მოსაზრება აფხაზეთიდან: "ქართული ოცნება“ იმეორებს "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკას
კობახიძის მიმართვა აფხაზებს
26 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან, დაჰპირდა აფხაზებსა და ოსებს, რომ “საოკუპაციო ხაზის აქეთ მხარეს მათ ყოველთვის ხელგაშლილი დახვდებიან“.
აფხაზური გამოცემა “ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორი ინალ ხაშიგი მიიჩნევს, რომ ამ განცხადებაში არაფერია სენსაციური და კობახიძე მმართველი პარტია “ქართული ოცნების“ სახელით მხოლოდ ძველ რიტორიკას იმეორებს, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს.
ინალ ხაშიგი: “ჩემი აზრით, ახალი არაფერია იმ სიტყვებში, რომ საქართველო ხელგაშლილი ელოდება აფხაზებსა და ოსებს. ამის მეტი კობახიძეს არაფერი უთქვამს.
ჩვეულებრივი, უაზრო წყლის ნაყვა, რომელსაც სხვადასხვა დროს მაღალი ტრიბუნებიდან ამბობდნენ საქართველოს სხვა ლიდერები, პრეზიდენტები ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი… ახლა კი მათ მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე დაემატა.
თუმცა, როგორც ჩანს, მოლოდინი სრულიად განსხვავებული იყო. ყოველ შემთხვევაში, ქართულ მედიაში გავრცელდა ჭორი, რომ ირაკლი კობახიძე გაეროს ტრიბუნიდან განაცხადებდა, რომ საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობისა და არსებული კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ.
ორი კვირით ადრე “ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და სულიერმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, 2008 წლის აგვისტოს ომისთვის ოსებისთვის ბოდიშის მოხდის განზრახვაც კი დააფიქსირა და მიხეილ სააკაშვილს ერთგვარ “ნიურნბერგის სასამართლო პროცესის“ მოწყობასაც დაჰპირდა.
- “ისტორიის, ქვეყნის, სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი” – პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას აფასებენ
- “მხოლოდ ბოდიშის მოხდა არ არის საკმარისი” – როგორ რეაგირებს ცხივნალი ივანიშვილის განცხადებაზე
ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობდა, რომ ივანიშვილი მსგავს იდეას გააჟღერებდა აფხაზებთან მიმართებითაც, 1992-93 წლების ომთან დაკავშირებით.
ბუნებრივია, მთელი ეს რიტორიკა – თუმცა საკმაოდ რევოლუციური – ტრადიციულ ჩარჩოებს არ გასცდა. ანუ ეს ყველაფერი ითქვა იმ პირობით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მონანიებაა საჭირო.
მაგრამ, როგორც ჩანს, ქართულ საზოგადოებას არ მოეწონა ტერიტორიების დაბრუნების ახალი მიდგომა, რადგან ქართველებს არ სურთ ამ ორი ომის მონანიება.
შესაბამისად, სახიფათო გახდა “ქართული ოცნების“ ამგვარი მიდგომის დაცვა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ – ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალაუფლების დაკარგვა.
სწორედ ამიტომ, “ოცნება“ დაუბრუნდა თავდაპირველ პოზიციას და საძულველი “ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ თავადაც გაიმეორა: „აფხაზები და ოსები საქართველოში დაბრუნდებიან, მერე კი ჩავეხუტებით.“
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო