24 საათიანი ულტიმატუმი ხელისუფლებას: ოპოზიცია ფართომასშტაბიანი აქციებისთვის ემზადება
6 ნოემბერს რუსთავის ციხესთან ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, რომლის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა იყო. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ხელისუფლებას 24 საათიანი ულტიმატუმი წაუყენა და ორშაბათს, 8 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე მრავალათასიანი აქცია დააანონსა.
“ამ წუთიდან 24 საათი აქვს ვადა ბიძინა ივანიშვილს, სხვადასხვა წყაროთი შეგვატყობინოს, რომ მათ მიიღეს მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება. თუ ამას არ გააკეთებენ, აქ ვინც ვართ და 20-ჯერ და 30-ჯერ მეტი, მთელი საქართველო, თავისუფლების მოედანზე ორშაბათს. დანარჩენი, თუ რას ვაპირებთ და რა არის მოთხოვნა, თავისუფლების მოედანზე 8 საათზე გაცნობებთ”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ნიკა მელიამ.
დღესვე რუსთავის ციხესთან მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, აქტივისტებმა კარვები გაშალეს და ღამის გათენებას ციხესთან აპირებენ. აქციაზე აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც იყო. შედეგად, დაახლოებით 5 პირია დაკავებული.
აქციაზე მოხდა ტრაგიკული შემთხვევა. საპროტესტო აქციის დაწყებამდე კაცი შეუძლოდ გახდა, სასწრაფოს მოსვლის შემდეგ კი გარდაიცვალა. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე წერს, რომ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. მისი თქმით, სასწრაფო დახმარება 40 წუთის განმავლობაში ვერ მივიდა ადგილზე.
რა მოხდა მანამდე
აქციამდე ცოტა ხნით ადრე, პენიტენციურმა სამსახურმა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის კვებაზე შთაბეჭდილების შესაქმნელად ფოტო და ვიდეო მასალა გამოაქვეყნა.
კადრების გასაჯაროებას წინ უსწრებდა სახალხო დამცველის განცხადება, რომელიც სააკაშვილის უწყვეტად შიმშილობას ადასტურებს.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ რუსთავის ციხეში ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი 30 ოქტომბრიდან ციხის სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს.
ნინო ლომჯარიას თქმით, ამ პროდუქტს მას სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, ის ვერ შეფასდება, როგორც საკვები, ხოლო მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.
“პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილ სამედიცინო ფორმებში არ არის მითითება პაციენტის მიერ საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში”, – წერს ომბუდსმენი.
პენიტენციურმა სამსახურის გასაჯაროებულ კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმის ოთახშია და იქ მყოფი სამედიცინო პერსონალის მიერ მიწოდებულ საკვებ დანამატებს იღებს. თავად სამსახურმა კადრების საჯაროდ გამოტანის მოტივად “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი” დაასახელა.
კადრების გასაჯაროების შემდეგ, ექსპრეზიდენტმა უარი განაცხადა ყველანაირი წვენის, გლუკოზისა და ელექტროლიტების, მედიკამენტებისა და მკურნალობის ნაწილის მიღებაზე, ასევე რიგი გამოკვლევების ჩატარებაზე.
სახალხო დამცველის კიდევ ერთ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი შინაარსის კადრების და არასწორი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტული პირის, არამედ ყველა პატიმრის უფლებრივ მდგომარეობას.
კადრებს გამოეხმაურა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც. უწყების განმარტებით, არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.
“თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, სადაც იგი იმყოფება და ვისგანაც იღებს სამედიცინო მომსახურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”, – წერია ინსპექტორის განცხადებაში.
● თითქმის ერთი თვეა სააკაშვილი შიმშილობს. რა ელის და რა ვიცით მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
● ტრუსკავეციდან “უმაღლესი დონის” სპეცოპერაციამდე. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია – რა იქნება შემდეგ?
● რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი და იქნება თუ არა ქართული მაიდანი – გია ნოდიას თვალსაზრისი
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც იგი ფარულად დაბრუნდა სამშობლოში.
მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ორ საქმეზე იგი მსჯავრდებულია, ორ საქმეზე კი ბრალდებული.
ძებნილის სტატუსის მქონე ექს-პრეზიდენტი დაკავებისთანავე რუსთავის N12 საპყრობილეში გადაიყვანეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო.
ადვოკატები ითხოვენ, რომ მოშიმშილე პრეზიდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. სასჯელაღსრულების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ექს-პრეზიდენტს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით, ციხის საავადმყოფოში არც მკურნალობისთვის საჭირო აღჭურვილობა არსებობს და არც უსაფრთხო გარემო ყოფილი პრეზიდენტისთვის, რომელსაც ბევრი მტერი ჰყავს დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლებს შორის.
ციხის საავადმყოფოში გადასვლას არც თავად სააკაშვილი თანხმდება. ამ დრომდე, იგი კატეგორიულ უარს ამბობს შიმშილობის შეწყვეტაზეც.