"საქართველო გლობალური ბრძოლის ველია დიქტატორების წინააღმდეგ" - ინტერვიუ კონგრესმენ ჯო უილსონთან
ინტერვიუ კონგრესმენ ჯო უილსონთან
აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ საქართველო კვლავ რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში, მაშინ როცა რეგიონში გეოპოლიტიკური კონკურენცია იზრდება და გარე გავლენები ძლიერდება.
“რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ის ხაზგასმით საუბრობს დემოკრატიული პროცესების მნიშვნელობაზე და აღნიშნავს, რომ “ქართველი ხალხი იმსახურებს ჭეშმარიტად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“.
რა თქვა კონგრესმენმა
“ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ არჩევნებს“
ჯო უილსონი საქართველოს მიმართ საკუთარ პოზიციას პირად გამოცდილებასაც უკავშირებს.

“დიდი ხანია, ჩემი შთაგონების წყარო თავად ქართველი ხალხია. მქონდა თბილისში სტუმრობის და საქართველოს მამაც მოქალაქეებთან შეხვედრის პატივი. ჩემი ოთხი ვაჟიც საზღვარგარეთ მსახურობდა ქართველი ჯარისკაცების გვერდით, და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ქართველი სამხედროები განსაკუთრებულად მამაცები არიან და გამოირჩევიან პროფესიონალიზმით. მამშვიდებდა იმის ცოდნა, რომ ჩემი ვაჟები მათთან ერთად მსახურობდნენ.
სწორედ ქართველი ხალხით ეს აღტაცება განსაზღვრავს ჩემს პოზიციას: ისინი იმსახურებენ აღიარებას და, რაც მთავარია, ჭეშმარიტად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დღეს ისტორიის ფართო ტრაექტორია დემოკრატიული პროცესებისა და სანდო საარჩევნო გარემოს სასარგებლოდ იხრება.” – ამბობს უილსონი.
კონგრესმენი ამტკიცებს, რომ გლობალურად დემოკრატიული პროცესების გაძლიერების ტენდენცია იკვეთება და ეს უნდა აისახოს საქართველოშიც.
გეოპოლიტიკური კონკურენცია და ანაკლიის მნიშვნელობა
კონგრესმენი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რუსეთისა და ჩინეთის მზარდ გავლენაზე რეგიონში. მისი შეფასებით, სამხრეთ კავკასია “სტრატეგიულ გზაჯვარედინზე“ მდებარეობს, ხოლო შავი ზღვის პორტი ანაკლია კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტად უნდა განიხილებოდეს.
“ერთ-ერთი მთავარი, რაც გვაშფოთებს, რუსეთისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მზარდი თანამშრომლობაა, განსაკუთრებით ანაკლიასთან დაკავშირებით,“ – ამბობს ის.
მისი განმარტებით, ჩინეთის ინტერესი დაკავშირებულია ცენტრალური აზიიდან იშვიათი მინერალების ტრანსპორტის კონტროლთან. უილსონის თქმით, აშშ-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფრასტრუქტურა დარჩეს ღია და არ მოექცეს პეკინის დომინაციის ქვეშ.
რეგიონული ცვლილებები და რუსეთის გავლენა
უილსონი ფართო რეგიონულ სურათსაც განიხილავს და ამტკიცებს, რომ რუსეთის გავლენა რიგ ქვეყნებში სუსტდება. ის მაგალითად ასახელებს მოლდოვას, რუმინეთსა და სომხეთს, სადაც, მისი თქმით, მოსკოვის მცდელობები ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა.
კონგრესმენი განსაკუთრებით აღნიშნავს სირიას, სადაც, მისი თქმით, “რუსეთის გავლენის კოლაფსი“ მოხდა და დასრულდა მრავალწლიანი დიქტატურა. პარალელურად, ის დადებითად აფასებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიურ პროგრესს და მიიჩნევს, რომ მსგავსი თანამშრომლობა საქართველოსთვისაც სასურველი მოდელია.
ირანი, უსაფრთხოება და სადაზვერვო შეშფოთება
კონგრესმენი ასევე საუბრობს ირანთან შესაძლო დაახლოების შესახებ არსებულ შეშფოთებებზე. მისი თქმით, არსებობს ანგარიშები, რომლებიც მიუთითებს გარკვეულ თანამშრომლობაზე, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობაზეც.
“სხვადასხვა ანგარიში მიუთითებს თანამშრომლობაზე, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასაც. ეს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, თუ გავითვალისწინებთ ირანის ხელისუფლების მიერ განსხვავებული აზრის სასტიკ ჩახშობას, მათ შორის პროტესტის ათიათასობით მონაწილის დახოცვას.
ჩემი აზრით, ასეთი ქმედებები და კავშირები არ ასახავს ქართველების ნებასა და მისწრაფებებს – ისინი ავლენენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი თანმიმდევრულ ერთგულებას.” – ამბობს უილსონი.
“მშვიდობა ძალის მეშვეობით“ და გლობალური სტრატეგია
უილსონი ეხება აშშ-ის საგარეო პოლიტიკასაც და ახსენებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიდგომას, რომელიც დიალოგს მოიცავდა სხვადასხვა მოწინააღმდეგე რეჟიმთან. თუმცა, მისი თქმით, ასეთი გამოცდილება აჩვენებს, რომ ავტორიტარული რეჟიმების შეკავება მხოლოდ დიპლომატიით არ არის შესაძლებელი.
“ჩვენ ვიმყოფებით პერიოდში, რომელიც ხასიათდება ფუნდამენტური კონტრასტით: ძალაზე დაფუძნებული ავტორიტარული სისტემები ებრძვიან კანონის საფუძველზე მოქმედ დემოკრატიულ სისტემებს,“ – ამბობს ის.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ ხდება საერთაშორისო კოალიციების გაძლიერება, მათ შორის ევროპაში, სადაც ნატო გაფართოვდა და კოლექტიური უსაფრთხოება გაძლიერდა.
უილსონი საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივაზეც საუბრობს: “კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ აქტზე“. მისი თქმით, ეს კანონპროექტი მიზნად ისახავს ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენის შეზღუდვას სტრატეგიულ რეგიონებში.
“უკვე ვხედავთ, რომ აზიის ქვეყნები, როგორებიცაა იაპონია და სამხრეთი კორეა, აძლიერებენ თავდაცვასა და პარტნიორობას “მშვიდობა ძალის მეშვეობით“ (peace through strength) პრინციპის საფუძველზე. მსგავსი თანამშრომლობა ყალიბდება ავსტრალიასა და ფილიპინებს შორისაც.
ზოგადად, ჩვენ ვიმყოფებით პერიოდში, რომელიც ხასიათდება ფუნდამენტური კონტრასტით: ძალაზე დაფუძნებული ავტორიტარული სისტემები ებრძვიან კანონის საფუძველზე მოქმედ დემოკრატიულ სისტემებს. ეს დინამიკა ნათლად გამოიკვეთა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ და მომდევნო კონფლიქტებში.
დამაიმედებელია ისიც, რომ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ გამძლეობა მთელ მსოფლიოში იზრდება. მე მჯერა, რომ ეს იმპულსი საბოლოოდ საქართველოშიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს გამოიწვევს.” – აცხადებს კონგრესმენი.
აშშ-ის ბერკეტები და საქართველოს არჩევანი
კითხვაზე, აქვს თუ არა ვაშინგტონს საკმარისი ინსტრუმენტები რეგიონში ჩინეთის გავლენის შესაკავებლად, უილსონი პასუხობს, რომ “დიპლომატიური, ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტრუმენტები – ყველა ეფექტიანი შეიძლება იყოს“.
მისი თქმით, მთავარი მიზანი კონფრონტაცია კი არ არის, არამედ „იმის უზრუნველყოფა, რომ მნიშვნელოვანი აქტივები დარჩეს დამოუკიდებელი და ღია“.
გზავნილი საქართველოსთვის
ინტერვიუს ბოლოს უილსონი გზავნილს უგზავნის როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ხელისუფლებას. ის აღნიშნავს, რომ აშშ-ის პოლიტიკის ძირითადი პრინციპი უცვლელია – დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერა.
“საბოლოო მიზანი მკაფიოა: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლებიც ხალხის ნებას ასახავს,“ — ამბობს ის.
მისივე შეფასებით, მიუხედავად პოლიტიკური სირთულეებისა, აშშ-ში არსებობს ფართო ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რაც, მისი თქმით, “ძლიერ სიგნალს“ წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის.