მოსაზრება: ერევანში სამიტის ჩატარება იმაზე მიუთითებს, რომ ფაშინიანის, როგორც ლიდერის, ევროპელ ლიდერებს სჯერათ
სამიტი ერევანში
ერევანში სამიტის ჩატარება იმაზე მიუთითებს, რომ ფაშინიანის, როგორც ლიდერის, ევროპელ ლიდერებს სჯერათ, – ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა და უკრაინაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.
კითხვაზე, ჩაანაცვლებს თუ არა რეგიონში სომხეთი საქართველოს, დიპლომატმა განაცხადა, რომ ბოლომდე ჩანაცვლება ვერ მოხდება, თუმცა, მისივე თქმით, სომხეთმა კარგად იცის, რომ საქართველოსთან ერთად გაცილებით უფრო სწრაფად გაივლის ევროპამდე გზას.
მან ასევე შეაფასა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის დიალოგი “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერ შედგებოდა. ჩეჩელაშვილის მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილი აცნობიერებს, რომ რუსეთი სუსტდება, მისი გავლენა მცირდება და ქართული მხარე გარკვეული პოლიტიკური მანევრირებისთვის ემზადება.

ვალერი ჩეჩელაშვილი: “სომხეთი ბოლომდე ვერ ჩაანაცვლებს რეგიონში საქართველოს, რადგან გეოგრაფიასა და გეოპოლიტიკას ვერავინ უარყოფს, რაც ყველაზე კარგად თავად სომხებს ესმით. გაიხსენეთ ევროპარლამენტში ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა, რომელიც საქართველოს ადვოკატად მოგვევლინა ევროკავშირთან ურთიერთობებში.
სომხეთს ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველოსთან ერთად გაცილებით უფრო სწრაფად გაივლის ევროპამდე გზას, ვიდრე საქართველოს გარეშე
ასევე, ჩვენც გვესმის, რომ ხელიხელჩაკიდებულები გაცილებით უფრო წარმატებულები ვიქნებით ევროინტეგრაციის გზაზე, უბრალოდ, დღეს ამის გამბედაობას, პოლიტიკურ ხედვასა და ნებას ავლენს სომხეთი და სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა და განსაკუთრებით პარლამენტის სპიკერი დაკავებულია იმით, რომ აბსოლუტურად ანტიევროპულ რიტორიკას აძლიერებს გამოსვლიდან გამოსვლამდე და, რა თქმა უნდა, ევროპელები ამას ძალიან ყურადღებით აკვირდებიან.
ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან ძალიან სასაცილოდ ჟღერს. ეტყობა, ბატონ შალვა პაპუაშვილს დაავიწყდა, რა იყო საბჭოთა კავშირი – მილიონობით ხალხის დახვრეტა სარდაფებში, გადასახლება, გასახლება, მკვლელობები და ა.შ. ის, რომ საბჭოთა კავშირი იყო ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელსაც პოლიტბიუროს თხუთმეტი წევრი მართავდა და ეს თხუთმეტი წევრი საბჭოთა კავშირის თხუთმეტ რესპუბლიკას არ წარმოადგენდა. სსრკ არ იყო არც საბჭოთა, არც სოციალისტური, არც რესპუბლიკების და არც კავშირი.
უნდა ვაღიარო, რომ არ ველოდი, ეს შეხვედრა [ზელენსკისა და კობახიძეს შორის], თუ შედგებოდა. ეს იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი, მაგრამ როდესაც ვფიქრობ, თუ რატომ შეხვდა ორი დელეგაცია, რამდენიმე დასკვნამდე მივდივარ. ვფიქრობ, რომ ის, რაზეც ილაპარაკეს, ძალიან კარგად არის აღწერილი ორივე მხრიდან, რომ უნდა აღგდეს მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები.
გასაგებია, რატომ სჭირდებოდა ზელენსკის ეს შეხვედრა – ის არის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი და ყველა პოტენციურ პარტნიორთან ურთიერთობა აინტერესებს, ხოლო საქართველოსთან უკრაინას აკავშირებს მრავალსაუკუნოვანი, განსაკუთრებული ქიმიით შემკული ურთიერთობა. მე ამ მოტივს ვხედავ, მაგრამ გაცილებით უფრო საინტერესოა, რატომ დათანხმდა ქართული მხარე ამ შეხვედრას და როგორც ბატონმა კობახიძემ აღიარა, დათანხმდა მყისიერად.
ჯერ ერთი, მე ვფიქრობ, რომ ბატონი ირაკლი თავად ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, შესაბამისად, ალბათ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო თბილისში. ერევნიდან ვისთან დარეკავდა ახლა ის? პრინციპში, ინსტიტუციურად, პირველი პირი საქართველოში არის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ამისთანა სტრატეგიული ხასიათის გადაწყვეტილებას ბატონი ირაკლი დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა. რა თქმა უნდა [ბიძინა ივანიშვილთან გადმორეკა] და ის დათანხმდა.
ეს მე მაფიქრებინებს შემდეგს, რომ “ქართული ოცნების” წიაღში დაიწყო გადააზრება რუსეთის როლისა და გავლენის პოტენციალის მოცულობის საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში. ვფიქრობ, უკვე კარგად ხვდებიან “ქართულ ოცნებაშიც” და პირველ რიგში, ალბათ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იმიტომ, რომ თუ ვინმეს აქვს პირველწყაროდან ინფორმაცია, მათ შორის, ოლიგარქიული წრეებიდან, ეს არის ბატონი ივანიშვილი, ხვდებიან, რომ რუსეთი სუსტდება, მისი გავლენის ხარისხი მცირდება და, შესაბამისად, უკვე დროა, რომ მოხდეს საგარეო პოლიტიკის რესტრუქტურიზება და გარკვეული მანევრების გაკეთება.
თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ვიხილავთ უკრაინის ელჩს თბილისში და საქართველოს ელჩს კიევში. შემდგომ შეიძლება სხვა ნაბიჯებიც მოჰყვეს ამას, მაგრამ ამას ვნახავთ.”