„საბჭოთა დღე“ - მოსკოვში გამოჩნდა ჯგუფი, რომელიც საბჭოთა სოციალისტურ კავშირს აცოცხლებს
„ნოვაია გაზეტას“ მასალების მიხედვით
მოსკოვის ერთ-ერთ მრავალსართულიან სახლში პარალელურ სამყაროში შესასვლელია – აქ არის სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს საპასპორტო სამსახური.
ამ ფანტასტიკური სტრუქტურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ვლადიმირ კლადინოვი ამბობს, რომ ეს მოქალაქეთა გაერთიანება „ქვეყნის აღორძინებისთვის“ იბრძვის და ის 2018 წლის თებერვალში შეიქმნა.
კლადინოვი – ყოფილი ბიზნესმენია. ის ეკონომისტ ვალენტინა რეუნოვას მაშინ შეუერთდა, როდესაც ამ უკანასკნელს პროვინციებში უკვე ჰყავდა, დაახლოებით, 200 მომხრე. ყველამ ერთად, რაღაც „პარტიული ჯგუფის“ მსგავსი ჩამოაყალიბა, რომელიც შემდეგ უმაღლეს საბჭოდ ტრანსფორმირდა.
რეუნოვა ერთხმად აირჩიეს თავმჯდომარედ, კლადინოვი პირველი მოადგილე გახდა. და ჯგუფმა დაიწყო მუშაობა „სსრკ-ის კანონიერ საზღვრებში დაბრუნებაზე“.
• ახალი ჰოლივუდური ფილმი რუსეთსა და უკრაინაში სხვადასხვა მიზეზით აკრძალეს
• სტალინის “დიდი ტერორი”. ყველაზე მარტივი კითხვები 1937 წელზე
„სსრკ-ის აღდგენა“ შემდეგ ნაბიჯებს მოიცავს (როგორც ეს უმაღლეს საბჭოს აქვს დეკლარირებული):
• რუსეთსა და სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში აირჩიონ სახალხო დეპუტატთა საბჭოები;
• ადამიანები დაუბრუნდნენ 1977 წლის კონსტიტუციის აღსრულებას, რომელიც „არავის გაუუქმებია“;
• თავიდან აიცილონ ინგლისის სამეფო კარის პრეტენზიები საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.
პარტიის წევრები დარწმუნებული არიან, რომ საბჭოთა კავშირის აღორძინება უკვე 2019 წელს შეიძლება მოხდეს.
უმაღლესი საბჭო ასევე იწყებს საბჭოთა პასპორტების დამზადებას, რისთვისაც მთელ რუსეთში ქმნის საპასპორტო განყოფილებებს. ასეთი პასპორტის დამზადება სამი ათასი რუბლი (დაახლოებით 46 დოლარი) ღირს.
ზუსტად ისეთი პასპორტი, როგორიც ამ ფოტოზეა გამოსახული, ჩაითვლება მომავალში საბჭოთა კავშირში ერთადერთ ლეგიტიმურ საბუთად:
უმაღლესი საბჭო პირობას დებს, რომ ამ „საბჭოთა სახელმწიფოს“ მოქალაქეები მდიდარ და ძლიერ იმპერიაში იცხოვრებენ. ამისათვის უკვე არსებობს ფული: 830 კვადრილიონი საბჭოთა რუბლი.
„ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტებმა მხოლოდ მესამე მცდელობით მოახერხეს გაეგოთ, როგორ გამოიყურება ეს „ფული“ – აღმოჩნდა, რომ ის „ელექტრონულია“.
საბჭო, „ჩეკა“ და დასახვრეტთა სიები
თითქმის ყველა „საბჭოთა მოქალაქეს“ შეუძლია გახდეს განახლებული კავშირის მინისტრი – რა თქმა უნდა, „კგბ“-ს შესაბამისი შემოწმების შემდეგ.
შტატები თითქმის დაკომპლექტებულია. ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ლარისა პაპუშა. სიცოცხლეში მისი უკანასკნელი ხელმოწერილი განაჩენი იყო პეტრო პოროშენკოსა და სხვა „ცრუ უკრაინელი“ ხელმძღვანელების დახვრეტის ბრძანება.
სსრკ 2.0-ში უკვე იყო გადატრიალების მცდელობა. უმაღლესი საბჭოს აქტივისტებმა, სვეტლანა ზორიამ და ლუბოვ კუდრიაშოვამ რეუნოვას პოსტიდან ჩამოგდება სცადეს, მაგრამ მარცხი იწვნიეს. რეუნოვა ამაში რუსეთის ხელისუფლების კვალს ხედავს.
გადატრიალების მცდელობისთვის აქტივისტებს 13-წლიანი პირობითი პატიმრობა შეუფარდეს (პირველ რიგში იმიტომ, რომ უმაღლეს საბჭოს ჯერჯერობით ციხე არ აქვს – მაგრამ ექნება).
ექსპერტების შეფასებები
რუსეთის მთელ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული ორგანიზაცია არსებობს, რომლებსაც, ამა თუ იმ ფორმით, სოციალისტური გიგანტის გაცოცხლება სურთ.
რუსი პოლიტოლოგი დმიტრი ორეშკინი ფიქრობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი – მზარდი იმედგაცრუებაა:
„პუტინის სისტემისადმი ბევრს უჩნდება უარყოფითი დამოკიდებულება და ცდილობენ, მას ალტერნატივა მოუძებნონ. საბჭოთა კავშირი – ერთ-ერთი მენტალური ალტერნატივაა“.