საქართველო: სამოქალაქო საზოგადოება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაწყებულ ანექსიურ პროცესებზე საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
ანექსიური პროცესები ცხინვალსა და აფხაზეთში
“არსებობს რისკი, მოსკოვმა, სამხრეთ კავკასიაში შემცირებული გავლენის კომპენსირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს” – საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ცხინვალსა და აფხაზეთში დაწყებულ ანექსიურ პროცესებს.
განცხადების ხელმომწერები აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებების დინამიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და სტაბილურობას რეგიონში.
- რუსეთი ამკაცრებს ცხინვალზე ფინანსურ კონტროლს, რაც ე.წ. პრეზიდენტის გადადგომით იწყება
- ოკუპირებული ცხინვალის ახალი ე.წ. პრემიერ-მინისტრი (და სავარაუდოდ მომავალი პრეზიდენტი) კრემლის პროტეჟე გახდა
- “აფხაზეთი რუსეთთან შეერთებას არ გეგმავს” — მოსაზრება სოხუმიდან
მიმართვის ადრესატები არიან: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN), ევროპის კავშირი (EU), ევროპის კავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM), ეუთო(OSCE), ნატო (NATO), საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები.
ღია წერილს 56 ხელმომწერი ჰყავს. მათ შორის: ყოფილი თავდაცვისა და სახელმწიფო მინისტები, ყოფილი ელჩები, მაღალი რანგის დიპლომატები, კონფლიქტებისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტები, გენერალ-მაიორები, პროფესორები.
განცხადებაში მოყვანილია რამდენიმე ფაქტი, რაც, ხელმომწერების აზრით, ადასტურებს რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პოლიტიკას.
მათ შორისაა, 2026 წლის 9 მაისს მოსკოვში, ვლადიმერ პუტინსა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევის მიერ ხელმოწერილი „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს შეთანხმება ფაქტორივი ანექსიის ახალ განზომილებას წარმოადგენს.
ხელმომწერების თქმით, ეს დოკუმენტი რუსეთს ცხინვალში პოლიტიკურ თანამდებობებზე საკუთარი მოქალაქეების დანიშვნის უფლებას აძლევს. ქმნის უძრავი ქონებისა და რესურსების რუსეთის მოქალაქეებისათვის საკუთრებაში გადაცემის “სამართლებრივ“ საფუძვლებს.
გარდა ამისა, აღრმავებს ოკუპირებული ცხინვალის სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული სისტემების ფუნქციურ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში.
კიდევ ერთ ფაქტად დასახელებულია რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსანის მარატ კამბოლოვის დანიშვნა იკუპირებული ცხინვალის პრემიერად:
“მისთვის მართვის სადავეების გადაბარება წარმოადგენს ადგილობრივი მარიონეტული მმართველობის ფორმალური ნიშნების გაუქმებას. და ოკუპირებული რეგიონის პირდაპირ, ღია გადასვლას რუსეთის ფედერაციის მმართველობის ქვეშ“, – ვკითხულობთ მიმართვაში.
წერილში საუბარია ანექსიური პროცესების გააქტიურებაზე აფხაზეთშიც.
მიმართვის თანახმად, აფხაზეთში რუსეთთან საკანონმდებლო “ჰარმონიზაციითა“ და უძრავი ქონების ბაზრის რუსული კაპიტალისთვის გახსნით, მოსკოვი რეგიონის “სამართლებრივ” და ეკონომიკურ შთანთქმას ახდენს:
ნახსენებია ოჩამჩირის პორტი და შავი ზღვის უსაფრთხოება:
“განსაკუთრებით საგანგაშოა ოჩამჩირის პორტის გადაქცევა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო პლაცდარმად. ასევე, თბილისის მიმართ გაჟღერებული მუქარები, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის შავი ზღვის უსაფრთხოებას”, – ვკითხულობთ წერილში.
ღია წერილის ხელმომწერები ახსენებენ ომს უკრაინაში და რუსეთის დასუსტებას სამხრეთ კავკასიაში. ამ ფონზე, ისინი აცხადებენ, რომ არსებობს რისკი, მოსკოვმა შემცირებული გავლენის კომპენსირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს.
“მოსკოვის მოთხოვნა თბილისთან ე.წ. „ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერის არა კონფლიქტის რეალურ მხარესთან – რუსეთთან, არამედ ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან, წარმოადგენს საქართველოს მთელი ტერიტორიის რუსეთის გავლენის სფეროდ დაკვიდრების ნიადაგის შემზადებას.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ცალმხრივად, მათ შორის საერთაშორისო დონეზე არაერთხელ აქვს აღებული ძალის არგამოყენების ვალდებულება, რაც მსგავსი მოთხოვნების პოლიტიკურ და პროვოკაციულ ხასიათს ააშკარავებს“, – ვკითხულობთ მიმართვაში.
მიმართვის ავტორები მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს:
- კვლავაც მტკიცედ დაადასტურონ მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;
- საერთაშორისო დონეზე დაგმონ რუსეთის აგრესიული რიტორიკა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები;
- განიხილონ მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირთა მიმართ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო ანექსიურ და მილიტარისტულ პროცესებში;
- კიდევ უფრო განამტკიცონ ოკუპირებული რეგიონების მიმართ ე.წ დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა.
- გააძლიერონ მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო მედეგობისა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების განვითარებისათვის.
“მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარტნიორების დროული და კოორდინირებული მოქმედება აუცილებელია, რათა რუსეთმა გადაიხადოს მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევების გამო.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება რჩება დეოკუპაციის, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის ერთგული“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ანექსიური პროცესები ცხინვალსა და აფხაზეთში