„საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით პესიმიზმი დააფიქსირა“, – ეს არის მთავარი დასკვნა, რომელსაც აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი 2008 წლის აგვისტოს ომის 17 წლის თავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის განცხადებებიდან აკეთებს.
„სულ რაღაც ერთი წლის წინ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები სრულიად განსხვავებულ განწყობებს ახვევდნენ თავს ქართულ საზოგადოებას.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შერიგების ვადაც კი დაასახელა – მან პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრად გაწევრიანდებოდა „აფხაზ და ოს ძმებთან ერთად“.
შესაძლოა, მაშინ, რუსეთთან ურთიერთობების დათბობის ფონზე, „მეოცნებეებს“ ნამდვილად სჯეროდათ, რომ მოსკოვი საქართველოს დაეხმარებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაში. თუმცა, როგორც ჩანს, ოფიციალურმა თბილისმა ან არასწორად გაიგო კრემლიდან მომავალი სიგნალები, ან სწორად გაიგო ისინი, მაგრამ გადაწყვიტა საკუთარი წესებით ეთამაშა.
თუმცა, აღარ არის მნიშვნელოვანი, ზუსტად რამ გაანულა ქართველების ოცნებები. მნიშვნელოვანია, რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების თემა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არსებულ დაკონსერვებულ მდგომარეობას დაუბრუნდა.
ახლა, როგორც ადრე, საქართველოს მთავრობას არც კონფლიქტების მოგვარების ვადები აქვს და არც რაიმე ენთუზიაზმი. ხოლო „ოცნების“ ნარატივი თავის წინა თეზისებს დაუბრუნდა:
„ჩვენ არ მოვაწერთ ხელს თავდაუსხმელობის პაქტს“;
„ჩვენ არ ვაპირებთ პირდაპირ დიალოგს აფხაზებთან და ოსებთან“;
„ჩვენ მშვიდობიანად დავიბრუნებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს“;
„ყველაფერში სააკაშვილია დამნაშავე“.
და ეს ნათლად აჩვენებს საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ მდგომარეობას.
თბილისი ხვდება, რომ პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია. რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა ძალა უკრაინის მიმართულებით არის მიმართული, ნამდვილად არ დატოვებს აფხაზებსა და ოსებს მხარდაჭერის გარეშე. ილუზია, რომ კრემლი საქართველოს „მისცემს“ სასურველ ტერიტორიებს, 2024 წლის ბოლოს გაქრა.
რა თქმა უნდა, არსებობს დონალდ ტრამპიც… რომელმაც რეალურად შეარიგა სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც, როგორც ჩანს, სამუდამო მტრობისთვის იყვნენ განწირულნი. თუმცა, “ჯილდოს” სახით ზანგეზურის დერეფნის მიღებისა და სამხრეთ კავკასიაში ამერიკული ინტერესის დაფიქსირების შემდეგ, ტრამპმა ფაქტობრივად გადააჭარბა „გეგმას“ და ამ თემას გაეშვა – რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე გადაერთო.
მეტიც, როგორც ჩანს, ტრამპი უკრაინის ომის შეწყვეტას ვლადიმერ პუტინის პირობებით აპირებს. საქართველო კი, თავის ტერიტორიული პრობლემებით, მას არ აინტერესებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები აცნობიერებენ, რომ მათ არ აქვთ შანსი, რომ რაიმე შეცვალონ, თუნდაც ამ ტურბულენტურ პერიოდში. სწორედ ამიტომ თბილისი დაუბრუნდა ძველ რიტორიკას, რომელიც არაფერს ავალდებულებს.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო