საქართველოში "ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა" დაფუძნდა
საქართველოში ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა დაფუძნდა
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ახალი მოძრაობა – “ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა” დაფუძნდა. ბრიფინგზე ადვოკატმა ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, რომ გვარამიას დაკავებით ხელისუფლებამ ეჭვქვეშ დააყენა ქვეყნის ევროპული მომავალი.
“სრულიად ნათელია, რომ გვარამიას პატიმრობა სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს, ვნებს ევროინტეგრაციის პროცესს და სცდება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს. დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად ნიკა გვარამიას თავისუფლებაზეც გადის. ამიტომაც ნიკა გვარამიას მეგობრებმა “რა სად როდის” თამაშიდან და მედია და მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ, რომ დავაფუძნოთ მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი იქნება ნიკა გვარამიას დროული გათავისუფლება საპატიმროდან და ეს ხელისუფლების ყველა შტოზე წნეხის გაზრდით, ქვეყნის გარეთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა შენგელიამ რუსთავში გამართულ ბრიფინგზე.
● “დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს, გათავისუფლდნენ სააკაშვილი და გვარამია” – EPP-ის რეზოლუცია
● რატომ დააპატიმრეს ნიკა გვარამია. მოკლედ საქმის არსი და შეფასებები
● გვარამიას საქმის მოსამართლე ამბობს, რომ აშშ-ს საელჩომ ანგარიში მოსთხოვა და პროგრამიდან მოხსნა
ქვეყნის ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ტელეკომპანიის, “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 2022 წლის 16 მაისს, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს, ხოლო 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო.
გვარამიას სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ეპიზოდზე, რომელშიც მას სამსახურებრივი მანქანის ოჯახის საჭიროებებისთვის გამოყენებას ედავებიან.
სააპელაციოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ამერიკის საელჩო და ღრმა შეშფოთებას გამოხატა. მათი განმარტებით, იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და “საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს – უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.”
დამოუკიდებელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები გვარამიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
გვარამიას დაკავებას გამოეხმაურა Amnesty International-ის აღმასრულებელი დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მარი სტრუტერსიც. მისი თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.