ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის ორგანიზაცია "ჯეოქეისი" ოპოზიციურ "ძლიერ საქართველოსთან" ითანამშრომლებს
ჯეოქეისი “ძლიერ საქართველოსთან” ითანამშრომლებს
“ლელოს“ გარშემო შექმნილი პოლიტიკური პლატფორმის, “ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის ორგანიზაცია “ჯეოქეისთან” ითანამშრომლებენ.
ხაზარაძის თქმით, ანალიტიკური ცენტრს ჰყავს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი და გააგრძელებენ ნაყოფიერ მუშაობას.
ამჟამად, “ლელოს“ ირგვლივ შექმნილ კოალიციაში თავად ამ პარტიის გარდა გაერთიანებულია პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი“, ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“ და “ანა დოლიძე — ხალხისთვის”.
ანალიტიკური ცენტრი “ჯეოქეისის” ხელმძღვანელი იურისტი ვიქტორ ყიფიანია, რომელიც წარსულში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო კრედიტ სუისის საქმეზე.
“დღეს ჩვენ, ძლიერი საქართველოს ლიდერებს გვაქვს შეხვედრა ორგანიზაცია “ჯეოქეისთან”, ეს არის კომპეტენტური, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მუშაობს ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო მიმართულებებზე – უსაფრთხოება, ეკონომიკა, ევროპული ვექტორი.
ჩვენ გავაგრძელებთ ნაყოფიერ მუშაობას ამ ორგანიზაციასთან. თქვენი ნამუშევარი და თქვენი პროგრამების აუცილებლად იქნება გათვალისწინებული იმ პროგრამაში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ” – თქვა მამუკა ხაზარაძემ.
როგორც ვიქტორ ყიფიანი განმარტავს, მათი ანალიტიკური ცენტრის საქმიანობამ სრულფასოვნება შეიძლება შეიძინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოსაზრებები იქნება გადათარგმნილი კონკრეტულ პოლიტიკაში.
ვერც მე და ვერც ჩვენ კოლეგებს პარტიულ სიებში ვერ იხილავთ. ჩვენ ძალიან მოკლედ ვთქვით, რომ ქართული პოლიტიკური კულტურისთვის ძალიან იშვიათია, როცა შენს აზრსა და ჭკუას შენი პოლიტიკური გაერთიანების მიღმა კითხულობ. ჩვენი, ნებისმიერი ასეთი გაერთიანების არსებითი ამოცანა არის განახლება, ქვეყანა საჭიროებს განახლებას, გადახალისებას.
ჩვენ ვართ ანალიტიკური ცენტრი, მაგრამ, რასაც არ უნდა ვწერდეთ, როგორც არ უნდა ვწერდეთ, როგორც არ უნდა ვაყალიბებდეთ აზრს, ყოველგვარ ანალიტიკას სჭირდება გაგრძელება კონკრეტული პოლიტიკური აქტორების სახით, ვინაიდან სრულფასოვნება ჩვენმა საქმიანობამ შეიძლება შეიძინოს ერთ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოსაზრებები იქნება გადათარგმნილი კონკრეტულ პოლიტიკაში – ეს არის მთავარი, რომ ჩვენ არ მოვიქციოთ თავი აკადემიურ თვითიზოლაციაში.
იშვიათი არის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ის კულტურა, როცა პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ შესაძლოა ყველაფერზე პასუხი არ მქონდეს ჩემს წიაღში და მე მჭირდება მოვიკითხო სხვათა აზრი. ასეთი მიდგომა, ასეთი ფორმატი, ჩვენთვის იყო ორმაგად აღსანიშნი.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მართვის სტრუქტურებში უსწორობის გასწორებაზე, სწორედ ასეთი ღიაობა, ასეთი ინკლუზიურობა, რაც ქმნის მოძრავი აზრის კულტურას, ეს არის ასევე ჩვენთვის არსებითი. ვაკეთებთ განაცხადს, რომ ამ წიაღში შევქმნათ მოძრავი აზრის კულტურა, რაც უფრო პოპულარული გახდება, ჩვენთვის იქნება მისასალმებელი. ჩვენ ვართ აქ ის ადამიანები, რომლებსაც უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის.” – თქვა ყიფიანმა.
როგორც „ჯეოქეისის“ მკვლევარი და გადამდგარი გენერალი-მაიორი ვახტანგ კაპანაძე “ნეტგაზეთთან“ საუბრისას განმარტავს, საუბარია ანალიტიკურ თანამშრომლობაზე და არ მოიცავს რაიმე სახის პოლიტიკურ გაერთიანებას.
მისი თქმით, „ჯეოქეისი“, როგორც ანალიტიკური ორგანიზაცია „ძლიერ საქართველოს“ დაეხმარება საკუთარი დასკვნებით სარჩევნო პროგრამის შემუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანაში ისეთ მიმართულებებზე, როგორიც შეიძლება იყოს ეკონომიკა, სოციალური და საინფორმაციო საკითხები, უსაფრთხოება და ა.შ.
ორგანიზაციის მკვლევარი ხაზს უსვამს, რომ ეს თანამშრომლობის კარგი და აპრობირებული პრაქტიკაა დასავლურ დემოკრატიებში.