საელჩო: აშშ საქართველოსთან "კონსტრუქციულ და მომავალზე ორიენტირებულ“ ურთიერთობას ელოდება
აშშ-ის საელჩოს განცხადება
აშშ-ის საელჩომ საქართველოში თბილისში გამართული შეხვედრების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართულ კონსულტაციებზე და ვაშინგტონის ხედვაზე საქართველო-ამერიკის ურთიერთობების მომავალთან დაკავშირებით.
განცხადების თანახმად, აშშ-ის დელეგაციამ ხაზი გაუსვა საქართველოსთან კომერციული თანამშრომლობის გაფართოების ინტერესს და “განიხილა კონკრეტული ნაბიჯები”, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია ამ მიზნის მიღწევისთვის.
შეხვედრა ხელისუფლებასთან
საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის დელეგაცია შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ვიცე-პრემიერებს მაკა ბოჭორიშვილსა და მამუკა მდინარაძეს, ასევე მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, რათა განეხილათ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლო გზები.
განცხადების თანახმად, დელეგაციამ საქართველოს ხელისუფლებას გაუზიარა ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა კონსტრუქციული და მომავალზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის. ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ახალი ეტაპი უნდა დაეფუძნოს სუვერენულ პარტნიორებს შორის ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგს.
მხარეებმა იმსჯელეს სფეროებზე, სადაც, საელჩოს შეფასებით, აშშ-სა და საქართველოს ინტერესები შეიძლება ემთხვეოდეს. მათ შორის დასახელდა ეროვნული სუვერენიტეტისადმი ერთგულება, სამართლიანი ეკონომიკური გარემოს შექმნა, მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა და საერთო ღირებულებები.
საელჩოს ცნობით, დელეგაციამ ასევე გამოხატა ინტერესი საქართველოსთან კომერციული თანამშრომლობის გაფართოების მიმართ. განხილვის თემებს შორის იყო ამერიკული საქონლისა და ინვესტიციებისთვის უფრო ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის აუცილებელია ისეთი პირობების უზრუნველყოფა, რომლებიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს. მათ შორის დასახელებულია ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატი, რომელიც ოპოზიციის ჩართულობას უწყობს ხელს. საელჩოს ცნობით, დელეგაციამ საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც ამ მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს.
შეხვედრა ოპოზიციასთან
განცხადებაში აშშ-ის საელჩომ ოპოზიციურ პარტიებთან გამართული შეხვედრებიც შეაჯამა. დელეგაციამ, მათი ინფორმაციით, “სიღრმისეული საუბრები“ გამართა “ნაციონალური მოძრაობის“, “კოალიცია ცვლილებისთვის“, “ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებთან.
საელჩოს განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარეს გაუზიარეს შეშფოთება 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური გარემოსა და მათ მიმართ მოპყრობის შესახებ. განხილვის საგანი იყო საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმეც.
აშშ-ის დელეგაციამ ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიცია გააცნო დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით წარმოადგენს იმ მოქალაქეების ინტერესებს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს.
საელჩოს შეფასებით, პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომლებიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.
განცხადების ბოლოს აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები ერთგულია კონსტრუქციული ურთიერთობისა ყველა სერიოზულ პოლიტიკურ აქტორთან, რომელიც დაინტერესებულია ქვეყნის სტაბილურობით, სუვერენიტეტითა და კეთილდღეობით.