"ჩვენთვის კარი დახურული აღმოჩნდა". ივანიშვილის ადვოკატები ევროპულ მედიას ცენზურაში ადანაშაულებენ
ივანიშვილის ადვოკატები ევროპულ მედიას აკრიტიკებენ
შვეიცარულ ბანკთან “კრედიტ სვისთან” დავაში ბიძინა ივანიშვილის დამცველი ფირმა ევროპულ მედიას ცენზურასა და ინფორმაციის დაბლოკვაში ადანაშაულებს.
იურიდიული კომპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, აღნიშნავს, რომ ცენზურის ქვეშ აღმოჩნდა არა მხოლოდ შვეიცარული, არამედ მთლიანად ევროპული მედია.
ივანიშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ სტატიები, სადაც ისინი Credit Suisse-ის მენეჯმენტს აკრიტიკებდნენ გასულ წელს შვეიცარულმა მედიამ დაბლოკა, ამჯერად კი ევროპულ/ბრიტანული მედიიდან მიიღეს უარი სტატიების განთავსებაზე. მათი თქმით, ევროპული მედიაც მონოპოლიზებული აღმოჩნდა.
“ჯერ იყო და ჩვენ მიერ მიწოდებული წერილიდან სრულად იყო ამოღებული ის მესიჯები, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტს, ხოლო მომდევნო კომუნიკაციის შედეგად, მედიამ გადაასხვაფერა, გააფერმკრთალა ყველა აქცენტი, რომელიც ისევ იმავეს, Credit Suisse-ის მენეჯმენტის კრიტიკას შეეხებოდა.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
გარდა ამისა, წერილში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილს განზრახული აქვს “შანსი მისცეს” მედიასაშუალებებს, რათა მომდევნო ინფორმაცია გამოაქვეყნონ.
“სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უარის მთქმელ მედია საშუალებებს მარტივად შეეძლოთ გადაემოწმებინათ ინფორმაცია, თუნდაც ბანკთან. აღნიშნულის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ინფორმაციის საწყისი სახით გამოქვეყნებაზე უარი, რაც მხოლოდ გაოცებას და იმედგაცრუებას იწვევს.” – აღნიშნულია განცხადებაში.
● ყველა ამბობს, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობაა. რაში გამოიხატება ის? მაგალითები
● “ხალხის ძალა”: გამოდის, ენმ-ს რეჟიმის მართვის მოდელი შვეიცარიაშიც დაუმკვიდრებიათ
● ივანიშვილის წერილი: კელი დეგნანთან შეხვედრაზე, ომში ჩართვაზე და მმართველ გუნდზე
შვეიცარულ ბანკთან ივანიშვილს რამდენიმე სამართლებრივი დავა ჰქონდა. ბოლოს, ბიზნესმენმა ბანკი გადარიცხვების შეფერხებასა და ამ გზით პოლიტიკურ ზეწოლაში დაადანაშაულა. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შვეიცარულ ბანკში პრობლემების შექმნით დასავლეთი, კერძოდ კი აშშ, ცდილობს ივანიშვილზე ზეწოლის მოხდენას, რათა საქართველო ომში ჩართოს რუსეთის წინააღმდეგ.
2023 წლის 26 იანვარს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პრესაში ვრცელი წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ეწერა, რომ ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში.
ივანიშვილის ადვოკატები აღნიშნავენ, რომ Credit Suisse-ის ტრასტები იყენებენ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომლითაც დეპუტატები აღმასრულებელ ორგანოებს ივანიშვილის სანქცირების რეკომენდაციას უწევდნენ.
14 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ დააწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილის, როგორც საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე პასუხისმგებელ პირის, წინააღმდეგ.