კონტრაგერილია: როგორ იქცა ჩეჩნეთის მეორე ომის გამოცდილება რუსეთის ხელისუფლებისთვის მართვის მეთოდად
ჩეჩნეთის მეორე ომი

ამ დღეებში მსოფლიო ანა პოლიტკოვსკაიას იხსენებს. ის 20 წლის წინ, 2006 წელს მოკლეს. მკვლელობის შემსრულებლები დადგენილია, დამკვეთები – არა. თუმცა მოტივი ზუსტად ცნობილია: მისი პროფესიული საქმიანობა. უპირველესად, მუშაობა ჩეჩნეთში, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, რომლის კატასტროფული შედეგებიც რუსეთს დღემდე არ გაუაზრებია და არ შეუფასებია.
პოლიტკოვსკაიას მემკვიდრეობა „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული 500 სტატიაა. 500 დოკუმენტი იმ ეპოქის შესახებ, რომელიც გვიჩვენებს, რა იყო ეს ომი.
მსოფლიოში პოლიტკოვსკაიას უმეტესად რამზან კადიროვის პირად მტრად იცნობენ. ასეთი წარმოდგენა მნიშვნელოვნად აკნინებს მისი საქმიანობის მნიშვნელობას თანამედროვე რუსეთის გასაგებად. ასევე, ასახსნელად, რატომ აღმოჩნდა ქვეყანა ჰუმანიზმის ნულოვან ნიშნულზე.
▇ პოლიტკოვსკაია კადიროვის მტერი არ ყოფილა. ისევე, როგორც პუტინის მტერი არ ყოფილა. ის იყო იმ ომის პათოლოგანატომი, რომელმაც ორივე მოიყვანა ხელისუფლებაში.
მისი მემკვიდრეობის გააზრება შეუძლებელია იმის გაგების გარეშე, როგორ დაგვაკარგვინა ამ ომმა ადამიანურობა.
გთავაზობთ, 27 წლით უკან, 1999 წლის სექტემბერში დავბრუნდეთ. მაშინ ტერაქტებით შეშინებულმა ქვეყანამ ნდობა ვლადიმირ პუტინს გამოუცხადა, რომელიც ტერორისტებს დაჰპირდა, რომ „ტუალეტში ჩარეცხავდა“.
გარიგების პირობა – „თავისუფლება უსაფრთხოების სანაცვლოდ“ – საპრეზიდენტო ძალაუფლების გაძლიერება იყო. საბოლოოდ, სასწორზე ჩვენი საერთო მომავალი აღმოჩნდა.
მასალა მომზადებულია „ნოვაია გაზეტა ევროპას“ პუბლიკაციის მიხედვით.
„გამოქვეყნება არ შეიძლება“
2014 წლის ზაფხულში ჰაკერულმა ჯგუფმა „ანონიმურმა ინტერნაციონალმა“ იგორ გირკინის (სტრელკოვის) ელექტრონული ფოსტა გატეხა. გირკინი უკრაინაში ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წამქეზებელი და მონაწილეა. ჰაკერებმა მიმოწერა „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტებს გადასცეს.
წერილებს შორის აღმოჩნდა გირკინის მხატვრული მოთხრობა „არამზადების თავგადასავლები“. მასში დეტალურადაა აღწერილი ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, საველე პირობებში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) ოპერატიული თანამშრომლის ერთი დღე. გირკინი ამ ომში 1999-დან 2005 წლამდე მონაწილეობდა.
გირკინი წერს: „დღეს დასავლეთისკენ, არღუნის მიმართულებით უნდა წავიდეთ. დიდ დაბლობზე მდებარე „ბანდიტურ“ აულ მესკერ-იურტში (…). შეთანხმებულ ადგილზე ჩვენი კონტაქტი, აბრეკი, საკუთარ მანქანაში გველოდება. ჩვენთან გადმოგვყავს და ვესაუბრებით. ის მზად არის, მიგვასწავლოს ოთხი სახლი, სადაც მებრძოლები ხშირად აფარებენ თავ. ან ღამეს ათევენ“.
- რეკრუტირება ჩეჩნურად: როგორ ინარჩუნებს კადიროვი საკუთარ არმიას სამოქალაქო პირების ხარჯზე
- რა ვიცით ჩეჩენ ქალზე, რომელიც საქართველოდან ძალით ან მოტყუებით ჩეჩნეთში წაყვანის შემდეგ მოკლეს
- ჩეჩნეთში “ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტს და მის ადვოკატს სცემეს, თითები დაამტვრიეს და დანით დაჭრეს
- კადიროვის ხელისუფლებამ მოსამართლის ცოლი გაიტაცა. მორიგი დაუჯერებელი ამბავი ჩეჩნეთიდან
თხრობა ასე მთავრდება: „აბრეკი არღუნში ჩამოვსვით, ვოვანი კი ხანკალაში წავიყვანეთ (…). მოხსენებების მომზადება, დაგეგმვა, ორგანიზება…“
ვოვანი FSB-ის კიდევ ერთი ოპერატიული თანამშრომელია. ხანკალა კი ჩეჩნეთში რუსული სამხედრო დაჯგუფების მთავარი ბაზა იყო.
ერთი შეხედვით, ჩეჩენ აგენტთან შეხვედრის აღწერაში არაფერი იყო დანაშაულებრივი. საყურადღებო სხვა რამ იყო. თავად წერილში გირკინი ადრესატს აფრთხილებდა:
„გამოქვეყნება არ შეიძლება. რადგან ჩვენ მიერ დაკავებული ადამიანები, როგორც წესი, დაკითხვის შემდეგ უკვალოდ ქრებოდნენ. მხოლოდ „შემთხვევით“ დაკავებულებს ათავისუფლებდნენ. დანარჩენებს კი სასამართლოს გარეშე…“
როდესაც „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტებმა გირკინის პრესმდივანს, ანასტასია მიხაილოვსკაიას, სთხოვეს, დაედასტურებინა ავტორობა, მან უპასუხა:
„თუ ამას გამოაქვეყნებთ, სკანდალი ატყდება. მისი გამოქვეყნება არ შეიძლება. სასამართლოში გიჩივლებთ!“
რატომ ეშინოდა გირკინს ასე ძალიან დიდი ხნის წინ დასრულებულ ომზე დაწერილი მოთხრობის გამოქვეყნების?
კატასტროფული გათვლა
ფორმალურად, ჩეჩნეთის მეორე ომი საიდუმლო განკარგულებით, № 1255с, დაიწყო, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა, 1999 წლის 23 სექტემბერს მოაწერა ხელი.
თუმცა მოვლენათა ჯაჭვის პირველი რგოლი, 1999 წლის 7 აგვისტოს, შამილ ბასაევის რაზმებისა და „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული საუდელი დაქირავებული მებრძოლის, ხატაბის, დაღესტნის ბოტლიხის რაიონში შეჭრა გახდა.
ხასავიურტის შეთანხმებიდან, რომელმაც ჩეჩნეთის პირველი ომი დაასრულა, თითქმის სამი წელი იყო გასული. დე ფაქტო დამოუკიდებელ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიაში ძალაუფლება გაიყო.
1997 წელს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტ ასლან მასხადოვს ყველაზე ცნობილი საველე მეთაური და ვიცე-პრემიერი შამილ ბასაევი უპირისპირდებოდა. ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულ დაქირავებულ მებრძოლებთან ერთად ის მკაცრი შარიათის რეჟიმის დამყარებას ცდილობდა, რომლის იდეოლოგიურ საფუძველსაც ადგილობრივი ტრადიციებისთვის უცხო სალაფიზმი წარმოადგენდა. ამ იდეებმა ჩეჩნებში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
ბასაევი და ხატაბი დაღესტნელ სალაფიტებზე ამყარებდნენ იმედებს. 1990-იან წლებში დაღესტანში გაჩნდა შარიათული ჯამაათები, რომლებმაც რუსეთის სეკულარული რეჟიმისგან ავტონომია გამოაცხადეს. ყველაზე მნიშვნელოვან ანკლავად ოთხი მთიანი სოფლისგან შემდგარი ე.წ. „კადარის ზონა“ მიიჩნეოდა.
თუმცა ხალიფატის შექმნაზე ოცნებები რეალობას შეეჯახა: ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ისლამურ სახელმწიფოს მხარს არ უჭერდა. რეგიონის რესპუბლიკები, ჩეჩნეთისგან განსხვავებით, დამოუკიდებლობისკენაც არ ისწრაფოდნენ.
დაღესტნელმა პოეტმა რასულ გამზატოვმა ეს ასე ჩამოაყალიბა: „დაღესტანი რუსეთში ნებაყოფლობით არ შესულა და ნებაყოფლობით არც გამოვა!“
ბოევიკებს წინააღმდეგობა პირველებმა თავად დაღესტნელებმა გაუწიეს. სახალხო ლაშქარმა ბასაევისა და ხატაბის რაზმები აიძულა, ჩეჩნეთში დაბრუნებულიყვნენ.
რუსეთის ხელისუფლებამ ე.წ. „კადარის ზონაში“ სამხედრო-საპოლიციო ოპერაცია დაიწყო. ძალების ნაწილის იქით გადასატანად ბასაევი და ხატაბი დაღესტნის ნოვოლაკის რაიონში შეიჭრნენ. ამავე დროს, ხალიფატის იდეოლოგებმა გაცილებით საშიშ ტაქტიკას მიმართეს – რუსეთში საცხოვრებელი სახლების აფეთქებას.
ბუინაკსკში სამხედროების საერთო საცხოვრებლის აფეთქების შემდეგ, სადაც სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახები ცხოვრობდნენ, და მოსკოვში, გურიანოვის ქუჩაზე მდებარე პირველი საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შემდეგ, ბასაევმა ჩეხ ჟურნალისტ პეტრა პროხაზკოვას უთხრა, რომ ეს იყო „დაღესტნური ბომბები“, რომლებიც აფეთქდა „იმის საპასუხოდ, რომ რუსეთი დაღესტანს ატერორებს“.
სავარაუდოდ, ბასაევი და ხატაბი ბუდიონოვსკის გამოცდილებას ეყრდნობოდნენ: 1996 წლის მაისში იქ მძევლების აყვანამ მოვლენები ჩეჩნური წინააღმდეგობის სასარგებლოდ შემოატრიალა. თუმცა, ამჯერად მათ საბედისწერო შეცდომა დაუშვეს.
მოგვიანებით ბასაევი კატეგორიულად უარყოფდა აფეთქებებთან კავშირს. მაგრამ უკვე გვიანი იყო. ტერაქტებმა რუსეთი შეძრა, ყველა ჩეჩენის მიმართ სიძულვილის ტალღა გამოიწვია და სამხედროებს რევანშისთვის მყარი საბაბი მისცა.
რუსეთის პასუხი
უკვე მეორე ომის პირველ თვეებში დასავლელი ანალიტიკოსები ამ კამპანიას რუსეთისთვის გაცილებით წარმატებულად აფასებდნენ, ვიდრე პირველს.
ბევრი ეთანხმებოდა ანატოლი ჩუბაისს, რომელმაც განაცხადა, რომ „ჩეჩნეთში რუსული არმიის აღორძინება მოხდა“. ხელისუფლებამ და სამხედროებმა პირველი ომის შეცდომები გაითვალისწინეს და ახალი კამპანიისთვის მოემზადნენ.
აღარ ყოფილა ავანტიურული მცდელობები, როგორიც იყო „გროზნოს ორ საათში, ერთი საჰაერო-სადესანტო პოლკით აღება“. ოპერაციას გამოცდილი გენერლები ხელმძღვანელობდნენ.
სამხედრო დაჯგუფებას ეტაპობრივად და გეგმაზომიერად აძლიერებდნენ. ავიაციასა და არტილერიას ფართოდ და შეზღუდვების გარეშე იყენებდნენ: ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს „გრადს“, თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს და უწყვეტ, მასირებულ საჰაერო დარტყმებს.
დასავლელი სპეციალისტების გამოთვლით, რომლებიც პენტაგონის დაკვეთით ამ ომს სწავლობდნენ, ცეცხლის ოპერაციების 80%-ზე მეტი ავიაციაზე მოდიოდა, 15-17% კი – არტილერიაზე.
სამხედროებისთვის აკრძალული სამიზნეები არ არსებობდა: არც საცხოვრებელი სახლები, არც სკოლები, არც საავადმყოფოები და არც ბაზრები.
ამას ადასტურებს რუსი და საერთაშორისო უფლებადამცველების არაერთი ანგარიში. თუმცა, ამის დასტური მხოლოდ მათი ცნობები არ არის. სახელმწიფო მუზეუმის, „ა. ა. კადიროვის სახელობის დიდების მემორიალური კომპლექსის“ ვებგვერდზე წერია:
„განადგურდა თითქმის მთელი სამრეწველო, საცხოვრებელი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. გროზნოს ცენტრალურ ნაწილსა და მიკრორაიონებში საცხოვრებელი შენობების 80%-ზე მეტი მთლიანად დაინგრა ან აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა“.
ამ ტაქტიკამ მშვიდობიან მოსახლეობაში კოლოსალური მსხვერპლი გამოიწვია. თუმცა პირველ ომთან შედარებით, რუსი სამხედროების დანაკარგები მკვეთრად შეამცირა.
მთებში ელიტური დანაყოფები იბრძოდნენ. საკვანძო ხეობებისთვის ბრძოლებს მიზანმიმართულად, ზამთარში აწარმოებდნენ, როცა ბოევიკების გადაადგილების შემჩნევა ჰაერიდან ადვილი იყო, ტყე კი მათ ვეღარ ფარავდა.
გარდა ამისა, რუსეთის ისტორიაში პირველად, სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო დანამატები რამდენჯერმე გაუზარდეს და საკონტრაქტო სამხედროებს სოციალური შეღავათები დაუწესეს. ომი შემოსავლის მიღების მიმზიდველ საშუალებად იქცა.
თუმცა „არმიის აღორძინებაზე“ უფრო დიდი გავლენა, ვიდრე პირველ კამპანიაში დამარცხებამ, ყოფილ იუგოსლავიაში განვითარებულმა კონფლიქტმა და ნატოს ჩარევამ მოახდინა. დასავლელი ანალიტიკოსები უკვე მაშინ შეშფოთებით აღნიშნავდნენ, რომ ჩეჩნეთი პოლიგონად იქცა, სადაც რუსეთი მომავალში გარე მოწინააღმდეგესთან ომის სცენარებს ამუშავებდა.
ინდოელი სამხედრო ექსპერტი, გადამდგარი გენერალ-მაიორი გაგანდიპ ბაქში, რუსეთის ოპერაციას ჯამუსა და ქაშმირში სეპარატიზმის ჩახშობას ადარებდა.
მისი თქმით, ბალკანეთის მოვლენებმა და ნატოს ახალმა მისიამ ალიანსის პასუხისმგებლობის ზონის მიღმა რუსეთს სამხედრო დოქტრინის შეცვლისა და ჩეჩნეთის კონფლიქტის „კონვენციურ ომად“ გარდაქმნისკენ უბიძგა.
„ეს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრაა, რომლის დროსაც რუსეთმა საერთაშორისო დაგმობას ანგარიში არ გაუწია. კონფლიქტი მკაცრი, კლასიკური ომის ფორმატში გადაიყვანა, სადაც მშვიდობიანი დროის კანონები და ადამიანის უფლებების სტანდარტები აღარ არის გათვალისწინებული…“
ამ პასუხის სიმბოლოდ გროზნო იქცა. 2003 წელს გაერომ ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პლანეტის ყველაზე მეტად განადგურებულ ქალაქად აღიარა.
NKVD-დან FSB-მდე
2000 წლის 29 თებერვალს გენერალ-ლეიტენანტმა გენადი ტროშევმა, ჩრდილოეთ კავკასიაში გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაურის მოადგილემ, სამხედრო ფაზის დასრულება გამოაცხადა.
ხუთ თვეში არმიამ კონტროლი დაამყარა ჩეჩნეთის მთელ დაბლობ ნაწილსა და მთიანი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე. თითქმის ყველა მსხვილი დასახლება დანგრეული იყო. გამონაკლისი გუდერმესი აღმოჩნდა – გავლენიანმა იამადაევების კლანმა, რომელიც მოსკოვის მხარეს გადავიდა, ქალაქი უბრძოლველად ჩააბარა.
ჩეჩნეთი მოსახლეობის თითქმის ნახევარმა, დაახლოებით 400 ათასმა ადამიანმა დატოვა. რუსეთში, სადაც საცხოვრებელი სახლების აფეთქებების შემდეგ შიში სუფევდა, მათ არავინ ელოდა.
ადამიანები ინგუშეთს აფარებდნენ თავს ან უზარმაზარი რისკის ფასად, ზამთარში, მთების გავლით საქართველოში გადმოდიოდნენ.
პატარა ინგუშეთმა 240 ათასი ლტოლვილი მიიღო. რესპუბლიკას მათი დაბინავებისა და გამოკვების რესურსი არ ჰქონდა. ფედერალური დაფინანსების დაგვიანების გამო ასობით ათასი ადამიანი თვეობით ვერ იღებდა ცხელ საკვებსა და სახელმწიფო სასურსათო დახმარებას.
მასობრივი შიმშილის თავიდან აცილება მხოლოდ საერთაშორისო დახმარების წყალობით მოხერხდა. სწორედ მაშინ დაიწყო ჩეჩნების მასობრივი გადასახლება ევროპასა და სხვა ქვეყნებში. ომამდე ჩეჩნური დიასპორა მხოლოდ ერთ ქვეყანაში – იორდანიაში არსებობდა.
მოსკოვისთვის ახალი ეტაპი იწყებოდა: პარტიზანული ომის პირობებში ტერიტორიის შენარჩუნება. დასავლელი ექსპერტები სირთულეებს წინასწარმეტყველებდნენ, რადგან რუსეთს „არასოდეს შეუმუშავებია დოქტრინა აჯანყებულების წინააღმდეგ ხანგრძლივი სამხედრო კამპანიების წარმოებისთვის, რაც ჩეჩნეთის პირველ ომში დამარცხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა“.
დოქტრინა მართლაც არ არსებობდა. სამაგიეროდ, არსებობდა 1940-იანი წლების პარტიზანული მოძრაობების ჩახშობის საბჭოთა გამოცდილება – დასავლეთ უკრაინაში უკრაინის მეამბოხეთა არმიის (UPA), ბალტიისპირეთში კი „ტყის ძმების“ წინააღმდეგ ბრძოლა.
მაშინ НКВД-მ და МГБ-მ საბჭოთა კონტრგერილიის კლასიკური მეთოდები შეიმუშავეს: გაწმენდითი ოპერაციები, ფილტრაციის ბანაკები, იძულებითი გაუჩინარებები, საიდუმლო ციხეები, ინფორმაციის მოპოვების ან აგენტებად გადაბირების მიზნით წამება, კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრება პარტიზანებისთვის მოსახლეობის მხარდაჭერის მოსასპობად და ამნისტიები იატაკქვეშა მოძრაობის დასაყოფად. ეს ყველაფერი ჩეჩნეთის მეორე ომის პირველივე დღეებიდან გამოიყენებოდა.
მთავარ როლს სამხედროები კი არა, სპეცსამსახურები ასრულებდნენ. როგორც კი არმიამ რესპუბლიკის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე კონტროლი აღადგინა, გენერლები უკანა პლანზე გადაიყვანეს, სტრატეგიული ხელმძღვანელობა კი ФСБ-მ გადაიბარა.
2001 წლიდან გაერთიანებულ სამხედრო დაჯგუფებას სპეცსამსახურების მოქმედი ან ყოფილი თანამშრომლები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც ფორმალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იყვნენ გადასული.
სწორედ მაშინ დაიწყეს იგორ გირკინმა და მისმა მსგავსმა ოპერატიულმა თანამშრომლებმა ჩეჩნეთში ისეთი საქმიანობა, რომლის შესახებაც „გამოქვეყნება არ შეიძლება“ თითქმის 30 წლის შემდეგაც კი.
„დანარჩენებს სასამართლოს გარეშე…“
რუსმა უფლებადამცველმა ალექსანდრ ჩერკასოვმა, ომის დაწყებიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ქრონიკებზე დაყრდნობით, რომლებსაც უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალი“ აწარმოებდა, დაადგინა, როდის შეხვდა გირკინი აგენტს მესკერ-იურტთან.
მან ისიც გაარკვია, რა მოხდა ხელმძღვანელობისთვის მოხსენების წარდგენის შემდეგ და რა გამოტოვა თავად ავტორმა თავის მოთხრობაში.
2000 წლის 15 ნოემბერს, გამთენიისას, სამხედროებმა მესკერ-იურტში ე.წ. „გაწმენდითი ოპერაცია“ ჩაატარეს. ასე უწოდებდნენ ჩეჩნეთში დასახლებულ პუნქტებში სამხედრო რეიდებს.
სცენარი ყოველთვის ერთი და იგივე იყო: ნიღბიანი სამხედროები, ნომრებისა და განმასხვავებელი ნიშნების გარეშე, ჯავშანტექნიკით სოფელს ან უბანს ალყაში აქცევდნენ. სახლებში იჭრებოდნენ, ჩხრეკას ატარებდნენ და ხშირად მეპატრონეების თვალწინ ძარცვავდნენ კიდეც.
მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მასობრივად მიჰყავდათ ადგილობრივი მცხოვრებლები გაურკვეველი მიმართულებით. დაკავებულები დროებითი მოთავსების ცენტრებში გადაჰყავდათ, რომლებიც, არსებითად, საიდუმლო ციხეებს წარმოადგენდა. იქ ე.წ. „დაჩქარებულ დაკითხვებს“ ატარებდნენ, რაც წამებით დაკითხვას ნიშნავდა.
ძალადობას ყველას მიმართ იყენებდნენ, ასაკისა და სქესის მიუხედავად. თუმცა, გირკინის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, მსხვერპლთა უმეტესობა „შემთხვევით“ იყო დაკავებული. რამდენიმე დღის შემდეგ მათ ათავისუფლებდნენ, ხშირად გამოსასყიდის სანაცვლოდ, რომელსაც ნათესავები აგროვებდნენ. თუმცა ზოგიერთი ადამიანი უკვალოდ ქრებოდა.
2000 წლის 15 ნოემბერს მესკერ-იურტში ილიას გაჩაევი, შამილ იაშუევი, ადამ და ემედი სოლტამურადოვები დააკავეს. თანასოფლელების უმეტესობა მომდევნო დღეებში გაათავისუფლეს. ეს ოთხი კი შინ აღარ დაბრუნებულა. მათი სახელები იმ ადამიანთა სიას შეემატა, რომლებიც ჩეჩნეთში იძულებით გაუჩინარდნენ. ამ სიაში ათასობით ადამიანია.
ჩეჩნეთის მეორე ომის დროს იძულებით გაუჩინარებულთა შესახებ ზუსტი მონაცემები დღემდე არ არსებობს. არც რუსეთის და არც ჩეჩნეთის ხელისუფლებას აღრიცხვა არ უწარმოებია.
მონაცემებს უფლებადამცველები აგროვებდნენ, რამდენადაც მათი მწირი რესურსები ამის საშუალებას იძლეოდა.
სანამ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერაციის შედეგების შესახებ ანგარიშებს ჯერ კიდევ აქვეყნებდა. სტატისტიკა ასეთი იყო: კამპანიის პირველივე ხუთ თვეში 5 500 ადამიანი დააკავეს. პირველი ორი წლის განმავლობაში „მემორიალმა“ 1 250-ზე მეტი დაკავებულის უკვალოდ გაუჩინარება დაადოკუმენტირა.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სულ მცირე ცხრა დიდი სამარხი და ცალკე დამარხული რამდენიმე ათეული ცხედარი აღმოაჩინეს. სხეულებს წამების სასტიკი კვალები ეტყობოდა: მოჭრილი თავის კანი, თითების მოჭრილი ფალანგები, მოკვეთილი ყურები, ცოცხლად ატყავებული ადამიანების სხეულები, დათხრილი თვალები, გადაჭრილი ყელი და დამსხვრეული ძვლები. თითქმის ყველა ცხედარს ცეცხლსასროლი იარაღით დახვრეტის კვალი ჰქონდა.
სოფელ სტარიე ატაგიში გატაცებულთა ცხედრები მაშინ აღმოაჩინეს, როცა საბჭოთა მეურნეობის არხს წმენდდნენ. ექსკავატორს სკამი გამოედო, რომელზეც ახალგაზრდა ჩეჩენის ცხედარი თოკებით იყო მიბმული. ის ცოცხალი მიაბეს, სამიზნესავით დახვრიტეს და სკამთან ერთად მიწაში ჩამარხეს.
ცხედრებს, ზოგჯერ კი ცოცხალ ადამიანებსაც, ვერტმფრენებიდან გროზნოს წყალსაცავსა და ჩეჩნეთის მდინარეებში აგდებდნენ. 2000 წლის 1 აპრილს ინგუშეთის სოფელ არშტის მცხოვრებლებმა დაინახეს, როგორ გადააგდო სამხედრო ვერტმფრენმა ადამიანი მდინარე ასაში.
ცხედარი ამოიცნეს – ეს იყო 24 წლის რუსტამ თემირსულთანოვი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა აღმოაჩინა, რომ მას პირში საკუთარი თვალის კაკალი ჰქონდა.
„მემორიალის“ მონაცემებით, ჩეჩნეთის მეორე ომის ათი წლის განმავლობაში იძულებითი გაუჩინარების მსხვერპლი 3-დან 5 ათასამდე ჩეჩენი გახდა.
უფლებადამცველები ხაზს უსვამდნენ, რომ მონიტორინგი რესპუბლიკის დასახლებული პუნქტების მხოლოდ მეოთხედიდან მესამედამდე ნაწილს მოიცავდა და იქაც კი სრულყოფილი არ ყოფილა.
დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ
რუსეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობაში იძულებითი გაუჩინარების შესახებ ცალკე მუხლი არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს არც ამ დანაშაულის სამართლებრივი კვალიფიკაცია და არც მისთვის განსაზღვრული სასჯელი.
თუმცა 1992 წლის 18 დეკემბერს რუსეთი იმ სახელმწიფოებს შორის იყო, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გაეროს გენერალური ასამბლეის 47/133 რეზოლუციას – დეკლარაციას ყველა პირის იძულებითი გაუჩინარებისგან დაცვის შესახებ.
დეკლარაციის თანახმად, იძულებითი გაუჩინარება ნიშნავს ადამიანის თავისუფლების აღკვეთას სახელმწიფოს წარმომადგენლების ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ, რასაც მოჰყვება ამ ფაქტის აღიარებაზე უარის თქმა და ადამიანის ბედის შესახებ ინფორმაციის დამალვა.
დეკლარაცია სახელმწიფოებს ავალდებულებდა, არ დაეშვათ მსგავსი პრაქტიკა. იძულებითი გაუჩინარება ცალკე სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა განესაზღვრათ.
თუ ასეთი პრაქტიკა ფართომასშტაბიანი და სისტემატურია, ხოლო სახელმწიფო მას არ აღიარებს, არ იძიებს და დამნაშავეებს არ სჯის, ის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევა. მასზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება.
დეკლარაციის მეშვიდე მუხლში ნათქვამია:
„არავითარი გარემოება, როგორიც უნდა იყოს ის – ომის საფრთხე, საომარი მდგომარეობა, შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა თუ ნებისმიერი სხვა საგანგებო ვითარება – არ შეიძლება გახდეს იძულებითი გაუჩინარების გამართლება“.
2006 წელს რუსეთმა პოზიცია რადიკალურად შეცვალა და უარი თქვა დეკლარაციის საფუძველზე მომზადებული საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირებაზე.
იმ დროისთვის იძულებით გაუჩინარებულ მოქალაქეთა რაოდენობით რუსეთი ევროპაში, ფაქტობრივად, მეორე ადგილზე იყო ბოსნია და ჰერცეგოვინის შემდეგ.
ორგანიზაცია „სამართლებრივი ინიციატივის“ იურისტებმა მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) ჩეჩნეთში გაუჩინარების საქმეებზე 1 000-ზე მეტი საჩივარი მოიგეს.
აგვისტოს ბოლოს სერბი გენერალი რატკო მლადიჩი გარდაიცვალა. ჰააგის ტრიბუნალმა მას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ის სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტაში დამნაშავედ ცნო. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური მასობრივი მკვლელობა იყო.
მლადიჩის ბრძანებით, ბოსნიელმა სერბებმა ბოსნიელი მუსლიმების ოჯახებიდან 8 372 კაცი და ბიჭი მოკლეს. სანამ მათი ნეშტები არ აღმოაჩინეს, ექსჰუმაცია არ ჩაუტარეს და ვინაობა არ დაადგინეს, ისინი იძულებით გაუჩინარებულებად ითვლებოდნენ.
ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტის დროს, საერთო ჯამში, 40 ათასზე მეტი ადამიანი გაუჩინარდა.
შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა დღემდე გენოციდად არ უღიარებია, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მლადიჩის ოჯახს ოფიციალური სამძიმარი გამოუცხადა.
დასახლება „ზდოროვიე“
2001 წლის დასაწყისში ჩეჩნეთში გავრცელდა ხმები მიცვალებულების შესახებ, რომელთა ცხედრებს მიტოვებულ აგარაკების დასახლებაში, „ზდოროვიეში“ პოულობდნენ. დასახლება რუსეთის მთავარი სამხედრო ბაზიდან, ხანკალადან, ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა.
2000 წლის იანვრიდან იქ გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შტაბი იყო განთავსებული. ეს დაჯგუფება ე.წ. ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებდა – ასე უწოდებდნენ რუსეთში ოფიციალურად ჩეჩნეთის მეორე ომს. დასახლება დაცარიელებული იყო და ადამიანებს იქ მანქანით შესვლაც კი ეშინოდათ.
თებერვლის დასაწყისში ადამ ჩიმაევის ოჯახმა, რომლის წევრიც 2000 წლის დეკემბერში დაკავების შემდეგ გაუჩინარდა, რუს სამხედროს ფული გადაუხადა, რათა გაეგო, სად იყო მისი ცხედარი. მამამ, სიცოცხლის რისკის ფასად, შვილი აგარაკის სახლთან იპოვა.
ცხედარს წამების კვალი და გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სამი ჭრილობა აღენიშნებოდა. ცხედრის წამოსასვენებლად და დასაკრძალად მამას სამხედროებისთვის დამატებით 3 000 დოლარის გადახდა მოუწია.
თებერვლის ბოლოს კიდევ სამმა ოჯახმა იქ იპოვა ახლობლების ცხედრები. ისინი ე.წ. წმენდის ოპერაციების დროს გაუჩინარდნენ. ამის შემდეგ ამბავმა ფართო საზოგადოებრივი ყურადღება მიიპყრო.
“მემორიალმა“ Human Rights Watch-თან ერთად მოამზადა ანგარიში სახელწოდებით „ბინძური ომი: გაუჩინარებები, წამება და სასამართლოს გარეშე ანგარიშსწორება“. დასახლების შესახებ წერდნენ გაზეთი „კომერსანტი“ და „რადიო თავისუფლება“. მოგვიანებით ორგანიზაცია „სამართლებრივი ინიციატივა“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაუჩინარებულთა ნათესავებს წარმოადგენდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ დანაშაულის გამოძიებაზე უარი თქვა.
ტექნიკურად ეს მასობრივი სამარხი კი არა, ნაგავსაყრელი იყო, სადაც ნაგვის ნაცვლად ნაწამები ადამიანების ცხედრებს ყრიდნენ. სკანდალის შემდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა და დაახლოებით 60 ქალისა და მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა. თითქმის ყველა მათგანს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა, ბევრს კი ხელები და ფეხები მავთულით ჰქონდა შეკრული. უმეტესობას ცეცხლსასროლი იარაღით ახლო მანძილიდან მუცლის, გულმკერდის ან თავის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობები.
ცხედრები დაშლის სხვადასხვა ეტაპზე იყო – ზოგი რამდენიმე კვირის, ზოგი კი ერთი წლის განმავლობაში იყო დაღუპული. ეს იმას ნიშნავდა, რომ დასახლება უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში გამოიყენებოდა ადგილად, სადაც ცხედრები მიჰქონდათ და ყრიდნენ.
პუბლიკაციების გამოქვეყნებისთანავე ხელისუფლებამ დასახლება ალყაში მოაქცია იმ საბაბით, თითქოს იქ მებრძოლებს ნაღმები ჰქონდათ ჩადებული. ცხედრები გროზნოში, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ბაზაზე მდებარე, ნახევრად დანგრეულ ანგარში დაასვენეს ამოსაცნობად.
ორი კვირის განმავლობაში თითქმის 30 ადამიანის ვინაობა დაადგინეს. ყველა მათგანი მანამდე სამხედროებს ჰყავდათ დაკავებული, შემდეგ კი გაუჩინარდა. არსებული მტკიცებულებების თანახმად, სულ მცირე ხუთი მათგანი ხანკალას ბაზაზე ცოცხალი მიიყვანეს.
ბოლოს სამი ქალი ამოიცნეს: ნურა ლულუევა, ჩეჩენი მოსამართლის, საიდ-ალვი ლულუევის მეუღლე, და მისი ბიძაშვილები, მარხა და რაისა გაკაევები. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, საქმეზე „ლულუევი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, არის ნათქვამი, 2000 წლის 3 ივნისს ისინი გროზნოს ბაზარში წავიდნენ და ე.წ. წმენდის ოპერაციას შეეწირნენ.
სამხედროებმა, რომლებსაც შენიღბვის ფორმა და ნიღბები ეკეთათ, დაკავებულებს თავზე ტომრები ჩამოაცვეს და „ურალის“ მარკის სატვირთო მანქანით წაიყვანეს. პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების ფედერალური სამსახური ამტკიცებდნენ, რომ დაკავებულთა სიებში ამ ქალების სახელები არ იყო. როდესაც ისინი იპოვეს, თავზე ტომრები კვლავ ჰქონდათ ჩამოცმული – შესაძლოა, სწორედ ის ტომრები, რომლებითაც დააკავეს.
ამის შემდეგ ხელისუფლებამ ამოუცნობი ცხედრები სასწრაფოდ დაკრძალა საერთო საფლავში, სოფელ პრიგოროდნოეს სასაფლაოს განაპირას.
ილიას გაჩაევისა და ძმების, ემედისა და ადამ სოლტამურადოვების ნეშტები, რომლებიც გირკინის მიერ მიწოდებული ოპერატიული ინფორმაციის შემდეგ მესკერ-იურტიდან წაიყვანეს, ნათესავებმა მხოლოდ ამ დაკრძალვის შემდეგ ამოიცნეს – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტოების მიხედვით. ცხედრებს ტანსაცმელი ეცვათ, ხელები კი ზურგს უკან ჰქონდათ შეკრული. შამილ იაშუევის ცხედრის ამოცნობა ვერ მოხერხდა. თუმცა ძაღლების მიერ დაგლეჯილ ერთ-ერთ ცხედარს ისეთი ქურთუკი ეცვა, როგორიც მას სახლიდან წაყვანისას ეცვა.
2001 წლის 21 აგვისტოს ჩეჩნეთის პროკურორმა ვლადიმირ ჩერნოვმა სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა: „არ არსებობს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ამ მკვლელობებზე პასუხისმგებლობა ფედერალურ ჯარებს ეკისრებათ. ამიტომ გამოძიების მთავარი ვერსიით, ეს მასობრივი სამარხი ჩეჩენმა მებრძოლებმა მოაწყვეს“.
მასობრივი გადასვენებები
ჩერნოვმა ნაჩქარევი დაკრძალვა ცხედრების შესანახად სათანადო პირობების არარსებობით ახსნა და განაცხადა, რომ შეგროვებული მასალები მომავალში ნებისმიერი ცხედრის იდენტიფიცირებისთვის საკმარისი იქნებოდა. თუმცა გამომძიებლებს არც ტანსაცმელი შეუნახავთ და არც მტკიცებულებები შეუგროვებიათ.
არ ჩაუტარებიათ გაკვეთა, არ დაუდგენიათ სიკვდილის მიზეზები და სიცოცხლეში მიღებული დაზიანებები. არ გადაუღიათ კბილების რენტგენოგრამები, არ ამოუღიათ ტყვიები და დნმ-ის ანალიზისთვის ნიმუშები არ აუღიათ. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ცხედრების ვინაობა ვერასოდეს დაედგინათ და მკვლელები ვერ ეპოვათ.
დასახლება „ზდოროვიეში“ აღმოჩენილი 30-ზე მეტი ადამიანის ამოუცნობი ნეშტი დღემდე სოფელ პრიგოროდნოეში, საერთო საფლავში განისვენებს.
სამარხების ძიებით დიდი ხნის განმავლობაში ორგანიზაცია „გენერალ ლებედის სახელობის სამშვიდობო მისია“ იყო დაკავებული. მისი ხელმძღვანელის, ალექსანდრ მუკომოლოვის მონაცემებით, რომელიც ბოლო დრომდე რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი იყო, 1999-2009 წლებში ჩეჩნეთში მასობრივი სამარხების 119 ადგილი გამოავლინეს.
იქ შესაძლოა დაახლოებით 1 500 ადამიანის ნეშტი იყოს – გაუჩინარებულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგული რუსი ჯარისკაცების და იმ მშვიდობიანი მოქალაქეების, რომლებიც დაბომბვებისა და საარტილერიო შეტევების დროს დაიღუპნენ.
სამარხების უმეტესობა დღემდე გაუხსნელია. მათ მხოლოდ მაშინ თხრიან, თუ ჩეჩნეთის ხელისუფლების სამშენებლო გეგმებს ხელს უშლიან. ასეთ შემთხვევებში ნეშტებს ამოასვენებენ და სამარხს სხვა ადგილას ხელახლა აწყობენ. რესპუბლიკაში მძიმე დანაშაულების მსხვერპლთა ამოცნობის გარეშე გადასვენება ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა.
რუსეთისა და ჩეჩნეთის ხელისუფლებები წლების განმავლობაში ერთსა და იმავეს იმეორებენ: ჩეჩნეთში ნეშტების იდენტიფიცირების ლაბორატორია არ არსებობს, რუსეთში კი შესაბამისი სპეციალისტები არ ჰყოფნით. სინამდვილეში, რუსეთში დაღუპულთა, პირველ რიგში კი ჯარისკაცების, იდენტიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა ჯერ კიდევ 1995 წელს დაიწყეს. ამერიკელი სამხედროები თავდაცვის სამინისტროს კოლეგებს თანამედროვე მეთოდების ათვისებაში ეხმარებოდნენ და დნმ-ის ანალიზისთვის საჭირო აღჭურვილობას აწვდიდნენ.
ამ სფეროში აშშ ერთ-ერთი პიონერი იყო. ამერიკელმა ანთროპოლოგებმა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა და კრიმინალისტებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს ლათინურ ამერიკაში სამხედრო დიქტატურების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაში.
FBI-ის ექსპერტები ყოფილ იუგოსლავიაში მასობრივი სამარხებიდან ნეშტების ექსჰუმაციისა და იდენტიფიცირების მსოფლიოში ყველაზე მოწინავე სისტემის შექმნაში დაეხმარნენ. მუკომოლოვი ბოსნია და ჰერცეგოვინის გამოცდილებას არაერთხელ მოიხსენიებდა მსოფლიო სტანდარტად და მის ჩეჩნეთში გამოყენებასაც სთავაზობდა.
რუსეთმაც ისარგებლა ამერიკული გამოცდილებით – 2008 წელს, საქართველოში ხუთდღიანი ომის დასრულებისთანავე. სამხრეთ ოსეთში მობილურ ლაბორატორიასთან ერთად 100-ზე მეტი რუსი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მიავლინეს.
რუსეთის ხელისუფლება მთელ მსოფლიოს უცხადებდა, რომ ხუთ დღეში სამხრეთ ოსეთში 1 500-2 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, და ცდილობდა, საქართველოს ხელისუფლება გენოციდში დაედანაშაულებინა. სინამდვილეში, სამხრეთ ოსეთის მხრიდან მსხვერპლი ათჯერ ნაკლები აღმოჩნდა – 162 ადამიანი. ამდენი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ჩართვის აუცილებლობა, პროპაგანდისტული მიზნების გარდა, არ არსებობდა.
საქართველოში ომის დაწყებამდე ორი თვით ადრე, 2008 წლის ივნისში, გროზნოს ლენინის რაიონში, ქრისტიანულ სასაფლაოსთან, ჩეჩნეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამარხი აღმოაჩინეს – იქ დაახლოებით 800 ცხედარი იყო. ივლისში კიდევ ერთი სამარხი, სადაც რამდენიმე ასეული ცხედარი ესვენა, სოფელ გორიაჩეისტოჩნენსკაიასთან იპოვეს.
თუმცა ჩეჩნეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ლედენევმა, ექსჰუმაციის ჩატარებაზე უარი თქვა და მიზეზად სპეციალისტებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა დაასახელა. ჩეჩნეთის ხელმძღვანელთან არსებული ადამიანის უფლებათა ყოფილი ომბუდსმენიც კი, ნურდი ნუხაჟიევი, საჯაროდ საუბრობდა ამ პოლიტიკის რეალურ მიზეზზე, რომელიც სამარხებისა და გაუჩინარებების შესახებ ინფორმაციის დამალვას უკავშირდებოდა:
„სწორედ თავდაცვის სამინისტრო ყველანაირად ეწინააღმდეგება უწყებათაშორისი კომისიის შექმნას, რომელმაც გატაცებული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების საქმეები უნდა შეისწავლოს, ასევე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ექსჰუმირებული ცხედრების იდენტიფიცირების ლაბორატორიის შექმნას…“
თავისუფლება უსაფრთხოების სანაცვლოდ
ტერორიზმთან ბრძოლა მეორე კამპანიის ოფიციალური მიზანი იყო. ხელისუფლება ჯიუტად უწოდებდა მას ანტიტერორისტულ ოპერაციას და არა ომს. ეს, უფრო სწორად, სამართლებრივი ხრიკი იყო. საომარი მდგომარეობის შემოღება მაშინ ჯერ კიდევ დამოუკიდებელ პარლამენტთან შეთანხმებას მოითხოვდა და საერთაშორისო ვალდებულებების, უპირველესად კი ჟენევის კონვენციების, დაცვას გულისხმობდა.
თუმცა 1999 წლის სექტემბერში საზოგადოებას უპირველესად უსაფრთხოება აწუხებდა. მოგვიანებით პოლიტოლოგები საზოგადოებრივ შეთანხმებას, რომელიც ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, მოქალაქეებს შესთავაზა, „თავისუფლება უსაფრთხოების სანაცვლოდ“ უწოდებენ. მოქალაქეებმა ეს შეთავაზება ხალისით მიიღეს.
დასავლეთი თავდაპირველად რუსეთის მეთოდებს მკაცრად აკრიტიკებდა. ამ მეთოდების შედეგად კი მებრძოლთა რიგებში ახალწვეულთა რაოდენობა მხოლოდ იზრდებოდა. სამხედროებისა და სპეცსამსახურების შეუზღუდავი სისასტიკე ერთ-ერთი მიზეზი გახდა, რის გამოც გაჩნდნენ ე.წ. „შაჰიდი ქალები“ – მოკლული ადამიანების ქვრივები და დები, რომლებიც მინიმალური ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური დამუშავების შემდეგ „ცოცხალ ბომბებად“ იქცეოდნენ.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს სამძიმრისთვის პირველად ვლადიმირ პუტინი დაუკავშირდა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი უკვე ორი წელია ჩეჩნეთში ცივილიზებულ სამყაროს ისლამისტური ტერორიზმისგან იცავდა.
დასავლეთის დამოკიდებულება თანდათან შეიცვალა. ბასაევი, ხატაბი, უმაროვი და მათ მიერ შექმნილი „კავკასიის იმარატი“ აშშ-ის ტერორისტულ სიებში მოხვდნენ. დასავლეთმა საბოლოოდ უარი თქვა ჩეჩნეთის საკითხზე საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის იდეაზე. მას შემდეგ, რაც პუტინმა ნატოს თვითმფრინავებისთვის რუსეთის საჰაერო სივრცე გახსნა და ცენტრალურ აზიაში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებას არ შეეწინააღმდეგა, ჩეჩნეთის მეორე ომი ტერორიზმთან გლობალური ომის ერთ-ერთ ფრონტად მიიჩნიეს.
სინამდვილეში, ამ ომში დასავლეთსა და რუსეთს სამხედრო დანაშაულები აერთიანებდა. ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებებს რუსეთი გუანტანამოს, აბუ-ღრეიბის, ევროპაში CIA-ის საიდუმლო ციხეებისა და ავღანეთსა და ერაყში მშვიდობიან მოსახლეობას შორის არსებული მსხვერპლის გახსენებით პასუხობდა.
თუმცა, თუ შევადარებთ, როგორ იცავდნენ აშშ და რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს ტერაქტებისგან, დავინახავთ, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის ტერორიზმთან ბრძოლა არასოდეს ყოფილა პრიორიტეტი.
11 სექტემბრის შემდეგ აშშ-მა უსაფრთხოების სისტემა ისე გარდაქმნა, რომ მომდევნო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ვერც ერთმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ვერ შეძლო, უსამა ბინ ლადენის „წარმატება“ თუნდაც მიახლოებულად გაემეორებინა.
რუსეთში კი ტერაქტები რეგულარულ მოვლენად იქცა: „ნორდ-ოსტი“ 2002 წელს, ინგუშეთზე თავდასხმა და ბესლანის სკოლაში მძევლების აყვანა 2004 წელს, ნალჩიკზე თავდასხმა 2005 წელს, ასევე უამრავი აფეთქება მანქანებში, შენობებში, საავადმყოფოებში, ბაზრებსა და თვითმფრინავებში, მეტროში.
ხელისუფლება ყოველ ტერაქტს საპრეზიდენტო ძალაუფლების აბსოლუტიზაციისა და სპეცსამსახურების გაძლიერებისთვის იყენებდა. თუმცა არა ტერორისტებთან საბრძოლველად, არამედ პოლიტიკური და სამოქალაქო წინააღმდეგობის ჩასახშობად.
მხოლოდ 2013 წლისთვის, სოჭის ოლიმპიადის წინ, სპეცსამსახურებმა კავკასიაში ვითარების სტაბილიზება შეძლეს. ამაში მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ვითარებამაც ითამაშა. როდესაც სადამ ჰუსეინის ერაყის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლების მიერ შექმნილმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ (ISIS) ერაყისა და სირიის ნაწილი დაიკავა და ხალიფატი გამოაცხადა, იქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიიდანაც, რადიკალებმა დაიწყეს ჩასვლა. რუსეთის სპეცსამსახურებმა კი მათ საზღვარი უბრალოდ გაუხსნეს.
2024 წლის მარტში „ისლამური სახელმწიფოს“ მიმდევრები საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ შეიჭრნენ, ცეცხლი გახსნეს და შენობას ცეცხლი წაუკიდეს. დაიღუპა 151 ადამიანი, 600-ზე მეტი კი დაშავდა.
უცხოეთის სპეცსამსახურები რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს (FSB) მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ აფრთხილებდნენ. თუმცა 19 მარტს, თავდასხმამდე სამი დღით ადრე, რუსეთის ხელმძღვანელობამ ეს გაფრთხილებები საჯაროდ „დასავლეთის ქვეყნების მხრიდან აშკარა შანტაჟად“ და საზოგადოების დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა. FSB-ს ტერაქტის თავიდან ასაცილებლად არაფერი გაუკეთებია. ახლა რუსეთში ტერორისტებად უკრაინელებს მიიჩნევენ და არა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს.
ტერაქტი საზოგადოების სრული დუმილის ფონზე მოხდა. ხელისუფლებისთვის იმის კითხვა, თუ რა ბედი ეწია 1999 წლის სექტემბრის შეთანხმებას, უკვე არსად და აღარავისთან შეიძლება. სინამდვილეში, ამ შეთანხმებას ის ბედი ეწია, რომ ჩეჩნეთში დახვეწილი ტერორის მეთოდები რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ ინსტრუმენტად იქცა – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ყირიმის ანექსიის შემდეგ, მოგვიანებით კი უკრაინის ყველა იმ რეგიონში, რომლებიც რუსეთის არმიამ ომის პირველ თვეებში დაიკავა, მშვიდობიანი მოსახლეობის „ლოიალობის მისაღწევად“ ძირითად მეთოდად იქცა ე.წ. ფილტრაციის პრაქტიკა – იძულებითი გაუჩინარებები, საიდუმლო ციხეები, წამება და სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა. უფლებადამცველების მონაცემებით, თავად რუსეთშიც ე.წ. „მოკლევადიანი იძულებითი გაუჩინარებების“ პრაქტიკა ჩეჩნეთის ფარგლებს გასცდა და ქვეყნის ყველა რეგიონში გავრცელდა.
▇ ანა პოლიტკოვსკაიას სტატიებში ჩეჩნები უკრაინელებით რომ ჩავანაცვლოთ, ნოვიე ალდი და კატირ-იურტი – ბუჩათი, იზიუმით ან ხერსონით, ხოლო გროზნო, კომსომოლსკოე, არღუნი და შალი – მარიუპოლით, ბახმუტით, ხარკოვით ან კიევით, ეს სტატიები სრულიად აქტუალური და წინასწარმეტყველური აღმოჩნდება.
მასალა მომზადებულია სამოქალაქო ინიციატივა „მეხსიერების პროექტთან“ თანამშრომლობით. ინიციატივაში გაერთიანებული არიან რუსი იურისტები, უფლებადამცველები და მკვლევრები, რომლებიც იძულებით გაუჩინარებებს შეისწავლიან და ისტორიულ მეხსიერებას ინარჩუნებენ.
Exchange