რუსეთის სექცია: ქართველმა მოსწავლეებმა "მეხსიერების მატარებლის“ პროექტში მიიღეს მონაწილეობა
“მეხსიერების მატარებლის“ პროექტი
საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედმა რუსეთის ინტერესების სექციამ განაცხადა, რომ ქართველი მოსწავლეები მონაწილეობდნენ საერთაშორისო პროექტ “მეხსიერების მატარებლის“ საიუბილეო სეზონში, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ მეორე მსოფლიო ომის ინტერპრეტაციასა და “დიდი სამამულო ომის“ ისტორიულ ნარატივს ეძღვნება.
სექციის ინფორმაციით, საქართველოდან ჩასული უფროსკლასელები სხვა ქვეყნების თანატოლებთან ერთად მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო მარშრუტში, რომლის ფარგლებში ბელარუსისა და რუსეთის 13 ქალაქი მოინახულეს.
რუსეთის ინტერესების სექციის ცნობით, პროექტის საიუბილეო სეზონი მინსკში დასრულდა, ხოლო ოფიციალური პროგრამა ბრესტის ციხესიმაგრიდან დაიწყო. ორგანიზატორების განცხადებით, ეს ადგილი სიმბოლურად უკავშირდება საბჭოთა ისტორიულ ნარატივს, რომლის მიხედვითაც “დიდი სამამულო ომი“ სწორედ იქ დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, თბილისში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოსწავლემ ორგანიზატორებთან ერთად საერთო პანოზე მინსკის სიმბოლიკის მქონე ნიშანი განათავსა, რაც, მათი თქმით, “ხალხთა ერთიანობისა და საერთო ისტორიული მეხსიერების სიმბოლოს“ წარმოადგენდა.
პროექტში ქართველი მონაწილეების ჩართულობას გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ კოსაჩოვი. Sputnik Georgia-სთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ საქართველოს წარმომადგენლები პროექტში უკვე რამდენიმე წელია მონაწილეობენ.
“ძალიან გვიხარია, რომ უკვე არაერთი წელია, “მეხსიერების მატარებელში“ საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ის ახალგაზრდები, რომლებმაც ეს მარშრუტი გაიარეს, კეთილი ნების ელჩები ხდებიან. დარწმუნებული ვარ, ისინი შეძლებენ იმას, რაც, შესაძლოა, ჩვენ ვერ შევძელით: აღადგინონ და განავითარონ ჩვენი ურთიერთობები, გახადონ ისინი ნამდვილად მეგობრული, რადგან ეს ყველას ძალიან გვინდა,“ – განაცხადა კოსაჩოვმა.

პროექტს მხარი დაუჭირა ბელარუსის ეროვნული ასამბლეის რესპუბლიკის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მუდმივი კომისიის წევრმა ალექსანდრ ლუკიანოვმაც. Sputnik Georgia-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ბელარუსის გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი წვლილი ქართველ სამხედროებსაც მიუძღოდათ.
“ვამაყობთ, რომ ჩვენი სამშობლო გაათავისუფლეს არა მხოლოდ რუსებმა და ბელარუსებმა, არამედ, რა თქმა უნდა, მთელმა მრავალეროვანმა საბჭოთა ხალხმა, რომლის წინა რიგებშიც ჩვენი ქართველი ძმებიც იდგნენ. ოპერაცია “ბაგრატიონი“, რომელიც ფაქტობრივად დიდი გამარჯვების გვირგვინი და ჩვენი სამშობლოს გათავისუფლება იყო, ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენად იქცა.“ — განაცხადა ლუკიანოვმა.
რა არის “მეხსიერების მატარებელი“
პროექტი “მეხსიერების მატარებელი“ (რუს. Поезд Памяти) არის რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც 2022 წლიდან ტარდება. ის შეიქმნა რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და ბელარუსის ეროვნული ასამბლეის რესპუბლიკის საბჭოს ინიციატივით, ორივე ქვეყნის ლიდერების მხარდაჭერით.
მისი ოფიციალურად გამოცხადებული მიზანია:
- ახალგაზრდებში “დიდი სამამულო ომის“ ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება;
- მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული მემორიალური ადგილების გაცნობა;
- სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებს შორის კონტაქტების გაღრმავება.
პროექტი ყოველწლიურად 21–22 ივნისს, ნაცისტური გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირზე თავდასხმის წლისთავზე, ბრესტის ციხესიმაგრიდან იწყება. მონაწილეები სპეციალური მატარებლით მოგზაურობენ ბელარუსისა და რუსეთის ქალაქებში, სტუმრობენ მემორიალებს, მუზეუმებსა და სამხედრო დიდების ადგილებს. 2022 წელს მარშრუტი 15 ქალაქს მოიცავდა, ხოლო ბოლო წლებში – 13 ქალაქს.