გერმანიის ახალი მთავრობა მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", შეცვალოს პოლიტიკური კურსი
გერმანიის მთავრობა “ქართულ ოცნებას”
გერმანიის ახალი მთავრობა “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, უარი თქვას დეზინფორმაციაზე, ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიულ რიტორიკაზე, შეცვალოს პოლიტიკური კურსი და შეწყვიტოს თავდასხმა გერმანიის ელჩზე პიტერ ფიშერზე.
გერმანიის მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი წერილი ტელეკომპანია “ფორმულას” კითხვაზე პასუხად გაუგზავნა.
“გერმანია და ევროკავშირი იმეორებენ მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, შეწყვიტოს ევროპის პოზიციებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით ყალბი ნარატივების გავრცელება და შეცვალოს არსებული პოლიტიკური კურსი. გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერაციული მთავრობის პოზიციას.
შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ გრძელდება აგრესიული რიტორიკა ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მიმართ. გერმანიის ელჩზე თავდასხმა მიუღებელია.” – უთხრა “ფორმულას” გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.
კომენტარი
თავდასხმები გერმანიაზე, ევროკავშირის ელჩსა და სხვაზე, სრულიად მიუღებელია. ეს კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს იზოლაციას, რომელიც როგორ ჩანს, ამ ხელისუფლების მიზანია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, “წინააღმდეგობის პლატფორმა“ გამოხატავს შეშფოთებას, როდესაც საქმე ეხება იმ რიტორიკას, რაც გამოყენებულია “ქართული ოცნების“ მიერ პარტნიორების მიმართ, პირველ რიგში, გერმანიის მიმართ.
“დღეს მოვისმინეთ ძალიან მკაცრი რეაქცია ახალი გერმანული ადმინისტრაციისგან, იმის შესახებ, თუ როგორ უყურებენ იმას, რომ თავიანთი ელჩი, რომელიც წარმოადგენს გერმანიის პოლიტიკას ამ ქვეყანაში, შეურაცხყოფილი იქნა ამ ხელისუფლების მიერ. ეს თავდასხმები გერმანიაზე, უშუალოდ როგორც ქვეყანასა და მის წარმომადგენელზე, თავდასხმები ევროკავშირის ელჩზე და სხვა, სრულიად მიუღებელია. ეს კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს იზოლაციას, რომელიც როგორ ჩანს ამ ხელისუფლების მიზანია.“ – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
13 მაისს “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ “არ აღიარებს ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, საქართველოში კი აფინანსებს ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას.
“გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. რაიხსბიურგერების ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი “არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, “ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს“, “ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს“, “ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში“, “ამტკიცებენ, რომ გერმანია ოკუპანტი ძალის მიერ იმართება“.
საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში, ამტკიცებენ, რომ საქართველო ოკუპანტი ძალის მიერ იმართება. ეს ხდება ერთ დროს და ერთ პლანეტაზე.“ – წერს შალვა პაპუაშვილი.