აშშ-ს საელჩო: გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ევროპულ მომავალს
აშშ-ს საელჩო
აშშ-ს საელჩო საქართველოში “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს.
“იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს – უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.
შეერთებული შტატების საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეზე. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ. შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ.
შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას, რაც აუცილებელია სტაბილური და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად და რაც ქართველი ხალხის მკაფიო სურვილია.” – წერია განცხადებაში.
● რატომ დააპატიმრეს ნიკა გვარამია. მოკლედ საქმის არსი და შეფასებები
● გვარამიას საქმის მოსამართლე ამბობს, რომ აშშ-ს საელჩომ ანგარიში მოსთხოვა და პროგრამიდან მოხსნა
● არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს! – საქართველოს პრეზიდენტის საპირისპირო განცხადებები
ქვეყნის ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ტელეკომპანიის, “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 16 მაისს, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.
მას სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ეპიზოდზე, რომელშიც მას სამსახურებრივი მანქანის ოჯახის საჭიროებებისთვის გამოყენებას ედავებიან.
დამოუკიდებელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები გვარამიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
გვარამიას დაკავებას გამოეხმაურა Amnesty International-ის აღმასრულებელი დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მარი სტრუტერსი და განაცხადა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.
მკაცრი შეფასება გააკეთა აშშ-ის საელჩომ. ის პროცესში “შერჩევით გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკას ხედავს, მიმართულს ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ”.