საქართველო: 7 ახალი შემთხვევა, სულ - 589. ინფიცირებულთა 12,7% ექიმი და ექთანია
ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
3 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 589 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 528 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 207 გამოჯანმრთელდა და 8 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
covid-19 დაუდასტურდა მარნეულის სასწრაფოს 9 და ყვარლის სასწრაფოს 1 თანამშრომელს.
ყვარლის სასწრაფოს თანამშრომლის ინფიცირება კორონავირუსის პირველი შემთხვევაა კახეთში. ეპიდემიოლოგები ინფიცირებული მედიკოსის კონტაქტების სიას ადგენენ. ამ დრომდე მოკვლეულია 70-მდე კონტაქტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსით საქართველოში დაინფიცირებულია 72 ექიმი და ექთანი:
„საქართველოში სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით ინფიცირების 72 შემთხვევა გვაქვს, რაც დაახლოებით 12.7%-ს შეადგენს. ეს არც ცოტაა და არც ძალიან ბევრი, დაახლოებით საშუალო მაჩვენებელზე ვართ საერთაშორისო მაჩვენებლის“, – ამბობს გამყრელიძე.
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა: ვინ რა დახმარებას მიიღებს
საქართველო: რა ბედი ელის ტურიზმს?
როგორ მოიხსნება შეზღუდვები – მთავრობის გეგმა
მისივე განმარტებით, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 19% მედპერსონალი იყო, საფრანგეთში – 15%, ხოლო ფილიპინებში – 20%.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოსაზრებას არ ეთანხმება ევროპული საქართველოს წევრი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი. ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ
„საერთო მონაცემში 72 ექიმი და ექთანი ძალიან საგანგაშო მაჩვენებელია.“
მისი აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი მედპერსონალის რეგულარული ტრენინგია – საავადმყოფოებში პაციენტთა ნაკადი ისე უნდა მართონ, რომ ინფექციის გავრცელება გამოირიცხოს.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.