომ ერევანი ახლა ცდილობს ისეთი მართვის მოდელის შექმნას, რომელიც ერთი მხრივ რუსულ მხარესთან არსებული შეთანხმებების სრულ გაწყვეტას არ მოითხოვს, ხოლო მეორე მხრივ სომხეთს საშუალებას მისცემს, რკინიგზა საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელში უფრო აქტიურად ჩართოს.
ფაშინიანის თქმით, საბოლოო მიზანი არა რომელიმე პარტნიორის ინტერესების იგნორირება, არამედ ისეთი გადაწყვეტის პოვნაა, რომელიც სომხეთის ეროვნულ ინტერესებსაც დაიცავს და ქვეყნისთვის ახალი სატრანსპორტო და ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებასაც გახდის შესაძლებელს.