ჯაშუშობის ბრალდებით ივანიშვილის ყოფილი პრესმდივანი, გიორგი უძილაური დააკავეს
გაზიარება
გაზიარება
გიორგი უძილაური დააკავეს
პროსამთავრობო რუსთავი2-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი ბიძნა ივანიშვილის “ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, გიორგი უძილაურია.
ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, უძილაური ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო და ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა.
უწყების განცხადებით, საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას.
სუს-ის ცნობით, დაკავებული ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და საკუთარი სამსახურებრივი პოზიციის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებებში არსებული პირადი კავშირების გამოყენებით, სისტემატურად მოიპოვებდა ინფორმაციას უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ.
უწყების ინფორმაციით, მას ჰქონდა კონსპირაციული და სისტემატური კონტაქტები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული, ორმხრივი კომუნიკაციის საშუალებით და ტარდებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე წინასწარ შეთანხმებული პირობების დაცვით. ინფორმაციის გადაცემა ხდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრებისას, ასევე ელექტრონული საშუალებებით.
გამოძიების თანახმად, გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, მათ შორის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებას, ასევე ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს.
სუს-ის განცხადებით, დაკავებული მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზეც, რომლის მიზანი მედიის წარმომადგენლების ჩართვით დამატებითი ინფორმაციის მოპოვება იყო, მათ შორის რეგიონული მიმართულებით.
უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმიანობას ბრალდებული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ახორციელებდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.